როგორ აყალბებენ კოვიდ პასპორტებსა და პისიარის ცნობებს?! – “ასეთი ყალბი სერტიფიკატებით რამდენი შემოვა, კაციშვილი არ არის მაგის შემმოწმებელი!”

30 Jun 2021 12:22

„ალიას“ ესაუბრება, მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი გიორგი კავკასიძე


-მოიხსნა ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება. ზოგი თვლის, რომ დროული იყო ამ შეზღუდვის მოხსნა, ზოგი ამბობს, რომ დაგვიანებულია და ადრეც უნდა მოეხსნათ, არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მაშინაც არ ეკეთათ ქუჩაში პირბადე, როცა კანონი ავალდებულებდათ და არის კიდევ ერთი ნაწილი, ვინც ამბობს, რომ პირბადის ტარების წესი კი უნდა შეცვლილიყო ღია სივრცეში, მაგრამ არა დიდი შეკრებების დროს, მაგალითად, 500 კაციანი შეკრებისას. თქვენ რას ფიქრობთ?


-პირბადე რომ ძნელი ასატანია ზაფხულში, ფაქტია, მაგრამ, თუ იხსნება პირბადის ტარების ვალდებულება, საჭიროა ხალხის გაფრთხილება, უნდა ვუთხრათ, რომ უნდა დაიცვან მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია. კოვიდი არსად წასულა, აქ არის და ახალი შემთხვევებიც გვაქვს. მოგეხსენებათ, კოვიდი წვეთოვანი  გზით გადაეცემა. ცხელ და მშრალ გარემოში სითხე, რომლშიც ვირუსი ბუდობს,  სწრაფად შრება და ვირუსი კვდება.ადრე, სიცხეების დადგომამდე ვსაუბრობდით 2 მეტრიან დისტანციაზე, ზაფხულში, სიცხეში, მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა აუცილებელია,  ამიტომ  გინდა 500 ადამიანი შეიკრიბოს, დაიცვან 1 მეტრიანი დისტანცია და პრობლემა არ იქნება.


-გერმანიამ, პრევენციის მინით, რუსეთიდან აკრძალა ტურისტების მიღება, თვლის, რომ ასე დაიცავს ქვეყანას, რუსეთიდან, ინდური შტამის მასიურად შეტანისგან. საქართველოს არ აქვს ეს საფრთხე?

-გერმანიას აქვს ამის ეკონომიკური და პოლიტიკური რესურსი, რომ აკრძალოს რუსეთიდან ტურისტების შემოსვლა. 

ჩვენ რომ იგივე გავაკეთოთ, ტურისტული სექტორი უზარმაზარ დარტყმას მიიღებს. მეორე ჩვენ ძალიან დამოკიდებული გავხდით რუსეთის ბაზარზე. ამიტომ რუსეთმა შეიძლება ემბარგო დაადოს ჩვენ პროდუქციას – ხილს, ბოსტნეულს და ა.შ., რაც ასევე დააზარალებს ჩვენ ეკონომიკას. 

გერმანიამ იმიტომ აკრძალა  რუსი ტურისტების შესვლა, რომ რეალურია საშიშროება რუსეთიდან ინდური შტამის მასიურად შეტანის. საქართველოში იგივე რისკებია, მაგრამ ჩვენ იგივეს გაკეთება არ შეგვიძლია.


ახლა, როცა სეზონია ხილის და ბოზტნეულის, პირდაპირ ვართ დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე. რისკები რომ მაღალია, ფაქტია. 

მეორეა, უფრო მეტი და მეტი საუბრობს იმაზე, რომ რუსეთიდან ვაქცინაციის და პისიარის ყალბი ცნობებით შემოდიან. მე არ მინახავს, მაგრამ ამბობენ.


ახლა გეტყვით მე რა ვნახე – მე ვნახე საქართველოდან, ჩემი ლაბორატორიის (ლაბუნოს სამედიცინო ცენტრი) გაყალბებული ცნობა გერმანიაში! ბერლინის აეროპორტის პოლიციამ  გამოგზავნა სერტიფიკატები, რომლებიც თითქოსდა ჩემი ლაბორატორიის მიერ იყო გაცემული. მკითხა, ეს საბუთი ყალბი იყო, თუ ნამდვილი – ვუპასუხე, რომ ყალბია! 

ასეთი ყალბი სერტიფიკატებით რამდენი შემოვა სხვა ქვეყნიდან, კაციშვილი არ არის მაგის შემმოწმებელი. ჩემი ლაბორატორიის გაცემული სერტიფიკატის შემოწმება შესაძლებელია, ალბათ, სწორედ ამის გამო შეიტანეს გერმანელებმაც ეჭვი, ჩვენ ყველა სერტიფიკატს აქვს თავისი უნიკალური QR (სწრაფის პასუხის) კოდი რომლის შემოწმება ინტერნეტში ჩართული ტელეფონითაც შესაძლებელია, გაჩვენებს, როდის დამზადდა, ვინ დაამზადა და ა.შ.


-საქართველოში გაცემულ ყველა სერტიფიკატს აქვს QR -კოდი?

-რამდენადაც მე ვიცი, აცრის სერტიფიკატებს, კი. მე სამი კვირის წინ გავიკეთე აცრის მეორე დოზა და ამ დღეებში ვაპირებ სერტიფიკატის აღებას, ვნახავ, ექნება QR-კოდი თუ არა და თუ ექნება, რამდენად მუშაობს.


-მეორე ამბავია, რამდენად არის მზად მესაზღვრე და პატრული, უცხოეთის მიერ გაცემული სერტიფიკატების QR-კოდბი  შეამოწმოს და საეჭვო შემთხვევებში, გამცემ ორგანოს დაუკავშირდეს სხვა ქვეყანაში.

-კი, ეგ მეორე ამბავია. შესაძლოა, ვიღაც უყურებს და ვერც კი ხვდება რა არის ეს QR-კოდი და რისთვის არის, არც ეგაა გამორიცხული. რუსეთიდან ბევრი შემოვა, ბევრს ექნება სერტიფიკატი, დაცვის მექანიზმი აქვს თუ არა, არ ვიცით, ვინ იქნება შემმოწმებელი, არ ვიცით, ასე რომ, რისკები არის ძალიან მაღალი. ასევე, რისკებზე საუბრისას, უნდა ვთქვა ისიც, რომ დახურულ სივრცეშიც აღარ უკეთიათ ადამიანებს უკვე პირბადე. ესეც, რაც პირადად ვნახე, იმას გეუბნებით. აქა-იქ, ვინმეს ეკეთოს პირბადე. არც ამას ამოწმებს არავინ.




კომენტარები:

ფართი შოპი