„უკლებლივ ყველა ძაღლი მოხიკეს და ნაგავსაყრელზე გადაყარეს!“ – სულისშეძვრელი ამბავი ბათუმიდან

07 Jul 2021 23:14

ბათუმიდან სულისშემძვრელი კადრები ვრცელდება. ვიდეოში, რომელსაც ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს, ჩანს მომაკვდავი ძაღლი, რომელიც როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ნაგავსაყრელზე ბათუმის მერიის თანამშრომლებმა მიიყვანეს.

 

„ბათუმის მერიამ ტურისტები არ შეწუხდნენო, მოუგროვებიათ ასობით ძაღლი და პირდაპირ ნაგავსაყრელზე დაყარეს დასალპობად, საშინელება ტრიალებს.“ – აცხადებენ ადგილობრივები.

 

გავრცელებულ ინფორმაციას სხვა ბათუმელებიც ეხმაურებიან:

 

„1 კვირაა გავმწარდით ბათუმის ცხოველთა მოყვარულები, უკლებლივ ყველა ძაღლი მოხიკეს და გადაყარეს.“ – წერს ერთ-ერთი მოქალაქე.

 

„ბათუმში ყველა ძაღლი ნაგავსაყრელზე მოისროლეს“ – წერენ მომხმარებლები.

 

აღნიშნული ინფორმაციისა და გავრცელებული ვიდეო კადრების ნამდვილობის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ ბათუმის მერიას დაუკავშირდა.

 

აი, რას პასუხობს უწყება აღნიშნულ ბრალდებებს:

 

„სოციალურ ქსელში გავრცელდა რთულ მდგომარეობაში მყოფი მიუსაფარი ძაღლების ამსახველი კადრები და ამასთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებები მერიის მისამართით. საკითხის თაობაზე ბათუმის მერიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და დაიგეგმა ერთობლივი ჯგუფის შექმნა, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იმუშავებს.

 

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩაქვის ტერიტორიაზე უკვე დაგეგმილია მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა. ჩატარებულია წინასაპროექტო მოკვლევა და გათვალისწინებულია შესაბამისი თანხები. თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, რაც გადაჭრის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს.

 

გარდა ამისა, ცხოველების მოვლა-პატრონობის მიზნით ბათუმის მერია ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც კონტრაქტორი კომპანიის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში ხდება პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება: სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია, დაბირკვა, დაავადებული და ტრავმირებული ცხოველის მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციული მკურნალობა და სხვა. ბათუმის მერია გმობს ძალადობრივ ფაქტებს მიუსაფარი ცხოველების მიმართ.“ – აცხადებენ უწყებაში.

 

ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე გამოძიება დაიწყება თუ არა.


primetime.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი