ნინო ძოწენიძე: გიგა შეეჩვია ჩემს ასეთ სიტუაციას, სანდრო კი, შემომხედავს და ჩაილაპარაკებს: „გააფრინა“

08 Jul 2021 12:26

მუდამ მოღიმარი, პოზიტიური და დადებითი ენერგეტიკის მასხივებელი, მომღერალი ნინო ძოწენიძე სულ ფორმაშია და ცდილობს, თავისი ხალისიანი განწყობა გარშემო მყოფებს გადასცეს და გაუნაწილოს. ფაქტია, ამას ახერხებს. მისთვის წლების მატება არაფერს ნიშნავს, რადგან ამის გამო არც შეზღუდვებს უწესებს საკუთარ თავს და არც ჩაცმულობაში შეაქვს ცვლილებები.

Admixer

ნინო ძოწენიძე: ზაფხულის სეზონი, მზე, ზღვა, სცენა, მუსიკა და პლაჟი ძალიან მიყვარს. ენერგიით ვივსები, ჩემში თითქოს „რესტარტი“ ხდება. ასე რომ, ჩემი ხასიათი აბსოლუტურად მზეზეა დამოკიდებული.


– თქვი, მზე, ზღვა, მუსიკა და პლაჟი მიყვარსო. ამ ყველაფრის სეზონი კი დადგა, მაგრამ სცენა?

– (იცინის) სიმართლე გითხრათ, სცენა დამავიწყდა. ჩემთვის სტრესული მომენტია, როცა მიკროფონი, სცენაზე დგომა და ხალხის ოვაცია მენატრება. ამ ბოლო დროს გადაცემებში დამპატიჟეს, იქ მომიწია სიმღერა და ამ ყველაფერმა ცოტა ამამოძრავა. თუმცა, მენატრება მაყურებლის ენერგია და ადრენალინი, რაც სცენას ახლავს. მუსიკის გარეშე არ შემიძლია და ძალიან მიყვარს ცეკვა. ამიტომ, ხშირად ვრთავდი მუსიკას სახლში, ვიკეთებდი ყურსასმენებს და ვცეკვავდი. ჩემს თავს ვახალისებდი, ცეკვით და მუსიკით ვუქმნიდი განწყობას და თან, ეს ყველაფერი ჩემს წონაზეც კარგად აისახება. 


ვარჯიში არ მიყვარს, ცეკვა კი ყველაზე კარგი ვარჯიშია ჩემთვის. ცეკვა-ცეკვით, ყველაზე ადვილად ვიკლებ წონაში, ცეკვა-ცეკვით უფრო ხალისით ვაკეთებ საქმეებს და თან, განწყობაც მიმაღლდება. ჩემი ქმარი, გიგა, შეეჩვია ასეთ სიტუაციას, ჩემი შვილი სანდრო კი, გამოვა ოთახიდან, შემომხედავს და ჩაილაპარაკებს: 


გააფრინაო (იცინის). ამას წინათ რომ ვთქვი, ველოსიპედით მინდა, გავისეირნო-მეთქი, შემომხედა და მითხრა: ძოწკა, სირცხვილია! (იცინის) არადა, მე საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ დიდი ვარ და შეიძლება, ჩემთვის ასაკის გამო რამე არ იყოს მისაღები. არანაირი აკრძალვა არ მაქვს. ვერაფერს შევუზღუდავ საკუთარ თავს. 


ფორმაში ყოფნისთვის რომ იცეკვო და იხალისო, ამასთან ასაკი არაფერ შუაშია. აბსოლუტურად ვერ ვგრძნობ, რომ დიდი ვარ, მგონი, რაც წლები მომემატა, უფრო უკან წავედი (იცინის). არც მოკლე შორტსა და კაბებზე ვამბობ უარს. ეს რომ დავუშალო ჩემს თავს და ვთქვა, ეს უკვე ზედმეტია-მეთქი, იქვე გავაფრენ და ვერ გადავიტან. ამიტომ, არც არაფერს ვუზღუდავ თავს და ვერც ვერავინ შემიზღუდავს. სხვათა შორის, რაც წლები მომემატა, უფრო კარგად გავიაზრე სიტყვების აზრი: არ მოკვდე სანამ ცოცხალი ხარ, წინ წადი! თუ კარი იკეტება, ფანჯარა ღიაა! 


წინ უნდა იარო და ზედმეტად არ უნდა ინერვიულო წვრილმანებზე, რაღაცები უნდა „დაიკიდო“ და „გაატარო! ცოტა უხეშად გამომივიდა, მაგრამ მართლა ასეა. გვერდით უნდა შემოიკრიბო საყვარელი ადამიანები და სანამ ცოცხალი ხარ, ცხოვრების სიამოვნება დიდი დოზით უნდა შეიგრძნო. ისეთი ხალხი უნდა გყავდეს გვერდით, სადაც არ ხარ, იქ კბილებით რომ გაგიტანენ და ისინი კი, ვინც დისკომფორტს გიქმნის თავიდან უნდა მოიშორო. არ მიყვარს წუწუნა ადამიანები, მათგან მხოლოდ ნეგატივი მოდის. ასე რომ, გამოცდილებასთან ერთად, ჩემში ადამიანებისა და ემოციების გადაფასება მოხდა.


– ძალიან კარგი რუჯი გაქვს. როგორც ვიცი, ერიდები სოლარიუმში ვიზიტებს და უპირატესობას ბუნებრივ ნამზეურს ანიჭებ. სად მოასწარი ასეთი რუჯის მიღება?

– კახეთში ვიყავი ცოტა ხნით და ჩემს აივანზე, ყავას რომ ვსვამდი, მაშინ მივიღე ეს რუჯი – მარტივად. სოლარიუმს კი ნამდვილად ვერიდები. 


ახლა გამახსენდა: ადრე, ბავშვობაში, ქუთაისში, მე და ჩემი მეგობარი სახურავზე ავდიოდით რუჯის მისაღებად, თან ტირის თოფი აგვქონდა და ბოთლებს ვესროდით. ასე რომ, თან ვირუჯებოდით და თან, კარგადაც ვერთობოდით.


– როგორი მიზანი გაქვს და ზოდიაქოთი მშვილდოსანი ხომ არ ხარ?

– სხვათა შორის, მიზანი არ მაქვს. ზოდიაქოთი კი კურო ვარ – ყველაზე კომფორტული ზოდიაქოს ნიშანი. ადამიანებს კომფორტს ვუქმნი.


– კურო ჯიუტი ხასიათით რომ გამორჩევა და ხშირად რქებით აწვება ცხოვრებას?

– კი, ჯიუტიც ვარ, რქიანიც, მაგრამ ამ რქების გამოჩენა არ მიყვარს. თუმცა, დამთმობიც ვარ და ყოველთვის ვცდილობ, ადამიანებში ცუდი მხარეები არ დავინახო და აქცენტს კარგ მხარეებზე ვაკეთებ. ზოგადად, მშვიდობის მოყვარული კურო ვარ, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში, პანდემიის გამო ვიყავი გაღიზიანებული და სალონში ყოფნის დროს სხვა ადამიანი „გავიჩითე“.


– კონკრეტულად რა მოხდა?

– პირბადე ტუჩზე მქონდა ჩამოწეული და ქალბატონმა შენიშვნა მომცა: ცხვირზე აიწიეო. არადა, ნევროზულობის ფონზე უჰაერობა მაწუხებს. ისე გამოვედი წყობიდან, ნამდვილი კურო „გავიჩითე“, გამოვენთე და ავუყვირდი: 

ასე თუ

გეშინიათ, სახლში გამოიძახეთ სპეციალისტი და იქ გაიკეთეთ მშვიდად მანიკიური-მეთქი. მართლა არ ვიცი, რა დამემართა, ჩემს თავს არ ვგავდი, ზედმეტად ვიუხეშე. თუმცა, მერე ისე ვინერვიულე, მოვუბოდიშე.


– ახლა დასვენების პერიოდია, ექსტრემალურ დასვენებას ამჯობინებ თუ ზღვის სანაპიროზე, ჰორიზონტს რომ გასცქერი, მშვიდად გირჩევნია ძალების აღდგენა?

– არ მიყვარს ექსტრემალური სიტუაციები, არ არის ჩემი. რამდენიმე წლის წინ დახრჩობას გადამარჩინა დაქალმა, თმაში მომკიდა ხელი და ამომათრია. ცურვა არ ვიცოდი, ტალღებმა ჩამითრია, ძალიან შემეშინდა. ამის მერე წყლის შიში მქონდა, თუმცა გადავლახე, ცურვაც ვისწავლე და აღარც დახრჩობის მეშინია. სიკვდილს თვალებში ჩავხედე და მართლა მეგონა, ეს იყო ჩემი ბოლო წამები, ცხოვრების დასასრული. თუმცა, არა! კიდევ იყო ერთი შემთხვევა (იცინის). მოკლედ, „ციცინათელა“ ახალი გახსნილი იყო, მეგობარი გადამეკიდა, ეს ატრაქციონი არ არის საშიში, დაჯექიო. დავუჯერე და რომ ავიდა ცაში, დატრიალდა, დაიწყო ქანაობა და გამისროლა ჩემი სკამიანად ჰაერში ჯაჭვმა, ხან მარცხნივ და ხან მარჯვნივ, ისე ვღნაოდი, კინაღამ გული გამიჩერდა. გეფიცებით, მართლა მეგონა, გამიჩერდებოდა. ერთხელ სიკვდილს ხომ წყალში ჩავხედე თვალებში, მეორედ – ჰაერში (იცინის). არასოდეს დამავიწყდება ბავშვობაში, სოხუმში, დასვენება, ზღვაზე. ის სუნი დღემდე მახსოვს. სოფლიდან, იცით, რა მახსოვს? 


ჯიხაიშში, მამა რომ ჩამოვიდოდა – ჭიშკრის ხმა, ჩემი გაქცეული ნაბიჯების ხმა და მამასთან ჩახუტების ემოციის დროს, სიხარულით გულის ბაგა-ბუგი. ძალიან ცელქი ვიყავი, სულ ხეებზე დავძვრებოდი. თხილი მიყვარდა და ხშირად ვიპარავდი – მოპარულ თხილს სულ სხვა გემო ჰქონდა. ერთხელ კი, წითელი კაბა მეცვა, ინდაური გამომეკიდა, ძლივს გავასწარი და მამას ჩავეხუტე. რომ დამწეოდა, კარგად ჩამკორტნიდა. 


იმ დღიდან, მეზიზღება მისი დანახვა, არც ინდაურის ხორცი მიყვარს. სხვათა შორის, ჩვენს სახლში ინდაურის მირთმევა აკრძალულია.

– ახლახან ქეთა თოფურიას შვილის დაბადების დღეზე იყავი დაპატიჟებული, რისი ამსახველი არაჩვეულებრივი ფოტოები სოციალურ ქსელშიც დადე.

– ქეთასთან ბევრი წელი მაკავშირებს და ძალიან მიყვარს. მიხარია, რომ ისევ ისეთია, როგორიც წლების წინ მახსოვს. ამდენს მიაღწია, ძალიან წარმატებულია და ისევ იმ ქეთად დარჩა. 


მიყვარს მისი ხასიათი და შინაგანი სამყარო, არასოდეს იცვლება, სულ პოზიტივს ასხივებს. ბავშვის დაბადების დღე კი იყო, მაგრამ ღია ცის ქვეშ, წყნეთში, დიდებიც კარგად გავერთეთ და გვიანობამდე ვიჭუკჭუკეთ. ცოტა ხალხი იყო – ვიწრო წრე და ძალიან ახლობლები. ქეთა საოცრად გამოიყურება, მისი შინაგანი პოზიტიური განწყობა მის გარეგნობასაც ეტყობა.


– ქეთა მარტო იყო ჩამოსული თუ ქმართან ერთად? დიდი ხნით რჩება?

– ქეთა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჩამოვიდა. თუმცა, მალე ბრუნდება და მერე დასასვენებლად ისევ ჩამოვა. ძალიან უყვარს საქართველო და ყოველ ზაფხულს აქ ამჯობინებს დასვენებას.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი