„მთავარი არხის“, ტელეკომპანია „პირველის“ და „ფორმულას“ ხელმძღვანელები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და მედიის წარმომადგენლების მიმართ თავდასხმას გმობენ.
მათი შეფასებით, ხელისუფლება „თბილისი პრაიდის“ აქციაზე ჟურნალისტებისა და ოპერატორების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, უმჯობესი იქნება ჟურნალისტების ადგილიდან განრიდება.
„ორი დღის წინ ჩვენი ჟურნალისტი ნინი ელიკაშვილი სასტიკად სცემეს და სასამართლომ თავდამსხმელი გირაოთი გაათავისუფლა, დღეს რამდენი ჟურნალისტი, რამდენი ოპერატორი არის დაზარალებული და სასტიკად ნაცემი, უკვე თვლაც კი გვიჭირს. ვფიქრობ, გომელაურმა და ღარიბაშვილმა „ნადირობის სეზონი“ გახსნა ჩვენს ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე. მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, ჩვენ თვითონვე დავიცვათ ჩვენი გადამღები ჯგუფები და განვარიდოთ ადგილს იმიტომ, რომ დღეს ჩვენი ჟურნალისტების სიცოცხლე დაცული არ არის და უაღრესად საშიშია“, - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა.
„ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბერიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მედიის უსაფრთხოება. ის ასევე დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს, უფრო ჩაერთონ აქტიურად მიმდინარე მოვლენებში.
„დღეს ვადევნებთ თვალს ძალიან საშიშ პროცესს, რომელიც ამ ქვეყანას არაფერს კარგს არ მოუტანს. სამწუხაროდ, ამ ვითარებაში ფაქტობრივად ხელისუფლებამ „მწვანე შუქი“ აუნთო ძალადობას. მათი უპასუხისმგებლო განცხადებები არის წამახალისებელი. ცოტა ხნის წინ სასტიკად სცემეს ჩვენი ჟურნალისტი რატი წვერავა და მთლიანად დღეს მედია საფრთხის წინაშე იმყოფება“, - განაცხადა გუმბერიძემ.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მედიის მიმართ ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ ჟურნალისტებს საკუთარი საქმიანობის შესრულების საშუალება არ ეძლევათ.
მისი თქმით, არავითარი დაცვის გარანტია არ არსებობს და საფრთხე ექმნებათ ადამიანებს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
„საქართველოს ხელისუფლება არ ან ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეები დამნაშავეებისგან, რომლებიც ადამიანებს სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებიან, მათ შორის სოცოცხლის მოსპობითაც. ჩვენს ჟურნალისტებს მნიშვნელოვანი დაზიანებები აქვთ მიღებული“, - განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულია ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი.
ipn.ge