ალეკო ელისაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ გაცილებით დაშაქრულ კითხვებს ველოდებოდი “ოცნებისგან“, მაგრამ ალაგ-ალაგ მწვავე კითხვებია

08 Jul 2021 13:59

ან გაქვს ღონე, რომ გააჩერო ეს პროცესი და სწორი იქნებოდა, რომ შეჩერებულიყო, მაგრამ ვხედავთ, რომ ვერ გავაჩერეთ, ამიტომ რა ჯობია - ზურგი ვაქციოთ, გავიბუტოთ და „ოცნებას” დავუტოვოთ საჟღურტულოდ ეს კანდიდატები, თუ მივიდეთ და მწვავე კითხვები დავუსვათ? - ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესთან დაკავშირებით განუცხადა.


როგორც ელისაშილმა აღნიშნა, წუხს, რომ ოპოზიცია კანდიდატების მოსმენას არ ესწრება, რადგან “ყველას რომ დაესვა კითხვა, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით არსებობს, უკეთ გამოჩნდებოდა, რომელი მოსამართლე იმსახურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას”.


“თავს ვერ მოვიტყუებთ - “ქართული ოცნება” მხარს თუ დაუჭერს ლეგიტიმაციაც იქნება და დანიშნავენ. გაცილებით დაშაქრულ კითხვებს ველოდებოდი “ქართული ოცნებისგან“, მაგრამ ალაგ-ალაგ არის მწვავე კითხვები. განცდა მაქვს, რომ რამდენიმე კანდიდატით ისეთივე აღშფოთებულები უნდა იყვნენ, როგორც დანარჩენები”,- განაცხადა ელისაშვილმა.


კითხვაზე, მიიღებს თუ არა პარტია “მოქალაქეები” კენჭისყრაში მონაწილეობას, ელისაშვილი ამბობს, რომ წინასწარი განწყობა არ აქვთ და ეს დამოკიდებულია იმაზე, რა შთაბეჭდილებას დატოვებენ კანდიდატები.


“ნდობა ჯერჯერობით არავის დაუმსახურებია. განსაკუთრებით გუშინდელ კანდიდატს თევზაძეს, რომელსაც, იმედი მაქვს, მხარდაჭერა არ ექნება. სხვები, ვნახოთ. შთაბეჭდილება არავის მოუხდენია, ყველა ცდილობს მწვავე კითხვებს გაექცეს, ვითომ „კლანი“ არ არსებობს. რომ მეთქვა ვინმეზე, რომ ეს არის პრინციპული, მტკიცე, ჩამოყალიბებული თავდაჯერებული მოსამართლე, რომელიც მართლა მოსამართლეობას იმსახურებს, ასეთი შთაბეჭდილება ჯერჯერობით არავის დაუტოვებია. 


კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება დამოკიდებულია იმაზე, ვინ რა შთაბეჭდილებას დატოვებს. წინასწარ არც ის განწყობა არ გვაქვს, რომ არავის დავუჭიროთ მხარი, ვინც რა შთაბეჭდილებას დატოვებს, ისე ვიმოქმედებთ”,- განაცხადა ელისაშვილმა.


ცნობისთვის, დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება, ქეთევან მესხიშვილის მოსმენით დაიწყო. დღესვე, 16:00 საათიდან მოუსმენენ კიდევ ერთ კანდიდატს, რევაზ ნადარაიას.


ინფორმაციისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 9 კანდიდატი წარუდგინა.


უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.





კომენტარები:

ფართი შოპი