რატომ დამთავრდა ირმა ინაშვილის თაფლობის თვე ორ დღეში და როგორ შესწირა მეუღლემ მას ცხოვრება

06 Jul 2021 10:31

მთელი ცხოვრებაა, იბრძვის – ჟურნალისტისა თუ პოლიტიკოსის ამპლუაში. არ ნებდება და არ ჩერდება. შორიდან ძალიან ხისტი და ხმაურიანი ჩანს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ოჯახურ ცხოვრებაში სულ სხვანაირი ყოფილა.


– ქალბატონო ირმა, როგორი იყო თქვენი ბავშვობა, რა მოგონებები გაკავშირებთ ბორჯომთან და რამ იქონია თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე გავლენა?


ირმა ინაშვილი: ჩემი მშობლები სამუშაოდ ბორჯომში გააგზავნეს და მეც სკოლაში იქ შემიყვანეს. ამ პატარა ქალაქმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და წარუშლელი კვალი დატოვა. დღესაც უბედნიერესი ვარ, როცა ბორჯომში მივდივარ. ბორჯომი რომანტიკული ქალაქია. განსაკუთრებით ლამაზია, როცა თოვს. აქაურმა ბუნებამ და გარემომ ჩემზე ნამდვილად მოახდინა გავლენა. აქ ვეფერებოდით ცოცხალ ციყვებს, შვლის ნუკრს, რომელიც მდინარესთან ჩამოდიოდა. აქ იყო ჩემთვის ყველაფერი კარგი, სუფთა, ნამდვილი და უანგარო. ბორჯომში დავიწყე პატარ-პატარა მოთხრობებისა და მერე სიმღერების წერა, მაგრამ ჩემგან არც პოეტი გამოვიდა და არც კომპოზიტორი. აქ ვიყავი ყველაზე ბედნიერი. ერთხელ ქართულის მასწავლებელი გიორგი პირველზე გვიყვებოდა, მე ფანჯარაში ვიყურებოდი, თოვდა. უცბად ვხედავ ბიჭს, ნაბდის ქუდში და წარმოვიდგინე, რომ ის მეფე გიორგია. ასე გავიგე პირველად, რა იყო და როგორი იყო სიყვარული. აბსტრაქტულად მიყვარდა, მაგრამ მიყვარდა. დღეს ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოდ ჩანს, მაგრამ დღესაც, როცა იმ ბიჭს ვხვდები (უკვე კაცს), ნერვიულობისგან ცალი ლოყა მიწითლდება და ცალი – მეყინება.


– ახლა ისეთი აქტიური ხართ, მგონია, რომ ბავშვობაშიც ძალიან მოუსვენარი და ცელქი იქნებოდით.

– ნამდვილად ცელქი ვიყავი. ორივე მუხლი გადაყვლეფილი მქონდა. ცხვირიც ბორჯომში გავიტეხე. თხილამურებით ვსრიალებდი და ხეს დავეჯახე. კლასელები დილის 7 საათიდან ვვარჯიშობდით, პარკიდან ბორჯომის ცენტრამდე მოვრბოდით, მერე ვბრუნდებოდით სახლში, ვემზადებოდით და სკოლაში ფეხით მივდიოდით. მხიარული და ლაღი დრო იყო. მენატრება ის პერიოდი.


– იყავით რომანტიკული გოგო, სულ რომ შეყვარებულია?

– სიყვარულზე კი გითხარით და მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ეს, ეგრეთ წოდებული, მეფე გიორგი მთელი 12 წლის განმავლობაში ჩემებურად მიყვარდა. სკოლა დავამთავრეთ და მაინც მას ვუწერდი ლექსებს. გამოდის, რომ რომანტიკული ბავშვი ვიყავი.


– როგორი იყავით თაყვანისმცემლების მიმართ?

– არანაირი თაყვანისმცემლები არ მყავდა. ბიჭები, ძირითადად, ჩემი უახლოესი მეგობრები იყვნენ. არც გამიგია, რომ სკოლაში ვინმეს ვუყვარდი. არ ვუყვარდი, თორემ გავიგებდი. ვუყვარდი, როგორც დაიკო და არა, როგორ მანდილოსანი.


– თქვენს ქცევებში ხშირია მამაკაცური თვისებები – არც ჩხუბზე იხევთ უკან, ძალიან პირდაპირი და შეუპოვარი ხართ, ბავშვობიდან ასეთი იყავით?

– ცხოვრებაში ძალიან მშვიდი ვარ. ვინც მიცნობს, ეს ყველამ იცის. ოჯახში ზედმეტად ხმისთვის არ ამიწევია, შვილებისთვის არ მიყვირია, არ მიჩხუბია. არც სამსახურში მიყვარს ხმამაღალი კამათი, მით უმეტეს, ჩხუბი. სამაგიეროდ, უსამართლობას ვერ ვიტან და რაღაც მომენტში ვფეთქდები. ვაღიარებ, რომ ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ ეს საქვეყნო თემებს ეხება და არა ოჯახს, მეგობრებს ან სამსახურს.


– უშიშარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ცხოვრებაც შესაბამისი გამოიარეთ – დაწყებული აფხაზეთით გაგრძელებული პოლიტიკური საქმიანობით. რამის ფობია გაქვთ?

– არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შიშის განცდა არა აქვს. უბრალოდ, ჩვენ ვსწავლობთ, როგორ ვძლიოთ შიშს. ეს მე აფხაზეთის ომმა მასწავლა. არავითარი ფობიები არ მაქვს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა მოკვდავს, მეც შემშინებია ცხოვრებაში, მაგრამ გადამიბიჯებია შიშისთვის. როცა წინა ხაზიდან დაჭრილი მეომრები გამომყავდა და ბევრი გამომიყვანია, შიშზე ფიქრის დროც არ მქონდა.


– მინდა, ჩვენს მკითხველს მშობლების შესახებ მოუყვეთ, განსაკუთრებული მამა გყავდათ...

– მამაჩემი – ჯემალ ინაშვილი, იყო უკეთილშობილესი ადამიანი, ექიმი, რომელსაც ასობით ადამიანი ჰყავს გადარჩენილი. მან მასწავლა, რომ ყოველთვის უნდა დავეხმარო ადამიანებს. საავადმყოფოდან სახლში რომ მოვიდოდა, ჩუმად მეტყოდა: არა გაქვს ახალი ღამის პერანგი, გაჭირვებული ბავშვი მოიყვანეს და უნდა წავუღოო. მეც მაშინვე მივარბენინებდი ყველაფერს, მიხაროდა. მამაჩემი არასდროს გვაქებდა მე და კოტეს – ჩემს ძმას. მეუბნებოდა: 


პირველ კურსზე სწავლობ, ჯერ ჟურნალისტი როგორ ხარ?! გავიდეს 10 წელი და მერე ვილაპარაკოთო. მასწავლა, რომ უნდა დავაფასო ჩემზე ძლიერი, ჩემზე ნიჭიერი, უნდა შემეძლოს ჩემი ამპარტავნების დაძლევა. დრო გადის და სულ უფრო და უფრო მეხმარება მისი რჩევები. ბოლოს მითხრა, იცოდე, ჩემ გამო არავინ შეგაგინებს და ამას მერე დააფასებო და ასეცაა. ვაფასებ და ძალიან მაკლია.


დედაჩემი – ნათელა მარტინენკო ინგლისური ენის პედაგოგია. წლების განმავლობაში ასწავლიდა ბორჯომის პირველ სკოლაში, ეს ჩემი მშობლიური სკოლაა. მიხარია, რომ დედა ყველა ბავშვისთვის საყვარელი მასწავლებელი იყო, ჩემი კლასელებისთვის – განსაკუთრებით. დაბადების დღე 6 ივლისს მაქვს და მაისში მიხდიდა, რომ კლასელები შევკრებილიყავით. დედაჩემი ჩემთვის სიმშვიდის, მოთმინებისა და ოპტიმიზმის მაგალითია. ვცდილობ, არასდროს ვატკინო გული. არავის ვასწავლი ჭკუას, მაგრამ დედას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. მერე ჩვენს თავს ვერ ვაპატიებთ, რომ გული ვატკინეთ.


– თქვენ როგორი მშობელი ხართ?

– როგორი მშობელი ვარ, ეს უფრო ჩემმა შვილებმა იციან. ჩვენ მეგობრები და ერთმანეთის მესაიდუმლეები ვართ. სულ ვცდილობდი, ჩემი შვილებისთვის ამეხსნა, რომ მთავარია სულიერი და არა მატერიალური და მიხარია, რომ ისინი თავმდაბალი, წესიერი ადამიანები არიან. როცა პარლამენტის წევრი ვიყავი, მაქსიმალურად ცდილობდნენ, ჩრდილში ეცხოვრათ. ყოველთვის უარს ამბობდნენ პრესასთან გამოჩენაზე, რით ვართ სხვებისგან განსხვავებულებიო?! სიმართლე გითხრათ, მომწონს მათი ასეთი საქციელი.


– მეუღლე რას ამბობს თქვენს ბობოქარ და შეუპოვარ ხასიათზე, ასევე, თქვენს პოლიტიკურ საქმიანობასა და მუდმივ ქარცეცხლზე, რომელშიც გიწევთ ყოფნა?

– ჩემი მეუღლე – კახა კევლიშვილი, ფერმწერია. მართალია, ახლა აღარ ხატავს, მაგრამ აპირებს ხატვის დაწყებას, რაც ძალიან გამახარებს. შესანიშნავი ნამუშევრები აქვს. პორტრეტისტია. აუცილებლად უნდა განაახლოს ხატვა. ჩემ გამო სულ ნერვიულობს, განიცდის, მაგრამ ჩემი თანამოაზრეა, ჩემი მოკავშირე და დასაყრდენია. 


ეს დიდი ბედნიერებაა. სხვანაირად რომ ყოფილიყო, მე ვერ ვიქნებოდი პოლიტიკაში ისეთი, როგორიც ვარ. ყოველთვის მე მიწყობდა ხელს და ამბობდა, მე მერე დავხატავო. მე მეხმარებოდა, ახლა მე უნდა შევუწყო ხელი, რომ ხატვა დაიწყოს.


– თქვენი ურთიერთობა ძალიან რომანტიკულად დაწყებულა, შეგვიძლია, ეს ისტორია ჩვენს მკითხველს რაღაც დოზით მაინც, გაუზიაროთ?

– ჩვენ ტელევიზიაში გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი სამონტაჟო ოთახები გვერდიგვერდ იყო. დიდხანს მხოლოდ გადარბენით ვამჩნევდით ერთმანეთს, მერე დავინახეთ, აღმოვაჩინეთ ერთმანეთი და ასე ვართ უკვე 22 წელია. მას წერილებს ვწერდი, ზედ მზეს ვახატავდი, სასაცილო მზეს. მათ ახლაც ინახავს. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაზე წერილებით მოვუყევი. 


სულ მეუბნება, – ასე მეგონა, ფილმს ვუყურებდიო. მართლა სცენარივით ვწერდი აფხაზეთის ომზე, ჩემს განცდებზე, ჩემს უსაყვარლეს ბებიაზე, რომელმაც გამზარდა, ბორჯომზე. მოკლედ, კახამ „ფილმში“ მნახა.


– ნათქვამი გაქვთ, მეუღლემ საკუთარი ცხოვრება მე შემომწირაო, რა იგულისხმება ამ სიტყვებში და თუ აპროტესტებს თავად ამას?

