“ბევრად მეტნი ვართ ჰეტეროები, მამაკაცები, რომელთაც ქალები გვიყვარს. ვატაროთ აღლუმები?” – დათო ევგენიძე

05 Jul 2021 23:38

“შენ თუ კაცი გიყვარს, გიყვარდეს, ღმერთმა გაგიმარჯოს. თავისი არჩევანია. არავინ არანაირ უფლებებს არ ართმევს. მაგრამ როდესაც შენ ითხოვ ქორწინების დაკანონებას, შენ არღვევ იმ ბავშვის უფლებას, რომელიც უნდა აიყვანო და გაზარდო. კანონი შეილახება იმ ბავშვისთვის, რომელსაც ზრდის ორი მამა” – ეს არის ამონარიდი დათო ევგენიძის ძველი ინტერვიუდან და მას ბევრი აზიარებს თავის ფეისბუქკედელზე.

მუსიკოსი და პოეტი მიიჩნევს, რომ აგრესიის გამოვლინებაა ისიც, როდესაც აღლუმს ატარებ იმ ქვეყანაში, სადაც ის ბევრს აღიზიანებს და მისი წინააღმდეგია.

 

 

დათო ევგენიძე: – მე საერთოდ არავის ვეწინააღმდეგები. ყველა ადამიანი ირჩევს თავის პირად ნაბიჯს. მაგრამ არასწორი მგონია, ანგარიში არ გაუწიო მათ, ვისაც შენი პირადი გადაწყვეტილება აღიზიანებს. როდესაც ისეთ საზოგადოებაში ცხოვრობ, სადაც უდიდესი ნაწილისთვის ღირსების მარშის ჩატარება მიუღებელია, რა აუცილებელია მათ თვალწინ, ცენტრალურ ქუჩაზე დემონსტრაციულად ჩაიარო.

 

ყოველგვარი აგრესიის წინააღმდეგი ვარ. მაგრამ აღლუმი, როდესაც ის ვიღაცებს არ მოსწონთ, მე, რაღაც ფორმით, აგრესიად მიმაჩნია. როდესაც იწვევ და აღიზიანებ სხვას, ეს აგრესიაა. და ასეთივე არასწორია, როდესაც ჯოხებს უტყამ.

 

მე შოუბიზნესის წევრი ვარ და გარშემო ბევრი არატრადიციული ორიენტაციის მქონე მეგობარი მყავს, მაგრამ არ მახსოვს, რომ ამ თემით მათ ესპეკულიროთ, მუსირება ეკეთებინოთ. მიზეზს ვერ ვხდები, რატომ პედალირებენ ამ თემით. ბევრად მეტნი ვართ ჰეტეროები, მამაკაცები, რომელთაც ქალები გვიყვარს. ვატაროთ აღლუმები? ისეთი რაოდენობა ვიქნებით, თვალს ვერ გააწვდენ.

 

აბსოლუტური პირადი თავისუფლება გაქვს და არავინ არავის არ განსჯის იმის გამო, ქალი რატომ არ გიყვარს და გიყვარს შენივე სქესის წარმომადგენელი. მაგრამ, ბავშვების თვალწინ, ამის პოპულარიზაცია და პროპაგანდა, არასწორი მგონია. მით უმეტეს, როდესაც ერთსქესიანთა ქორწინებაზეა საუბარი და ბავშვის აყვანის უფლებას ითხოვენ, ამ შემთხვევაში ბავშის უფლებები ირღვევა.

 

პატარა ბავშვს ხომ არ ეკითხებიან აირჩიოს, დედა და მამა უნდა, თუ მამათ მამა?! არასრულწლოვან ადამიანებზე პროპაგანდის უფლება არავის აქვს. მას არჩევანი უნდა დაუტოვო. უნდა გაიზარდოს და თვითონ აირჩიოს რა უნდა.

 

მაგრამ მე ვთვლი, რომ დღეს ჩემს ქვეყანას ამ პრობლემისთვის არ უნდა ეცალოს! როდესაც აფხაზეთია დასაბრუნებელი. ტერიტორიების მთლიანობა უნდა იყოს პრიორიტეტი, ჩვენი სამოთხეების – სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაბრუნება და არა ამგვარი გარჩევები ქალაქის ცენტრალური ქუჩებში. დავიჯერო ჩვენს ოკუპირებულ ქვეყანას ამის მეტი პრობლემა არ აქვს?


primetime.ge




კომენტარები:

ფართი შოპი