დედასი თუ მამასი? - ვის უფრო ემსგავსება ბავშვი გარეგნულად, ჯანმრთელობით და სიცოცხლის ხანგრძლივობით

01 Jul 2021 00:22

ხშირად ვსაუბრობთ გენებზე, რომლებიც კავშირშია ჯანმრთელობასთან, გარეგნობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობასთანაც კი. ბავშვი მემკვიდრეობით ორივე მშობლისგან იღებს გარკვეულ ნიშნებსა თუ ხასიათის თვისებებს. თუმცა, დომინანტი ნიშნებიც არსებობს.


მამის მხარე

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მკვლევრები თვლიან, რომ ნებისმიერი ძუძუმწოვარი, მათ შორის ადამიანები, უფრო ჰგვანან მამას, ვიდრე დედას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მშობელი თანაბარი რაოდენობის გენებს გადასცემს შვილს, ორგანიზმის ფორმირებასა და განვითარებაზე მამის გენები უფრო დიდ გავლენას ახდენს. მეცნიერები ამ დასკვნამდე თაგვების გენომის შესწავლით მივიდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ 80%-ში მამაკაცის ხაზია დომინანტური. მეცნიერების მტკიცებით, იგივე შეიძლებაითქვას ადამიანებზე.


სიცოცხლის ხანგრძლივობა

გერმანელი მკვლევარების აზრით, ბავშვის სიცოცხლის ხანგრძლივობა მამის დნმ-ზე უფროა დამოკიდებული. ფაქტია, რომ ასაკის მატებასთან ერთად, შესაძლოა ნებისმიერ ადამიანში შეიცვალოს გენების მუშობა სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგალითად, სტრესი, შიმშილი, რადიაცია, რომლის შედეგადაც ზოგიერთი გენი უფრო აქტიურდება, ზოგი კი საერთოდ დუმდება. სიცოცხლის ხანგრძლივობის განსაზღვრისას კი მამის ფაქტორი უფრო ძლიერია.


მეცნიერები თაგვების ორ ჯგუფს დააკვირდნენ. ერთი ნაწილი ახალგაზრდა მამისგან გაჩნდა, მეორე კი - ასაკოვანი. პირველი ჯგუფი უფრო ნელა დაბერდა და ორი თვით გვიან გარდაიცვალა, ვიდრე ასაკოვანი მამისგან გაჩენილი თაგვები. მეცნიერები ამბობენ, რომ იგივე კანონზომიერება შეინიშნება ყველა ძუძუმწოვარში, მათ შორის, ადამიანებშიც. თუმცა, ამერიკელი მეცნიერები საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი განცხადებით, ასაკოვანი მამის სპერმით ჩასახული ბავშვები უფრო დიდხანს ცხოვრობენ. ორითაობის ათასზე მეტი ადამიანის დნმ გამოიკვლიეს. ტელომერები - ქრომოსომების დამაბოლოვებელი უბნები, უფრო გრძელი იყო გვიან დაბადებულ ბავშვებში, ვიდრე მათ უფროს დებსა და ძმებში. კვლევის თანახმად, რაც უფრო გრძელია ტელომერები, უფრო დიდხანს ცოცხლობს ადამიანი.


გულის დაავადებები და მამის ფაქტორი

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მემკვიდრეობით შვილებმა შესაძლოა მამისგან მიიღონ, თუმცა მხოლოდ ვაჟებმა. საქმე ისაა, რომ ინფარქტსა და ინსულტზე მიდრეკილი გენები, სავარაუდოდ, Y ქრომოსომაზეა განლაგებული. გარდა ამისა, მამას შეუძლია შიზოფრენიისკენ მიდრეკილება ორივე სქესის შვილს გადასცეს. რაც უფრო უფროსია მშობელი, მით მეტია რისკი. 87 ათასზე მეტი ადამიანის ანალიზებმა აჩვენა: მათ შორის, რომელთა მამაც ჩასახვისას 50 წელზე მეტის იყო, სამჯერ უფრო მაღალი იყო შიზოფრენიის მაჩვენებელი.


დედის მხარე

ფინელი მეცნიერების თქმით, ადამიანის სიმაღლის თითქმის 75% მშობლების სიმაღლეზეა დამოკიდებული. ავსტრალიელი მეცნიერები 80%-საც კი ამბობენ. თუმცა, ბრიტანელი მკვლევარების განცხადებით, მაღალ მამებს უფრო მაღალი შვილები უჩნდებათ. მათივე თქმით, მამის ასაკსაც მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო ასაკიანია მამა, მით უფრო მაღალი იქნება ბავშვი.


ჭარბი წონის ან პირიქით, სიგამხდრისკენ მიდრეკილება ბავშვს მემკვიდრეობით გადაეცემა როგორც მამისგან, ასევე დედისგან. მაგრამ, მშობიარობისას წონა დამოკიდებულია არა დნმ-ზე, არამედ დედის რეჟიმზე, დიეტასა და კვებაზე. გარდა ამისა, ქალის გენომში არის უბნები, რომლებიც უფრო აქტიური შთამომავლობის დნმ-შია. საუბარი მერვე ქრომოსომაზეა. ისლანდიელმა მკვლევარებმა "მამის-დედის-შვილის“ გენომი გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ ბავშვებს ქალისგან უფრო ხშირად აქვთ მუტაციები მიღებული.


mshoblebi.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი