გიორგი ამილახვარი ანა ნაცვლიშვილის განცხადებაზე - უკიდურესად საშიში, პირდაპირი მუქარა და ჩარევის მცდელობა კონსტიტუციით განსაზღვრულ დამოუკიდებელ შტოზე - სასამართლოზე

03 Jul 2021 20:25

„უკიდურესად საშიში, პირდაპირი მუქარა და ჩარევის მცდელობა კონსტიტუციით განსაზღვრულ დამოუკიდებელ შტოზე - სასამართლოზე“, - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი პარტია „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქირურგიული ჩარევის და მოსამართლეთა უდიდესი ნაწილის სახლში გაშვების გარეშე, არანაირი ნომინალური რეფორმა არ იქნება დაკმაყოფილებული”. 


გიორგი ამილახვარი იმედოვნებს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველი სწორ პასუხს გასცემს ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლის ამოცანაა, ქირურგიული ჩარევით დაშალონ და გაანადგურონ ხელისუფლების შტოები.


მისივე თქმით, ანა ნაცვლიშვილმა უნდა განმარტოს, რას გულისხმობს ქირურგიულ ჩარევაში.


„ეს არის უკიდურესად საშიში განცხადება, მნიშვნელოვანია, ამ ქალბატონმა კიდევ ერთხელ განმარტოს დეტალურად, თუ რას გულისხმობს ქირურგიულ ჩარევაში. ეს არის არა მხოლოდ არადემოკრატიული განცხადება, არამედ პირდაპირ მუქარა და ჩარევის მცდელობა კონსტიტუციით განსაზღვრულ დამოუკიდებელ შტოზე - სასამართლოზე, რომ იმ პირობით, თუ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში, დაშლიან და სახლში გაუშვებენ მოსამართლეებს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, სწორად შეაფასონ ეს განცხადებები. დიდი იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ამომრჩეველი სწორ პასუხს გასცემს ისეთ ქმედებებს და ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლის ამოცანაა, ქირურგიული ჩარევით დაშალონ და გაანადგურონ ხელისუფლების შტოები“, - აცხადებს გიორგი ამილახვარი.




კომენტარები:

ფართი შოპი