– მე შემომწირა ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ მე, ძირითადად, სულ ბრძოლაში ვიყავი, გარეთ. ყველაზე მძიმე პერიოდში ჩემი მეუღლე უვსებდა ჩემს შვილებს უჩემობას. ამას უაღრესად ვაფასებ. სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ჩემზე თავდასხმა და კახა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ბავშვებს ეს არ ეგრძნოთ. ჩემი მეუღლე უვლის ოჯახს ყველა მიმართულებით. ის ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანია. როცა ხატვას დაიწყებს, აპირებს, გამოფენა მოაწყოს, აი, ეს გამახარებს ყველაზე მეტად.


– იმდენად რთული მომენტი თუ ყოფილა, როცა უთქვამს – იქნებ, გაჩერდე; დავისვენოთ, აღარ შემიძლია ან რამე მსგავსი?

– ბევრჯერ უთქვამს, დაისვენე, მაგრამ გაჩერდი – არასდროს. იცის, რომ მე სიმართლისთვის ვიბრძვი, ჩემი ქვეყნისთვის ბედნიერება და სიკეთე მინდა და ამიტომაც თანამიგრძნობს. არაა ადვილი, მოითმინო, როცა შენს ცოლს აგენტს ეძახიან, ათასი შეურაცხყოფა, ტყუილი, მაგრამ ჩვენც გამოვიმუშავეთ იმუნიტეტი, ვცდილობთ, ყოველ შემთხვევაში.


– როგორი დიასახლისია ქალბატონი ირმა, რით ანებივრებს ოჯახის წევრებს?

– თუ სახლში ვარ, დიასახლისიც კარგი ვარ და კულინარიც. მიყვარს, როცა რაღაცას ვიგონებ, მაგრამ დრო არასდროს მაქვს, რომ სამზარეულოში ვიბზრიალო. ეს მარტო ახალი წლის წინ ხდება. ყველაფერს ჩემი ხელით ვამზადებ. ახალ წელს საცივით ვანებივრებ ოჯახს, ეს კარგად გამომდის და რა თქმა უნდა, ხინკლით, მე ხომ მთიული ვარ. ხინკალს კარგად ვამზადებ და მე თვითონაც ყველაზე მეტადაც ხინკალი მიყვარს. თუმცა, ბოლო 5 წელია, ხორცს აღარ ვჭამ და ხინკალსაც დავემშვიდობე.


– შვილები ინტერესებით დედას უფრო ჰგვანან თუ მამას?

– დაჩი და ნინი განსხვავებულები არიან. მეც მგვანან და მამასაც, თუმცა დაჩი უფრო მე მგავს. ჩემი შვილების მესაიდუმლე ვარ. ყველაფერს მიზიარებენ. ტკივილსაც და სიხარულსაც. სულ ვეუბნები, როცა გაგიჭირდებათ, ილოცეთ, ღმერთს სთხოვეთ დახმარება, ხელი არასდროს ჩაიქნიოთ, ცხოვრებაში მარცხიც იქნება და გამარჯვებაც. მარცხმა არ გაგაბოროტოთ და გამარჯვებამ არ გაგაამაყოთ, დარჩით ადამიანებად-მეთქი. ჩემი შვილები ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. მე – მათი. ალბათ, ყველა დედა ასეა.


– მგონია, რომ მათ თაყვანისმცემლებს თუ შეყვარებულებს, თქვენი მკაცრი იმიჯიდან გამომდინარე, შესაძლოა, შორიდან ცოტა ეშინოდეთ თქვენი.

– კი, ისეთი იმიჯი მაქვს, თავიდან შეეშინდებათ, მაგრამ როცა გამიცნობენ, ნამდვილ ირმას ნახავენ. მგონია, რომ კარგი დედამთილიც ვიქნები და სიდედრი, ხომ – საერთოდ. აქ რა არის მთავარი, უხეშად არ ჩაერიო შენი შვილების პირად ცხოვრებაში. როცა ადამიანები ოჯახებს ქმნიან, უკვე თავად განაგებენ საკუთარ ცხოვრებას. ცხადია, მუდამ მათ გვერდით ვიქნები, მაგრამ არასდროს ჩავერევი.


– იმდენად გიყვართ თავისუფალი სტილი, საკუთარ ჯვრისწერაზეც კი შარვლით ყოფილხართ – პოლიტიკამ თუ მოახერხა თქვენი ჩარჩოებში ჩასმა?

– ჯვრისწერაზე მივლინებიდან მივედი. 

მართალია, ჯინსები მეცვა, მაგრამ უცბად გამოვიცვალე და გავიქეცი სიონის ტაძარში. 

ძალიან ლამაზი დღე იყო, შევიკრიბეთ უახლოესი ნათესავები. ჯვრისწერის მერე ბორჯომში წავედით. ორ დღეში ტელევიზიიდან დამირეკეს და სამსახურში გამომიძახეს. ასე დამთავრდა ჩემი თაფლობის თვე. რაც შეეხება ჩემს სტილს, პარლამენტში ჯინსის შარვლით ვერ მიხვალ და არც უნდა მიხვიდე, ამიტომაც მხოლოდ შავი და მუქი ლურჯი პიჯაკები მეცვა. ვერ გეტყვით, რომ ეს სტილი ჩემთვის კომფორტულია, მაგრამ სხვანაირად ეტიკეტს ვერ დაიცავ. ერთადერთი შავი კაბა მაქვს. მას მაშინ ვიცვამ, როცა პატრიარქს ვხვდები.


– ამბობდით, რომ ჟურნალისტიკაში თქვენი სათქმელი უკვე თქვით, რატომ გადაწყვიტეთ, კვლავ ამ საქმეს დაბრუნებოდით და რა გეგმები გაქვთ უახლოესი მომავლისთვის?

– ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება ნაზი შამანაურის გამო გადავწყვიტე. მისმა ისტორიამ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, ის ჩემთვის მაგალითი აღმოჩნდა. ჩავაბარე ტელე-რადიოჟურნალისტიკის განხრით. მინდოდა, დისერტაცია დამეცვა საინფორმაციო ომების თემაზე, მაგრამ ვერ მოვასწარი. აფხაზეთის ომში წავედი. იქ უახლოესი მეგობრები დავკარგე. 


ამ ომმა უზარმაზარი კვალი დატოვა ჩემზე, დამაბერა. შემდეგ „პირველ არხზე“ დავიწყე მუშაობა. 15 წლის მერე ეს არხი დავტოვე – ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვიდა და ჩემი ადგილი უკვე გარეთ იყო. ასე შევქმენით „ობიექტივი“, ყველაზე სახალხო და მებრძოლი ტელევიზია, სადაც დღეს საავტორო გადაცემა „სტუდია 8“ მიმყავს. იმავდროულად, ვარ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი. პარლამენტში არ შევედით იმიტომ, რომ ეს არჩევნები მასობრივად გაყალბდა და გარეთ, ხალხთან დარჩენა გადავწყვიტეთ. მოკლედ, ვარ პოლიტიკაში და პუბლიცისტურ გადაცემათა ციკლსაც ვამზადებ. დავდივარ მთელ საქართველოში, ვხვდები ხალხს და ვცდილობ, მათი გასაჭირი და ტკივილი გავახმიანო. 

ვისაც შემიძლია, დავეხმარო კიდეც. 

გული მიკვდება, როცა ამდენ მშიერ ბავშვს ვხვდები. კატასტროფული ვითარებაა. უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში მივდივარ, ზოგი ისეთ ფიცრულში ცხოვრობს, ჭერი არაა, კედლები არაა, არაფერი არაა. მათი დახმარება ჩემი მთავარი მიზანია. ამის გამო ბევრჯერ მიტირია.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი