გიორგი ვოლსკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანდაცვაზე: „ინტელექტუალური რესურსის გაერთიანებით შეიძლება გაცილებით უკეთესი მდგომარეობის მიღება. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“

30 Jun 2021 19:13

 ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და დევნილობაში მყოფი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობაზე იმსჯელეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე.

 

საკითხზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალდანიშნულმა მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ადმინისტრაციის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა თამაზ ბესტაევმა. მომხსენებლებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობის შესახებ, რეფერალური დახმარების პროგრამის შესრულების საკითხზე და დევნილებისათვის გაწეულ სამედიცინო დახმარებების შესახებ. ყურადღება გაამახვილეს ასევე იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც კვლავაც რჩება უწყებების საქმიანობაში.


განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა. 


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია „მეტი ჩართულობა“-ის სახელით კი  ელიკო ბენდელიანმა სხდომის მონაწილეებს ჩატარებული კვლევების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

 

სხდომის მუშაობაში კანონმდებლებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

„ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული სამი მიმართულებით -  თვითონ დევნილებისათვის, გალის რაიონში მცხოვრებთათვის და რეფერალური დახმარების პროგრამის კუთხით, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ ადამიანებს ეხმარება, რათა ჯანდაცვის სერვისები მიიღოს. მაგრამ არსებობს პრობლემებიც. მთავარი საკითხი, რაც დღეს დავინახეთ, არის კომუნიკაციის ნაკლებობა - დეფიციტია კომუნიკაციისა იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც საკმაოდ სერიოზული საქმეებიც გააკეთეს უკვე და ვფიქრობ, რომ ინტელექტუალური რესურსის გაერთიანებით შეიძლება გაცილებით უკეთესი მდგომარეობის მიღება. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.





კომენტარები:

ფართი შოპი