ლევან დავითაშვილი: „საქართველო სრულად იქნება მექანიზირებული და აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით“

01 Jul 2021 18:11

„გარემოს დაცვა და სოფლის  განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა მექანიზაციის განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.


„კონკრეტული ფართობების და სიმძლავრეების მიხედვით, გაანალიზებული გვქვს, თუ  რა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაცია და დამხმარე იმპლემენტები არის საჭირო. რეგიონებში შეხვედრის დროს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით მხარდაჭერის საკითხი აქტიურად ისმის. შესაბამისად, 10 წლის განმავლობაში, სახელმწიფო მოახდენს თანადაფინანსებას და განახორციელებს ინვესტიციას სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაში, რაც გულისხმობს, რომ საქართველო სრულად იქნება მექანიზირებული და აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდება და შემუშავდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მიზნობრივი პროგრამები, რაც გულისხმობს ყველა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას; 10-წლიანი გეგმის ფარგლებში,  დაგეგმილია  1,7 მილიარდი ლარის ინვესტირება, საიდანაც  სახელმწიფოს თანამონაწილეობა  700 მლნ ლარია.


დღეის მდგომარეობით, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში, 900 ბენეფიციარმა შეიძინა ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტები, თანადაფინანსების თანხამ  28 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.


შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და იმპლემენტების შესაძენად ჯამში, გაცემულია 124 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ორი ათასზე მეტი სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 12 მლნ ლარს აღემატება.


                                                   


კომენტარები:

ფართი შოპი