გიგი უგულავა - პროკურატურამ გრენლანდია აღმოაჩინა - მოიყვანა ექსპერტები, რომლებმაც თქვეს, რომ ჩემი მუშტი არის ბლაგვი საგანი და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მივაყენე ძიუდოისტს

02 Jul 2021 19:48

დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ გრენლანდია აღმოაჩინა - მოიყვანა ექსპერტები, რომლებმაც თქვეს, რომ ჩემი მუშტი არის ბლაგვი საგანი და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მივაყენე ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ თბილისსი საქალაქო სასამართლოში მიმდინრაე პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.


უგულავას თქმით, გაუგებარია რატომ არ ამოიღო ბრალდების მხარემ აეროპორტის კამერის ჩანაწერები, რომლის გამოკვლევის შედეგადაც სიმართლე დადგინდება.


,,კითხვა, რომელიც ლეგიტიმურად პასუხგაუცემელია არის ძალიან მარტივი, მასზე პასუხი არ აქვს არავის გარდა მოგონილი ზღაპრებისა. ამდენი ექსპერტიზა ჩანიშნეს, ამდენი ხალხი აწვალეს და არ ამოიღეს კამერები, რომელიც აეროპორტში იყო. არ უნდათ ამ კამერების ამოღება, იმიტომ, რომ ამით სიმართლე დადგინდება. ეს არის სისტემური დანაშაული, რომლის უკანაც დგას სახელმწიფო ორგანოები. ჩემთვის წარდგენილი მუხლი აბსოლუტურად არაადეკვატურია, მატენიან მე, რომ ძიუდოისტს ცხვირპირი დავუნაყე. ასეთი აბსურდულია ივანიშვილის სამართალი და მისი სასამართლო. ეს არის პირადად ივანიშვილის შურისძიება და ეს გაუბედურებელი „ზონდერები“ გამოიყენა, რომ თავისი კაეშანი გაექარვებინა.


ძალიან უნდათ, რომ გავაშელიშვილი დაკითხონ დისტანციურად. წინა პროცესზე კახეთში, ბუჩქებში იყო ჩამალული და იქიდან ლუღლუღებდა. ჩემი მკაფიო მოთხოვნაა - მოიყვანეთ ეს კაცი სასამართლოზე და ჩახედოს სასამართლოს თვალებში. მეც მექნება შესაძლებლობა კითხვები დავუსვა ადამიანს, რომელიც ამ ამბის შემდეგ ხუთჯერ გამდიდრდა, კარიერები აჩუქეს, ფულს აკეთებს. ეს არის ორგანიზებული დანაშაული და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.


ცნობისთვის, აღნიშნული შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.





კომენტარები:

ფართი შოპი