ეთიკის საბჭოს ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ოპოზიციიდან აირჩევა

05 Jul 2021 15:01

 „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსში“ ცვლილება შედის. პარლამენტის დადგენილების შესაბამისი პროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ცვლილების მიხედვით, ეთიკის საბჭოს ერთ-ერთი თანათავმჯდომარე არჩეული იქნება ოპოზიციიდან. 

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-6 მუხლს ემატება გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვით 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად შექმნილი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ისარგებლებს ეთიკის კოდექსით განსაზღვრული იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას.

 

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში სხვადასხვა დროს განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაუქმებულია საპარლამენტო უმცირესობის ცნება. მას შემდეგ რაც შეიცვალა ჩანაწერი, აღარ არის უმცირესობა და არის მხოლოდ ოპოზიცია. ამ ცვლილებიდან გამომდინარე ეთიკის საბჭო ვერც თავმჯდომარეს ირჩევდა და ვერც თანათავმჯდომარეს. განხორციელებული ცვლილება, საშუალებას მოგვცემს ავირჩიოთ თავმჯდომარეც და თანათავმჯდომარეც, როგორც უმრავლესობიდან ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლობიდან“, - განმარტა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

დადგენილების მიღების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის შესაბამისობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედ რედაქციასთან.





კომენტარები:

ფართი შოპი