„თბილისი პრაიდი“ უკან იხევს - შესაძლოა "მარში" დღეს რუსთაველზე აღარ ჩაატარონ

05 Jul 2021 12:42

"თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დღეს 18:00 საათისთვის რუსთაველის გამზირიდან დედაენის ბაღამდე იგეგმება, თუმცა არ არის გამორიცხული ღონისძიების დრო და ადგილი შეიცვალოს. პრაიდის ორგანიზატორები, მოსალოდნელი კონტრაქციიდან, შესაძლო ძალადობის თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს და საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გაავრცელებს.


ორგანიზატორების თქმით, კონსულტაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. 


"მეგობრებო, პრაიდ-კვირეულის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას მივუახლოვდით. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვქმნით ისტორიას და ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ისეთი სახელმწიფოს შენებაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება და ადამიანებს ექნებათ თანასწორი შესაძლებლობები.


ლგბტქ ადამიანებისა და მხარდამჭერების მხრიდან ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ხვალინდელ ღირსების მარშთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვიცით, იგეგმება კონტრაქცია ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები და არ გვსურს ღირსების მარშს მოჰყვეს ძალადობრივი ინციდენტები. სწორედ ამის გამოსარიცხად, ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.


აქციის საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.


5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას გავაჟღერებთ", - აღნიშნულია განცხადებაში.





კომენტარები:

ფართი შოპი