ლარი გამყარების ახალი ეტაპი დაიწყო - კურსი თანდათან 3.0-ის ფარგლებში

08 Jul 2021 18:42

 დასტაბილურდებაყველა პროგნოზით, ივნისშიც ეკონომიკის მაღალი ზრდა იქნება, შესაბამისად, სტაბილურობა მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდებაგვანცა წულაია(07.0

ლარმა გამყარების ახალი ეტაპი დაიწყო. რამდენიმეკვირიანი სტაბილიცაზიის შემდეგ, ბოლო დღეებია, კურსი ყოველდღიურად იუმჯობესებს პოზიციებს. შესაძლოა, ეს სწორედ ის პერიოდია, რომელზეც სპეციალისტები რამდენიმე კვირის წინ საუბრობდნენ, რა დროსაც ქართული ვალუტა 3.0-იან ნიშნულამდე ჩამოვა. 


ბოლო დღეებში ლარი დოლართან მიმართებით 3 თეთრით გამყარდა და დღესდღეობით ერთი ამერიკული დოლარი 3.13 ლარი ღირს. ტენდენცია უდავოდ დადებითია. ახლა ყველა ფაქტორი და მომენტი იქითკენაა მიმართული, რომ ლარის კურსი კიდევ მეტად გამყარდეს. ხელის შემშლელი ფაქტორები მოხსნილია, მოლოდინი - საკმაოდ პოზიტიური. 


მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 9.5%-ზე დატოვება, ზაფხულის ტურიზმის სეზონი, ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი, მაისის მაღალი ეკონომიკური ზრდა - ეს ის ფაქტორებია, რომლებიც კურსის მეტად გამყარებას უზურნველყოფს. 


ფინანსისტი გიორგი ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ ლარმა ნამდვილად გამყარების გზას კიდევ ერთხელ დაადგა და კურსი ამჯერად 3.0-3.10-ის ფარგლებში იქნება. 


`ჩემი პროგნოზი იყო კიდევაც, რომ კურსი 3.0-3.10-ის ფარგლებში იქნებოდა. ეს უკავშირდება ეკონომიკის იმ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, რომელიც იყო აპრილ-მაისში. გაზრდილია ექსპორტი, მათ შორის წარმოების სექტორში. ამას დაემატა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიცაა ტურიზმის აღდგენა. მოლოდინი არის, რომ შეიძლება 45%-ით აღდგეს ტურიზმი იმასთან შედარებით, რაც 2019 წელს იყო. ეს პირდაპირ მოქმედებს სავალუტო ნაკადებზე. ძალიან მნიშვნელოვანი ზემოქმედება აქვს ფულადი გზავნილების დინამიკასაც, რომელიც ასევე მზარდია. 


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობაა. სავალუტო კურსის რყევა ხშირად მოლოდინზეა დამოკიდებული. ყველა პროგნოზით, ივნისშიც ეკონომიკის მაღალი ზრდა იქნება. ეს ფაქტორები კი იძლევა იმის საშუალებას, რომ სტაბილურობა მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. 


შიდა ფაქტორები გარდა, ლარისთვის გარე ფაქტორებიც ხელსაყრელია. გლობალურ ბაზარზე კრიზისი არ შეიმჩნევა. ეკონომიკა სტაბილიზაციისკენ მიდის და ფაქტიურად, ხდება შოკიდან გამოსვლა, რომელიც პანდემიამ გამოიწვია. ჩვენ ახლა პოსტკრიზისულ პერიოდში ვიმყოფებით და ეს დრო ყველგან პოზიტიურია”, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ “რეზონანსთან”.


დიდი რეცესიის შემდეგ, ეროვნულმა ვალუტამ სწრაფი გამყარებისკენ აიღო გეზი და მოკლე პერიოდში 3.42-იანი ნიშნულიდან 3.16-ზე ჩამოვიდა. მას შემდეგ, რამდენიმე კვირა, სტაბილურად 3.15-3.17-ის გარფლებში ტრიალებდა და უკვე რამდენიმე დღეა, რაც სავალუტო ბაზარზე ლარმა პოზიციები კიდევ მეტად გაიმყარა და 3.13-ზე დაბლა დაეშვა. 


როგორც აღმოჩნდა, დადებითი მოლოდინის იმედი აქვს საბანკო დარგის სპეციალისტებს. მათი აზრით, ლარის გამყარებისთვის ყველანაირი წინაპირობა არსებობს და თუ მოულოდნელად ხელიშემშლელი ფაქტორი არ გამოჩნდება, ეს ასეც მოხდება. 


როგორც საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს, ეროვნული ვალუტის გამყარება იმ პროცესის გაგრძელებაა, როდესაც სტაბილიზაციის საკითხის გადაჭრა დაიწყო ხელისუფლებამ.


“ღრმა ეკონომიკური დაცემის შემდეგ, ყოველთვის მოსალოდნელია აღმავლობა. დღეს, საქართველო გაჯანსაღების გზას დაადგა. შეიცვალა დამოკიდებულება და გაჩნდა იმედი, რომ ეკონომიკა აღარ ჩაიკეტება. ის რაც ჩაკეტილი იყო, ყველაფერმა დაიწყო აღდგენაც და აღმასვლაც. სწორედ ამან განაპირობა ლარის კურსის გამყარება, რასაც დაემატა წინასწარ აღებული გარკვეული სესხები, რომლებიც ლარის კურსის გამყარებას ეხებოდა და ეს გაგრძელება იმ პროცესის, როდესაც სტაბილიზაციის ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ხელისუფლებამ. 


გააქტიურდა ექსპორტი, რომელიც გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე იმპორტი. ამან განაპირობა უცხური ვალუტის შემოდინება, რომელმაც გაამყარა ლარის კურსი. ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, რადგან ზრდის ტემპი, რომელიც მაღალი იყო აპრილისა და მაისის თვეებში თანდათანობით შემცირდება და დაუბრუნდება საშუალო ნიშნულს. სწორედ მაშინ დაიწყება იმის გათვლა, თუ რა შეიძლება მოხდეს ეკონომიკაში”, - უთხრა მიხეილ თოქმაზიშვილმა “რეზონანსს”.





კომენტარები:

ფართი შოპი