სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები პირველ ივლისს ამოქმედდება

30 Jun 2021 16:01

ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე პროდუქტის შესაბამისობის შეფასებასა და დოკუმენტაციის შედგენას, რომელიც ადასტურებს სათამაშოს უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას (იგულისხმება სათამაშოების როგორც ქიმიური შემადგენლობა, ისე ფიზიკური მახასიათებლები – რამდენად ბასრია სათამაშო, მცირე ზომისაა და ა.შ.). ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ერთ-ერთი ცვლილებით, იმპორტიორი ვალდებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით შემოსავლების სამსახურსა და სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება“.


ტექნიკურ რეგლამენტს ასევე დაემატა მეორეული სათამაშოების განსაზღვრება. აღნიშნულ სათამაშოებზე სავალდებულო არის მეორეულობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო დოკუმენტის წარმოდგენა. მეორეული სათამაშოს იმპორტიორი ვალდებულია აწარმოოს მონაცემთა ბაზა, რომელიც შესაძლებელს გახდის თითოეული მეორეული სათამაშოს იდენტიფიცირებას. ასევე პროდუქტზე დაიტანოს მეორეული სათამაშოს სასაქონლო პარტიის ნომერი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) თარიღი, ასევე საკუთარი დასახელება და მისამართი.


სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობა ითვალისწინებს დოკუმენტურ, ასევე ვიზუალურ და ლაბორატორიულ შემოწმებას. დოკუმენტური შემოწმებისას გამყიდველი ვალდებულია, წარმოადგინოს სათამაშოს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი; მწარმოებლის სახელი, სავაჭრო ნიშანი და სახელი და მისამართი, დაკმაყოფილებული სტანდარტების შესახებ მითითებები, წარმოებისას ხარისხის კონტროლში მონაწილე შემფასებელი ორგანოს (მესამე პირი) აღწერა, მოხმარებისას/თამაშისას უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქციები, ტექნიკური დოკუმენტაცია: (მასალების ჩამონათვალი, ხარისხის დაცვის სისტემური შემოწმების და გამოცდების შედეგები), მიკვლევადობის ინფორმაცია, გამაფრთხილებელი მითითებები და ნიშნები.


დოკუმენტური შემოწმების გარდა, მიღებული ინფორმაციის ან რისკის ანალიზის საფუძველზე ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ხორციელდება ვიზუალური და ლაბორატორიული ექსპერტიზაც.


უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში განხორციელდება აღსრულებითი ზომები, რომელთა სიმკაცრე დამოკიდებულია აღმოჩენილი შეუსაბამობით გამოწვეული პოტენციურ საფრთხის ზომაზე და მოიცავს სხვადასხვა სანქციებს, მათ შორის მითითებას, რეალიზაციის შეჩერებას, პროდუქტის ამოღებას, გამოთხოვას, ასევე განადგურებას იმ შემთხვევებში, თუ სათამაშო შეიცავს საშიშ ქიმიურ მინარევებს.


1tv.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი