ვახტანგ გომელაური - სპეცრაზმი იყო გამოყვანილი, 3200 კაცი მუშაობდა, მაგრამ 20 ლოკაციაზე გაანაწილო, დაახლოებით 150 ადამიანი გამოდის ერთ ლოკაციაზე - ფიზიკურად აღარ არის საშუალება

08 Jul 2021 17:07

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცახდებით, თბილისში განვითარებული მოვლენებისას, უწყებას სპეცრაზმის თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე გაყვანილი ჰყავდა.

ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, მმართველი ხელისუფლება 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას იღებს.

„სპეცრაზმი გამოყვანილი იყო. მაინცდამაინც რობოკოპებით ჩაცმულებმა უნდა იარონ? ესენი ჩვეულებრივი პოლიციელები არიან. როცა სჭირდებათ ჩაცმა, უნდა აღიჭურვონ პლასტმასებით, ხელკეტებით. ეს ადამიანები გამოსულები იყვნენ. 3-4 დღეა ერთი და იგივეს ვლაპარაკობთ. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ. ჩვენ ვართ მმართველი ხელისუფლება“, - განაცხადა გომელაურმა.


მისი თქმით, სამართალდამცველები მთელი თბილისის მასშტაბით იყვნენ გაშლილები, მათ შორის იყვნენ გაერო-ს ოფისთანაც.


„სპედანიშნულების რაზმი იყო გამოყვანილი, 3200 კაცი მუშაობდა იმ დღეს. თავიდან იყო სამი ლოკაცია, ამაზე გუშინ წინ ჩემმა მოადგილემ ისაუბრა. მერე გახდა 8 ლოკაცია და ბოლოს იყო 20. 20 ლოკაციაზე გაანაწილო ადამიანები, 3200 კაცი, დაახლოებით გამოვა 150 ადამიანი ერთ ლოკაციაზე. ფიზიკურად აღარ არის საშუალება“, - განაცხადა გომელაურმა.


ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა. მანამდე კი სალომე ზურაბიშვილთან იმყოფებოდნენ პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე.





კომენტარები:

ფართი შოპი