რა „შეთანხმება“ ჰქონდა სანდრო სანაიას მამასთან და რისთვის მოუწია მას ღამეების თენება

06 Jul 2021 19:04

სანდრო სანაია „რუსთავი 2-ზე“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გახდა. ახალი ეტაპი მისთვის ჟურნალისტური გზის ლოგიკური გაგრძელებაა, თუმცა, ალბათ, არც მისთვის და არც არავისთვის, ვისაც გიორგი სანაია ამ ამპლუაში ახსოვს, ამ სიახლეს განსაკუთრებული ემოციების გარეშე არ ჩაუვლია.


სანდრო სანაია: როცა „კურიერის“ წამყვანობა შემომთავაზეს, უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, ემოციის მოზღვავება ვიგრძენი. თუმცა მაშინვე მივხვდი, რომ ამაზე უარის თქმა არ შეიძლებოდა. ეს იყო ის, რაც ძალიან მინდოდა, ამიტომ მაშინვე დავთანხმდი. ბევრჯერ წარმომედგინა, რომ ერთ დღეს ეს მოხდებოდა და ვცდილობდი, ამ მიმართულებით გადამედგა ნაბიჯები. რეალობა იმაზე მაგარი და „დრაივიანი“ აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ამ პროცესს ნერვიულობაც ახლავს და ეს კიდევ უფრო დიდ „მუღამს“ სძენს.


– ტელევიზიაში ყოფნა ყოველთვის იყო შენი მიზანი?

– ტელევიზია მუდმივად ჩემ გარშემო ტრიალებდა. სამ წელიწადზე მეტია, „რუსთავი 2-ის“ თანამშრომელი ვარ და ჩემი პირველი ნაბიჯები დილის ეთერში გადავდგი. არ ვიცოდი, როდის, მაგრამ ვიცოდი, რომ აქამდე მოვიდოდი. 


უკვე დრო იყო, ეს მომხდარიყო, ამიტომ არ გამიჭირდა ახალ ეტაპზე გადასვლა. ამ არხამდე რთული და არასასიამოვნო გამოცდილებებიც იყო, დამცირებულადაც მიგრძნია თავი, მაგრამ დანებება არ მიფიქრია, პირიქით, მეტს ვაკეთებდი. ალბათ, ყველას გაუვლია ეს გზა – უკეთებია ისეთი საქმე, რომლის კომპეტენციაც არ გაქვს, ვიღაცისგან მუდმივად წნეხის ქვეშ ყოფილა, მიუღია ისეთი დავალებები, რომლის აზრზეც არ არის, სხვისთვისაც უთქვამთ, რომ არ გამოუვა და ტოლერანტობა არ გამოუჩენიათ, შეცდომას თუ დაუშვებ, ამასაც არავინ გაპატიებს, მაგრამ როცა მიზანი და რწმენა გაქვს, რომ ოდესმე ეს გაივლის და ყველაფერი გამოცდილებად დარჩება, აუცილებლად მიხვალ იქ, სადაც გინდა.


– კიდევ ერთი დაბრკოლება გქონია – კომპლექსი საკუთარი გარეგნობის გამო.

– ეს უფრო ადრეულ ასაკში იყო, დაახლოებით ხუთი-ექვსი წლის წინ და უფრო მეტად სკოლის დამთავრებამდე. გარეგნობის კომპლექსი მქონდა, ძალიან გამხდარი ვიყავი და ეს არ მომწონდა. თუმცა შევცვალე ეს მდგომარეობა – ჯანსაღი ცხოვრების წესით, სწორი კვებითა და ვარჯიშით მიზნის მიღწევა შესაძლებელი აღმოჩნდა და დღეს ნამდვილად აღარ მაქვს ეს კომპლექსი. ვიცი, რაც უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ძველებურ მდგომარეობას არ დავუბრუნდე (იცინის). შესაბამისად, ეს აღარ არის ჩემთვის დაბრკოლება.


– მამასთან პარალელები, ალბათ, სულ გაჰყვება ფონად შენს ცხოვრებას. ამის გამო გაქვს კომპლექსი?

– არ მაქვს ამის კომპლექსი. ზუსტად იმ გარემოში ვარ, სადაც ამ მდგომარეობიდან გამოვალ და აღარ მექნება მსგავსი ფიქრები. პრინციპში, შემიძლია ვთქვა, უკვე აღარ მაქვს. მგონია, მოვახერხე, რომ მე ვიყო და არა გიორგის შვილი. 


ასე აღარავინ მიყურებს, ყოველ შემთხვევაში, ჩემ გარშემო ასეა. წლების განმავლობაში ვცდილობდი, დამოუკიდებლად გამეკვალა ჩემი გზა, საკუთარ თავზე მემუშავა, დავხვეწილიყავი და ამან თავისთავად გააქრო ეს კომპლექსი.


– მოგონებები მამასთან დაკავშირებით...

– გარკვეული ფრაგმენტები მახსოვს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, ეს მოგონებები ნამდვილად ჩემია თუ სხვების მიერ მოყოლილი და ჩემი ინტერპრეტაციით გაცოცხლებული. ვიცი, რომ ერთი მოგონება ნამდვილად ჩემია – ეს არის მისი სახლში გვიან მოსვლა. თუმცა, ეს არ არის კონკრეტული დღის მოგონება, როგორც ჩანს, ასე ხშირად ხდებოდა. მახსოვს ისიც, რომ „მაკდონალდსში“ უყვარდა ჩემი წაყვანა, მაგრამ სანაცვლოდ დილით ტელევიზორი ჩემი მულტფილმებიდან საინფორმაციო გამოშვებაზე უნდა გადამერთო. არ მახსოვს, როგორ გავიგე იმის შესახებ, რაც მოხდა. მამა იყო, მერე მოვლენები ისე წარიმართა, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ აღარ იყო და ეს ჩვეულებრივ მოცემულობად მივიღე, რადგან ასე ამიხსნეს. 

მერე და მერე მქონდა კითხვები: ვინ გააკეთა ეს, რა მიზეზით, ვისი დაკვეთით და ეს კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა.


– შენი ოცნება და ყოფილა, რომელიც წლების შემდეგ აგისრულდა. როგორ შეხვდი ამ სიახლეს?

– გადასარევი ურთიერთობა გვაქვს მე და ჩემს დას, როგორც ყველა დედმამიშვილს. ჩემი გულშემატკივარია, ძალიან უხარია ჩემი წარმატება. თვითონ 15 წლისაა, ჩვენ შორის ათი წელია სხვაობა, მაგრამ ამის გამო არანაირი დაბრკოლება არ გვაქვს. არც მე ვაგრძნობინებ, რომ ჩემზე გაცილებით პატარაა, ჩემს თანატოლად აღვიქვამ.


– დედის დაოჯახებას როგორ შეხვდი – შვილებისთვის ცოტა რთულია ხოლმე.

– არ ვიცი, სხვებთან როგორია, მაგრამ ჩემ გარშემო ყველა ადეკვატურებია და არავის გვაქვს „გაჭედვები“. მეც ასე გავიზარდე და ამის გამო პრობლემა არ მქონია. არ მიჭირს იმის გააზრება, რომ ადამიანებს საკუთარი ცხოვრება აქვთ და შენ მასში არ უნდა ჩაერიო. ჩემთვის მარტივი მისაღები იყო ეს მოცემულობა.


– რაც შეეხება შენს პირად ცხოვრებას, შეყვარებული გყოლია, მაგრამ ამ მომენტისთვის დაშორებულები ხართ.

– რაღაც ეგეთი არის, მაგრამ არაფერი აღსანიშნავი. ჩემი პირადის სააშკარაოზე გამოტანა არ მინდა.


– არაფერი აღსანიშნავიო – კომენდანტის საათის დროს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ფეხით გასვლა არაფერია?

– კი, ასე იყო, მაგრამ ჩემთვის ეს არაფერია. არც საქმენი საგმირონია და არც ისეთი მომენტი, რითაც შეიძლება, ადამიანმა იამაყოს. 


ჩვეულებრივი ამბავია – მომინდა ნახვა და წავედი. როცა ადამიანის ნახვა გინდა და ამის რეალური შესაძლებლობა გაქვს, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ცოტა ფეხით გაიარო. მე საშვი მაქვს, უბრალოდ, მანქანით ვერ წავიდოდი, მაგრამ ფეხით ხომ შემეძლო ქალაქში გადაადგილება და ეს შანსი გამოვიყენე.


– რა გავლენა მოახდინა შენზე იმ გარემომ, რომელშიც გაიზარდე და იმ ტრაგედიამ, რომლის გადატანაც შენს ოჯახს მოუხდა?

– არ ვიცი... ჩვეულებრივ ადამიანად ჩამოვყალიბდი, ჩემი პრინციპები და ღირსება მაქვს. საკუთარი მორალი და შინაგანი ხმით ვხელმძღვანელობ და თავი არავისგან გამორჩეულად არ მიმაჩნია. შეიძლება, ბევრს წარმოუდგენია, რომ მამის გამო ყველგან კარი მქონდა ღია – ეს არასწორია. არანაირი კომფორტული გზა არ გამივლია და რასაც მივაღწიე, ყველაფერს ჩემი შრომითა და გათენებული ღამეებით მივაღწიე.


თბილისელები





კომენტარები:

ფართი შოპი