პრემიერი - დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, ის შეიცავს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს

05 Jul 2021 13:29

დღეს დაანონსებული მარში და ამის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.


მისი თქმით, „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში რუსთაველის გამზირზე დაანონსებული მსვლელობა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს, იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ე.წ. მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგება.


„ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. ჩვენ არც ერთ ჩვენს მოქალაქეს არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი რამდენიმე წლის წინ, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩემივე ინიციატივით 6 წლის წინ ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა და ჩაიწერა კონსტიტუციაში. ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ჩვენს ერში არასდროს რელიგიური თუ სხვა ნიშნით გამორჩეულ ადამიანებზე არ გვქონია პრობლემა, შესაბამისად, მე მინდა ვთქვა, რომ დღესაც იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას, სურთ გარკვეული მარშების ჩატარება. ეს მათი უფლებაა, ბუნებრივია, ჩვენ ამას ვიღებთ, როგორც მოცემულობას და გვესმის ეს მათი სურვილი, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. ამით სახელმწიფომ უზრუნველყო, გააკეთა ყველაფერი, რამდენიმე დღის წინ მათ სრულიად უსაფრთხოდ ჩაატარეს დაგეგმილი ღონისძიება, მაგრამ დღეს დაანონსებული მარში და ამის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი