ნათია თურნავა - ჩვენი ტურისტული ინდუსტრია ძალიან მაღალი ტემპებით აღდგება და ავიაციაც კვლავ რეკორდულ ნიშნულებზე იქნება

04 Jul 2021 17:11

გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Eurowings დუსელდორფი - თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა.


გერმანიიდან ჩამოსულ 171 მგზავრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, მისი მოადგილე, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები და "ტავ ჯორჯიას" ხელმძღვანელობა დახვდნენ.


როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ვინაიდან, აღნიშნული კომპანია არის დაბალბიუჯეტიანი ეს საკმაოდ მიმზიდველს და ხელმისაწვდომს გახდის მოქალაქეებისთვის.


თურნავამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ტურიზმის აღდგენა ძალიან კარგად მიმდინარეობს.


"დღეს ჩვენ დავხვდით პირველ რეისს. მართალია, მოლაპარაკება ამ ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე ჩამოყვანაზე ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება ფრენების შესახებ მიიღო სწორედ პანდემიის დროს, პანდემიის მიუხედავად. ეს არის ჩვენთვის ძალიან ძლიერი გზავნილი, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია ძალიან მაღალი ტემპებით აღდგება და ავიაციაც კვლავ რეკორდულ ნიშნულებზე იქნება. ეს არის ძალიან დიდი შენატანი ჩვენს ეკონომიკაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ სხვა ახალი ავიაკომპანიები დაგვემატოს. ასევე აღვნიშნავ, რომ ვინაიდან ეს არის დაბალბიუჯეტიანი კომპანია ეს საკმაოდ მიმზიდველი და ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვისაც, ვინც მიფრინავს სამუშაოდ, სამკურნალოდ თუ უბრალოდ ტურისტულად", - განაცხადა თურნავამ.


ავიაკომპანია მგზავრებს დუსელდორფი-თბილისი-დუსელდორფის მიმართულებით ყოველ კვირას, 21 ივლისიდან კი ოთხშაბათსა და კვირას მოემსახურება. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ავიაკომპანია ფრენებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.


გერმანიის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ დროისთვის სამი ავიაკომპანია: Georgian Airways (Berlin), Lufthansa (Munich), Eurowings (Dusseldorf) - ფრენებს კვირაში 9 სიხშირით ასრულებს.





კომენტარები:

ფართი შოპი