5 ივლისს, 17 სთ-ზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმ.გიორგის ტაძართან - საპატრიარქო მოსახლეობას მიმართავს

03 Jul 2021 18:25

1 ივლისიდან საქართველოში „თბილისი პარიდის“ კვირეული დაიწყო. ამ დღეების განმავლობაში ლგბტ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები სხვა და სხვა ფორმითა ითხოვენ, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება თანაბრად იყოს დაცული.


მათ მოთხოვნას საპატრიარქო და საზოგადოების გარკვეულ ჯგუფები გარყვნილების პროპაგანდას უწოდებენ და აცხადებენ რომ 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებას ხელს შეუშლიან.


საქართველოს საპატრიარქომ ახლახან კიდევ ერთხელ გაავრცელა განცხადება და მოქალაქეებს მიმდინარე პროცესებზე პროტესტის მშვიდად დაფიქსირება სთხოვა.


„საქართველოს საპატრიარქომ „თბილისი-პრაიდის“ ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა, რათა, ქვეყნის სტაბილურობისა და სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, თავი შეეკავებინათ ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების მხარდაჭერისგან.


იმედი გვქონდა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის არჩევანს არ უგულვებელყოფდნენ, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ზეწოლაც ხორციელდება ქვეყანაში.


ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა.


ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ. „პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას; ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს.


ყოველივე ამაზე კი, პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ.


მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი, და არ ავყვეთ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას.


ა.წ. 5 ივლისს, 17 სთ-ზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმ.გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია.“




კომენტარები:

ფართი შოპი