ივანე ჩხაიძე - ვაქცინა პური არ არის, იყიდო და მოიტანო, დღეს ყველა ღარიბი ქვეყანა ვაქცინების უკმარისობას განიცდის - თუ წლის ბოლოს 60% ვაქცინირებული არ იქნება, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ პროცესი ჩავარდა

30 Jun 2021 22:37

ვაქცინა არ არის პური, წახვიდე, იყიდო და მოიტანო, ძალიან ბევრი ამას ასე უყურებს - ჩადე ჩემოდანში ფული, წადი, იყიდე და დამთავრდა ყველაფერი, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.


როგორც ის განმარტავს, ამ ეტაპისთვის ვაქცინების მომარაგებაში დაბრკოლებაა, თუმცა, ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ საქართველო არ არის.


„2021 წლის ბოლოს 60% თუ არ გვექნება ვაქცინირებული, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ ჩავარდა. იცით რატომ მაქვს იმედი? ორი რამ მაძლევს ამის უფლებას, პირველი, მოსახლეობის ძალიან დიდი სურვილი და მოლოდინი, უფრო მეტი, ვიდრე გვეგონა, რომ მათ ვაქცინის გაკეთება უნდათ. თუმცა, აქ ნაკლებად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვფიქრობ, მოსახლეობის მინიმუმ, 20-30% გვყავს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, გაიკეთოს თუ არა ვაქცინა. 20%, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთებს, ამათთან მუშაობას აზრი არ აქვს, 30-40% იყო თავიდან, რომელმაც პირველივე დღიდან განაცხადა, რომ ელოდება ვაქცინას და გაიკეთებს. გვრჩება მერყევი მოსახლეობა, ამ მერყევ მოსახლეობას დღევანდელი სიტუაცია ხელს უშლის... პირადად ვიცი ბევრი ექიმი, მათ შორის, ჩვენს კლინიკაში, რომელიც არ იკეთებს აცრას არა იმიტომ, რომ არ უნდა, არამედ, ელოდება „ფაიზერს“. „ფაიზერის“ მოლოდინი არის დროში გაწელილი.


ვაქცინა არ არის პური, წახვიდე, იყიდო და მოიტანო, ძალიან ბევრი ამას ასე უყურებს - ჩადე ჩემოდანში ფული, წადი, იყიდე და დამთავრდა ყველაფერი. არ არის ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა, დღეს, ყველა ღარიბი ქვეყანა განიცდის ვაქცინების უკმარისობას. ჩვენთვის ყველაზე მთავარი გადამწყვეტი იქნება ივლისი, აგვისტო, სექტემბერი“, - განაცხადა ჩხაიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი