რა თანამდებობას შეითავსებს დათო ლიკლიკაძე აგვისტოდან და რის გამო ხდება ის საზოგადოების რისხვისა და ბულინგის მსხვერპლი

07 Jul 2021 22:19

ენაკვიმატი, თბილი, მოსიყვარულე, იუმორით სავსე, ნიჭიერი და ნამდვილი იმერული ხასიათის ადამიანი, დათო ლიკლიკაძე, როგორც თავად ხუმრობს, „პრომო ბიჭუნა“ გახდა. მისი სოციალური ქსელის გვერდზე, არაერთ სარეკლამო ვიდეოს ნახავთ, რომლიდანაც შემოსავალიც აქვს და გემრიელადაც იკვებება. თუმცა, ეს ყველაფერი ბარტერით დაიწყო და როგორც თავად ამბობს, ამის გამო არაერთხელ გამხდარა თანამოქალაქეების ბულინგის მსხვერპლი.


– ქუთაისში უამრავი კოლორიტი, ენაწყლიან-ენაკვიმატი, იუმორით სავსე და ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს. რამ განაპირობა შენი ასეთი წარმატება?

– თუ ასეთი ვარ, ძალიან მიხარია და დიდი მადლობა. პირველ რიგში, ჩემი წარმატების ფორმულა, მიმღებლობაა და მეორე რიგში, იუმორი. ვმეგობრობ აბსოლუტურად ყველასთან, ვისაც ჩემთან მეგობრობა შეუძლია, ვიღებ ყველანაირ ადამიანს – მდიდარია, ღარიბია, წესიერია, უწესოა, ენაკვიმატია, არაენაკვიმატი, არ უყვარს ლაპარაკი თუ ლაპარაკობს და არ ჩერდება.


– განსხვავებული ორიენტაციის მეგობრები თუ გყავს?

– როგორ არა. რა ჩემი საქმეა, სხვისი სექსუალური ცხოვრება? სექსუალური ცხოვრება მხოლოდ ერთი ადამიანის მაინტერესებს, ეს არის ჩემი თავი და გარკვეული მაქვს. სხვისი რაში მაინტერესებს? ასე რომ, ურთიერთობის პრობლემა არავისთან მაქვს და თავისთავად, მოწყვლადია ეს ჯგუფი თუ, პირიქით, წარმატებული, ყველას მეგობარი ვარ და ყველასთან შინ ვარ. როცა გულღია ხარ ადამიანი და მიმღებლობა გაქვს, ყველა პატივს გცემს. ასეა იუმორიც. იუმორი რომ მაქვს, საკუთარ თავსაც დავცინი, დედაჩემზეც ვხუმრობ და მერე გადავდივარ სხვაზე. თორემ, თუ მხოლოდ სხვას დასცინი, მაშინ იუმორისტი კი არა, მავნებელი ხარ. არავის აინტერესებს, შენ დილით რა პრობლემით გამოდიხარ სახლიდან ან ბრუნდები სამსახურიდან შინ. რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება მაქვს პრობლემები, დაბრკოლებები, მაგრამ იმდენად არ არის ეს საზოგადოების საქმე და ამ ყველაფერს სხვას არ ვახვევ თავს და მხოლოდ კარგ ხასიათზე ვარ. თუ შეძლებ, სხვებმა სულ კარგ ხასიათზე გნახონ, არ ეწუწუნო პირად პრობლემებზე, ყველა ეცდება შენთან მეგობრობას.


– გეთანხმები, მაგრამ როცა პრობლემა აქვს ადამიანს, ამ დროს კარგ ხასიათზე ყოფნა და გარშემო მყოფებთან „თამაში“, რომ თითქოს ყველაფერი რიგზეა, ხომ რთულია? როგორ გამოიმუშავე, სულ კარგ განწყობაზე წარმოაჩინო საკუთარი პიროვნება?


– რასაკვირველია, რთულია და არც მე ვარ სულ კარგ განწყობაზე. თუმცა, ყველა პრობლემას ისე ვიღებ, როგორც გამოწვევას. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ხან კარგად მიდის საქმე და ხან – ცუდად, მაგრამ შენ ამ გამოწვევებს როგორ იღებ და რეაგირებ, ესაა მთავარი. მე ყველა პრობლემას ვიღებ, როგორც საჩუქარს, როგორც წვიმას, ქარს, რასაც ბუნება გვიგზავნის და გარდაუვალია. ის პრობლემაც აუცილებლად გადაივლის, როგორც წვიმა. ჰოდა, დაჯდე და იმაზე ინერვიულო, ვაიმე წვიმსო, ხომ იცი, ხვალ აღარ მოწვიმს და მზე ხომ გამოვა ბოლოს და ბოლოს? ამ ყველაფერზე ერთი ცნობილი გამოთქმა გამახსენდა: როცა ეშველება, რატომ ნერვიულობ და თუ არ ეშველება, მით უმეტეს, რატომ ნერვიულობო. ასე რომ, ნერვიულობას კარგი არაფერი მოაქვს. ბევრი იტყვის, ინტერვიუში დათოსთვის ადვილია თქმა, არ ინერვიულოო, მაგრამ მე კიდევ ვამბობ, პრობლემას, როგორც საჩუქარს, ისე ვიღებ.


– ხშირად ყოფილა ასეთი არასასიამოვნო საჩუქრები შენს ცხოვრებაში?

– ხომ იცით, ადამიანი რასაც ხშირად ელი, ის გიხდება. როცა კარგზე ფიქრობ, კარგი ხდება. ვფიქრობ, ცხოვრება საინტერესოა, ლამაზი და ბევრი კარგი რაღაც აქვს შემონახული ჩვენთვის. მეც ამის იმედად ვცხოვრობ, რომ ნელ-ნელა მერგება ის კარგი რაღაცები, რაც ჩემთვის აქვს. ერთადერთი, რისი გაშარჟებაც არასოდეს შემიძლია არის, როცა საყვარელი ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან. ლაღად ამას ვერ შეხვდები და ვერც ცხოვრების საჩუქრად ჩათვლი, ამას გამკლავება და გამოგლოვებას კი დრო სჭირდება. ეს ეტაპი, ყველას ცხოვრებაში დგება და სამწუხაროდ, ბევრი ამ მდგომარეობას დიდხანს „ეხიზნება“, ადვილად ვერ უმკლავდებიან. ცხოვრების მორევს აუცილებლად უნდა დაუბრუნდე, ნებისმიერ შემთხვევაში, ისე არაფერი გამოვა.


– ბოლო დროს, სოციალური ქსელის „პრომო ბიჭუნა“ გახდი. ეს გაცნობიერებულად მოხდა თუ გაუთვითცნობიერებლად?

– თავიდან ასე დაიწყო: შენ ბევრი გამომწერი გყავს, გიცნობს ქალაქი... დასაწყისში ამას უფრო ბარტერის სახე ჰქონდა და არანაირი ფინანსური ინტერესი. უბრალოდ, მთავაზობდნენ: მოდით, რა, თქვენს მეგობრებთან ერთად ჩვენს რესტორანში, ვახშამზე და მერე სოციალური ქსელით თქვით, რა მაგარი რესტორანია... მეც ვთანხმდებოდი. მერე ვიფიქრე: ეს ამხელა კაცი რომ ვდგავარ ხან ლობიანით და ხან შაურმით ხელში და იმ დაწესებულების საქმეც კარგად მიდის, ამის ფონზე, იქნება მეც ვიპოვო სარგებელი, კუჭის გამოვსების გარდა-მეთქი (იცინის). მოკლედ, შემომთავაზეს პატარა ვიდეო ჩამეწერა, რაშიც სიმბოლურ თანხას გადამიხდიდნენ. ახლა კი ჩავწერ ვიდეოს, გადამიხდიან გარკვეულ თანხას და იმავე დღეს, ამ ფულს ათმაგად იღებენ უკან (იცინის). სხვათა შორის, სააღდგომოდ, ზუსტად, 97 პასკა მომართვეს და ვხუმრობდი: ბარემ ის სამიც მოეყოლებინათ და გაასდებოდა-მეთქი (იცინის). არადა, მანამდე, დავწერე სოციალურ ქსელში, აღდგომა ახლოვდება და რაღაცა, პასკები არ ჩანს-მეთქი და ისეთი ამბავი ატყდა, ამდენი სად წამეღო, აღარ ვიცოდი. ვხუმრობ ხოლმე: სადღესასწაულო დღეებში ჩემი საახლობლო მშვიდადაა, იციან, ამდენის ჭამას მარტო ვერ გავუმკლავდები და ჩემს იმედზე არიან-მეთქი (იცინის). ახალ წელს მეუღლე ამიტყდა: გინდა თუ არა, ტორტი იყიდეო. ვუთხარი: მაცადე, მოიტანენ და ტყუილად ნუ მაყიდინებ-მეთქი. დაიჟინა: რომ არ მოიტანონ, უნამცხვროდ დამტოვებო. მოკლედ, წავედი და ვუყიდე – მართლა არ დავრჩეთ ისე-მეთქი და მეორე დღეს იმავე კომპანიამ,ზუსტად იმნაირი ტორტი მომართვა. კინაღამ მოვკალი ჩემი ცოლი, ხომ გითხარი, მაცადე-მეთქი (იცინის). მერეც მივიღე საჩუქრად ტორტები და ნამცხვრები და მოკლედ, ახალ წელს ტორტებში ჩაფლული დავხვდი და აღდგომას – 97 პასკით. განებივრებული ბიჭი ვარ და ხანდახან მრცხვენია, წონაზე რომ ვწუწუნებ. მეუბნებიან: შენ შემოსავალიც გინდა, ბარტერიც, კაი ჭამაც, კაი სმაც, ფორმაში ყოფნაც და ტანწერწეტობაც, ეგრე ცხოვრება სად არის აწყობილიო (იცინის).


– მერე იმაზე არ გიფიქრია, ფულის გადახდას არ ჯობია, წილში ჩაგსვან?

– (იცინის) აწი დავფიქრდები. ეს – ხუმრობით. თუმცა, თავიდან მართლა არ მიფიქრია ფინანსებზე, მაგრამ რომ ვერ მუშაობდა, გავუკეთე რეკლამა და ორ დღეში რაც უნდა ეშოვა, ორ საათში ამოყიდა ყველა ლობიანი ჩემი ჩაკბეჩის წყალობით, მერე კი დავფიქრდი ფულზე. ასე რომ, ჩემს გვერდზე კვირაში ორ-სამ სარეკლამო ვიდეოს ვდებ და ფასიანი დაკვეთებიც მაქვს.


– ესე იგი, ფეხი ფეხზე რომ გადაიდო და ლობიანი დაიჭირო ხელში, შემოსავალი არ მოგაკლდება. ხომ ასეა?

– ხო მაგრამ, იმის შიში მაქვს, სადამდე იქნება ეს? (იცინის). დროებითი რომ აღმოჩნდეს, ხომ დავრჩი ლობიანით ხელში და უფულო? (იცინის) ასე რომ მირჩევნია, ჟურნალისტიკას, ტურიზმს „მივაწვე“, ამის პარალელურად, დამატებით კი იყოს ეს შემოსავალიც. არ დამავიწყდება, ერთ-ერთმა საბურავების კომპანიამ მთხოვა: თუ შეიძლება, საბურავის სახე გახდეო. ვუთხარი: ამდენი მუშაობით, სახე კი მაქვს საბურავის ფორმის და ტანზეც რომ გადავიცვა, ეგ მაკლია, მეტი არაფერი-მეთქი (იცინის).


– დავიჯერო, ყველაფერი, რასაც რეკლამას უკეთებ, ისეთი საუკეთესო და გემრიელია, როგორც შენი ემოციით გადმოსცემ თუ იღებ უკმაყოფილო მომხმარებლების საყვედურებს?

– კი, როგორ არა, ვიღებ. მერე მიდის ჩემი დაწიოკება, ლანძღვა და დაბულინგება. მწერენ, ვნახეთ ვიდეო, მივედით და არ მოგვეწონაო. ცხადია, კონკურენტუნარიან გარემოში რეკლამა იმიტომაა რეკლამა, რომ ცოტა გაზვიადებულია. ეს უნდა იცოდეს მომხმარებელმა და ინფორმაცია რეკლამისგან უნდა გამიჯნოს. თუმცა, იმდენად მიყვარს ჭამა და ისეთი არტისტიც არ ვარ, ვჭამდე, არ მომწონდეს და რეკლამას ვუკეთებდე.


– ამ ზაფხულს როგორ ატარებ?

– არაერთი კორპორაციული ტური მაქვს ტურისტებისთვის იმერეთში და უფრო საქმიანი დასვენებები მიწევს. ვხუმრობ ხოლმე: ისეთი მოთხოვნაა ჩემს გიდობაზე, მგონი, მარტო „პრომო ბუჭუნა“ კი არა, როგორც ლიკლიკაძე, ბრენდადაც ჩამოვყალიბდი-მეთქი (იცინის). აგვისტოში კი ჭიათურაში ბანაკის დირექტორად დამიძახეს და იქაც დავისვენებ და თან ვიმუშავებ. თან, გიდის მერე, დირექტორობა კარგად ჟღერს და გადასარევად მოვირგე (იცინის). მართალია, კაბინეტი არ მაქვს და ვერ ვიტყვი კაკუნის გარეშე ჩემს ოთახში არ შემოხვიდეთ-მეთქი, მაგრამ დირექტორი ხომ ვარ? (იცინის).


თბილისელები





კომენტარები:

ფართი შოპი