მერაბ სეფაშვილი: აზრი არ აქვს ფულის შენახვას, თუ მისგან სიამოვნება არ მიიღე და სხვასაც არ მიაღებინე

05 Jul 2021 21:11

მერაბ სეფაშვილმა ახალი ამპლუა შეითავსა. ის „ტვ პირველზე“ გადაცემა – „მერაბ სეფაშვილი შენთვის“ წამყვანი გახდა და მაყურებელს ქართული ესტრადის სხვადასხვა წარმომადგენელთან შეხვედრის საშუალებას აძლევს.


მერაბ სეფაშვილი: მგონია, რომ ამ გადაცემით ადამიანი ჟინს მოიკლავს. ყველა ერთმანეთს ვართ მონატრებული, ყველას გვენატრება სიმღერა და ურთიერთობები. ამდენი ხანია, ყველა სახლში ვზივართ. მუსიკოსები და მომღერლები, ხომ, საერთოდ და როცა ადამიანს თვითგამოხატვის საშუალება ეძლევა, ეს ნამდვილად ბედნიერებაა, ძალიან დიდი ემოციები ახლავს ამ მომენტს. შესაძლოა, ამაზე ყველა ხმამაღლა არ ლაპარაკობს, მაგრამ მე ასე ვგრძნობ. ამიტომ, ამ გადაცემაზე მუშაობა ძალიან სასიამოვნოა.


– როგორ გაჩნდა ეს იდეა?

– ჩემი ახლობლები არიან ამ არხზე და თვითონ დამფუძნებელმა – ვატო წერეთელმა, საუბარში მეგობრულად მითხრა, ასეთი იდეა გამიჩნდა და გააკეთებო? – შეიძლება-მეთქი, ვუპასუხე (იცინის). მერე მოვიფიქრეთ, ამას როგორ განვახორციელებდით, გუნდი შეიკრა და ყველამ ერთად დავიწყეთ კეთილშობილური საქმის კეთება. ცოტა მეუხერხულება თქმა, მაგრამ რასაც ვხედავ – ძალიან მოსწონს მაყურებელს. ეტყობა, ეს სეგმენტი საჭირო იყო ტელესივრცეში.


– ამ კუთხით, მგონი, პანდემიამ კარგიც მოიტანა.

– სულ ნუ იქნებოდა პანდემია და ნურც ეს გადაცემა, ასე ჯობდა (იცინის). მაგრამ ამ დროს ყველა რაღაც გამოსავალს ეძებს და ჩვენს შემთხვევაშიც, მოიძებნა.


– მთელი ცხოვრებაა, ყველა გადაცემის სასურველი სტუმარი ხართ. რთული აღმოჩნდა შიდა სამზარეულო?

– სულ მქონდა შეხება ტელესივრცესთან, ამიტომ არ გამიჭირდა. როგორც თანამშრომელმა, „პირველ არხზე“ მუშაობა 1979 წელს დავიწყე. იმის შემდეგ მუდმივი კონტაქტი მქონდა და შიდა სამზარეულოც კარგად ვიცი. თუმცა, სიახლეების სწავლა ყოველთვის საინტერესოა. ვღელავდი და ძალიან შევეცადე, ეს გადაცემა არცერთს არ დამსგავსებოდა. ძალიან საინტერესო პროცესია და ვცდილობთ, ნელ-ნელა ძალიან მაღალ დონეზე ავიყვანოთ. იმედი მაქვს, ეს პანდემიაც წავა და ყველაფერი დალაგდება.


– ფინანსურად როგორ გაუმკლავდით ამ პერიოდს?

– საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა რთული პერიოდი. გამკლავება ძალიან გაჭირდა და რომ არა ჩემი მეგობრები, რომლებიც რაღაც-რაღაცებში მეხმარებოდნენ, ძალიან რთული იქნებოდა.


– როცა საქმე ფულს ეხება როგორი ხართ? მფლანგველი თუ მომჭირნე?

– არა, მომჭირნე არ ვარ (იცინის). ერთი რამ ნამდვილად ვიცი, სწორად დაგეგმვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ რაც უნდა კარგად დაგეგმო, მე ვფიქრობ, აზრი არ აქვს იმ ფულის შენახვას, თუ მისგან სიამოვნება არ მიიღე და სხვასაც არ მიაღებინე. მე სულ ასე ვიცხოვრე. ვცდილობდი, მეც მიმეღო სიამოვნება და ჩემთან ერთად სხვასაც. არც მქონია იმდენი, რომ ბევრი შემეგროვებინა, მაგრამ არც მომწონს მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაფერზე უარის თქმის სანაცვლოდ შეგროვება. ხვალინდელ დღეზე ყოველთვის ვფიქრობდი, მაგრამ პანდემიას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და გავითვალისწინებდი – ეს კოშმარულ სიზმარს ჰგავს.


– გახსოვთ, პირველი ხელფასი რაში დახარჯეთ?

– ჩემი პირველი ხელფასი ორასი მანეთი იყო – ეს არ იყო ცოტა ფული, არც – ბევრი, მაგრამ კარგ ფულად მიიჩნეოდა. თან, მაშინ 16-17 წლის ვიყავი და ეს კარგი შემოსავალი იყო. მახსოვს, რომ ყველას საჩუქრები ვუყიდე – შეიძლება, ელემენტარული, მაგრამ მახსოვს, ისე გავანაწილე, რომ ყველას გახარება შემძლებოდა. ეს შემოსავალი სიმღერას უკავშირდებოდა, მე სხვა სამსახური არასდროს მქონია.


– ხშირად გიწევთ მოგზაურობა და გასტროლები. მეუღლეს თუ ანებივრებთ საჩუქრებით?

– არასდროს არავისთვის მავიწყდებოდა საჩუქრის გაკეთება, არც მეუღლისთვის, არც მეგობრებისთვის, ჩემი თავი ყველაზე ბოლო ადგილზე მყავდა. თუმცა, არც ეს არის სწორი, ყველაზე უნდა გაანაწილო. ჩემში იმდენად ზის საყვარელი ადამიანების საჩუქრებით გახარება, რომ ამაზე განსაკუთრებული ყურადღება არასდროს გამიმახვილებია. მთავარი იყო, არავინ გამომრჩენოდა (იცინის). ხომ იცით, საჩუქარი ყველას სიამოვნებს.


– ასაკთან ერთად ფინანსების მიმართ დამოკიდებულება თუ იცვლება?

– რა თქმა უნდა, ასაკი რომ გემატება, ბევრ რამეზე ფიქრობ. მაგრამ ყველაზე მეტად ამაზე, ალბათ, პანდემიამ დაგვაფიქრა. მალე ორი წელი გახდება, რაც ამ რეალობაში ვართ და ადამიანების ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, თუნდაც, გეგმებთან მიმართებაში. ადამიანები ცდილობენ, ნაკლებად ხარჯონ ფული ისეთ რამეებში, რაშიც ადრე არ დაენანებოდათ, გათვალონ, რა რისკები არსებობს მომავალში. ვისურვებდი, მალე დალაგებულიყოს ყველაფერი, რომ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.


– ფობია თუ გაქვთ?

– ადრე ძალიან მეშინოდა ფრენის და კარგად თუ არ დავლევდი, თვითმფრინავში ვერ ვჯდებოდი. მერე ამასაც მოვერიე, როგორღაც გადავლახე. ყველაფერს აქვს თავისი წინაპირობა. ბავშვობაში გადამხდა რაღაც ისტორია და ეტყობა, ის ჩამრჩა გონებაში. მშობლებთან ერთად ვიყავი თვითმფრინავში და პანიკა შეიქმნა – ის განცდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამომყვა. მერე ერთ ანეკდოტს ვყვებოდი ხოლმე: ჩვენი მეგობარი ებრაელების ორი წარმომადგენელი ზის თვითმფრინავში. თვითმფრინავი აფრინდება და ერთი ხედავს, მეორეს სახეზე ოფლი ასხამს. რა იყო, გეშინიაო? კიო, იმან. რისი გეშინიაო? – რა ვიცი, რკინა არის და ჰაერში ამხელაზე უნდა აფრინდესო... იცი, რას გეტყვი, რაც შუბლზე გაწერია ეგ იქნება, ტყუილად ნერვიულობო, – ეს ამშვიდებს და ის ეუბნება: მე რა ვიცი, პილოტს რა აწერია შუბლზეო (იცინის). ეგრეა, არავინ იცის, რა ელის, მაგრამ როცა თვითმფრინავში ჯდები, ამაზე ფიქრი არ ღირს. ნერვების მოშლას აზრი არ აქვს.


– ბედისწერის თუ გწამთ?

– კი. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს თავისი ბედისწერა აქვს. ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, თუმცა ჩვენ უნდა ვეცადოთ, სწორად ვიცხოვროთ. მოკლევადიან გადაწყვეტილებებს ჩვენ თვითონ ვიღებთ, მეასე სართულიდან რომ არ უნდა გადახტე და მსგავსი სისულელე არ ჩაიდინო, ესეც ყველამ ვიცით, მაგრამ ბედისწერა ყველას დაბადებიდან გვაქვს.


– რა არის თქვენთვის მთავარი ღირებულება?

– ჩემთვის მთავარი პრინციპები და ღირებულებებია, დანარჩენი ადამიანში ყველაფერი შეიძლება, იყოს, მაგრამ უპრინციპო ადამიანი ძალიან ცოდოა. ასევეა ღირებულებების არმქონე ადამიანი.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი