„ადამიანის ზიზღი სამარცხვინოა, მოსაწყენი იქნება, ყველა ერთნაირი რომ ვიყოთ“- ირმა სოხაძე

02 Jul 2021 21:27

მომღერალი ირმა სოხაძე აცხადებს რომ განსხვავებულის მიმართ მიმღებლობა და პატივისცემა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


როგორც მომღერალმა გადაცემა კომენტარში განაცხადა, შეუძლებელი და წარმოუდგენელია, ყველა იყოს ერთნაირი შეხედულებების.


„ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ყველა ჩემნაირი არ შეიძლება იყოს - მოსაწყენი იქნება, ყველა ერთნაირი რომ ვიყოთ. განსხვავებულის პატივისცემა, მიღება და მიმღებლობა კი არა, პატივისცემა - ბევრი მათგანი ჩვენზე ნიჭიერია, განათლებულია - რას ნიშნავს, არ მივიღოთ? მინდა ვთხოვო უმრავლესობას, ვიყოთ უფრო ლაღები, თავისუფლები, ნუ ვიძაბებით, ნუ ვძალადობთ. ნუ ვესვრით ნურავის ნურც კვერცხს, ნურც პომიდორს და, მით უმეტეს, ტყვიასა და ქვას. ის ასეთია, ჩვენ ასეთი ვართ - ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ერთმანეთს ტაბურეტებით და ქვებით ვსდიოთ“, - ამბობს მომღერალი.


მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ლგბტქ თემის წარმომადგენლები და აქტივისტები ითხოვენ გამოხატვის თავისუფლებას და მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ეს ვინმესთვის მიუღებელი იყოს.


როგორც ირმა სოხაძე ამბობს, უკიდურესი პოლარიზაცია და ადამიანებს შორის არსებული ნეგატიური დამოკიდებულებაა საშიში.


„რას ითხოვს ეს ხალხი ისეთს, რომ გვეზიზღება - რატომ გვეზიზღება ადამიანი, რომელსაც ჩვენთვის არაფერი დაუშავებია; უბრალოდ ასეთია და უნდა ამაზე გამოთქვას აზრი ლაღად, მე მგონია, ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არ დაარღვევენ, არაფერს მიუღებელს, აღმაშფოთებელს და შეურაცხმყოფელს არ გააკეთებენ - მართლა ვერ ვხვდები. სტატუსებს ვკითხულობ, კომენტარებს ვკითხულობ და მეშინია ამ აგრესიის.“, - ამბობს ირმა სოხაძე.


ცნობისთვის, პრაიდის კვირეული თბილისში პირველ ივლისს დაიწყო. 1 ივლისს საღამოს გაიმართა პირველი ღონისძიებაც - დოკუმენტური ფილმის ჩვენება.


ტერიტორიაზე ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების გამო პოლიციას ცოცხალი კორდონი ჰქონდა მოწყობილი. ღონისძიების მონაწილეთა ნაწილმა ტერიტორია საკუთარი ავტომობილებით დატოვა, ნაწილი კი პოლიციამ მიკროავტობუსებით გაიყვანა. მათ ძალადობრივმა ჯგუფებმა ქვები და კვერცხები ესროლეს.


ღონისძიება სამართალდამცველების დახმარებით დატოვეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.


ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, „ღირსების მარში“ პრაიდის კვირეულის ფარგლებში 5 ივლისს გაიმართება.




კომენტარები:

ფართი შოპი