დავით მათიკაშვილი - პოლიტიკური უტიფრობით ქულები საქართველოში ჯერ არავის დაუწერია და ვერც გიორგი გახარიას პარტია დაიწერს

08 Jul 2021 15:35

ახალი შექმნილი პარტიაა და თითქოს ცდილობს პოლიტიკური ქულების დაწერას, მაგრამ გარწმუნებთ, ტყუილით, ფაქტების დამახინჯებით, პოლიტიკური უტიფრობით პოლიტიკური ქულები საქართველოში ჯერ არავის დაუწერია და ვერც გიორგი გახარიას პარტია დაიწერს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „პრაიდთან” დაკავშირებული მოვლენების შესახებ ყოფილი პრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას შეფასებას.


როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, გიორგი გახარიას მისი მინისტრობის დროს ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი.


„პოლიტიკურ უტიფრობას რომ საზღვარი არ აქვს, გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი შეფასებებით. ჩვენ შეგვიძლია ხაზი გავუსვათ იმას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით სამინისტრო ყოველთვის მოქმედებს კანონის მაქსიმალური დაცვით. შეგვიძლია დღევანდელი გადასახედიდან იმ სპეცოპერაციებს შევხედოთ, რომელიც გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მოხდა და გარკვეული კითხვის ნიშნები საზოგადოებაში არსებობს და ამას პასუხი სჭირდება, რასაც ვერ ვიტყვით იმ აუცილებელ ზომებზე, რომელიც 5-6 ივლისს გახდა საჭირო. აქ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო მოწოდების სიმაღლეზე.


სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხრიდან, ამ შემთხვევაში გახარიას მხრიდან, ხდება ფაქტების დამახინჯებით კონსტანტაცია და ამ ყველაფრის გამოყენება საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის”,- განაცხადა მათიკაშვილმა.


ამასთან, მათიკაშვილის აზრით, 5-6 ივლისს პოლიციამ ეფექტიანად იმუშავა.


„სამწუხაროდ, ფაქტები, რომელიც ასეთ დაპირისპირებას იწვევს, ხდება ჩვენს ქვეყანაში. ყველა ასეთი აქციის ორგანიზატორმა თავიდანვე უნდა გააანალიზოს, რომ ამ აქციას შესაძლოა პროვოკაციული ხასიათი მიეცეს და ის შედეგები გამოიწვიოს, რაც საზოგადოება იხილა.


თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა ეფექტიანად, ასრულებდა კანონისმიერ ვალდებულებებს და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ამ ორმა აქციამ კიდევ უფრო მძიმე ხასიათი არ მიიღო და არ გადავიდა მასიურ შეხლა-შემოხლაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყოსიერად აღკვეთა ყველა ასეთი ქმედება, რაც სრულდ ჯდება კანონის ფარგლებში”,- განაცხადა მათიკაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის” დამფუძნებელი, გიორგი გახარია „პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებილ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის, რაც ვნახეთ, „წარმოუდგენელი იყო“ და სახელმწიფომ მოქალაქეები ვერ დაიცვა.


„უმძიმესი საყურებელი იყო, როცა ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, როცა სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან მოქალაქეები - ეს უუნარობის გამოხატულება იყო”, - განაცხადა გახარიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი