ნიკა გვარამია “სარკესთან” საუბრობს:
ნიკა გვარამია: ბავშვობაში ძაღლზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ არასოდეს მყოლია. როგორც კი ჩემმა შვილებმა მითხრეს, ძაღლი გვინდაო, მაშინვე მოვუყვანე და თან ორი, ერთი – გოგოსთვის და ერთი – ბიჭისთვის. სამწუხაროდ, ერთი მოკვდა – დიდი ძაღლი დაესხა თავს და… ეს იყო მალტეზის ჯიშის ძაღლი, რომელიც ტანით ძალიან პატარაა. დიდ ძაღლს არ დაუგლეჯია, მაგრამ შეეშინდა და გული გაუსკდა.
უზომოდ ვიგლოვე. ჩემი ოჯახის სასაფლაოზე დავკრძალე და იქ რომ მივდივარ, ცოტა ხანს კოკოს საფლავთანაც ვდგავარ. ჩემთვის ადამიანია კოკო. ედგარს ხომ საერთოდ. ოჯახის წევრებისგან ვერ ვასხვავებ, არავისზე ნაკლებად არ მიყვარს და მას ხომ სამყაროში ყველაზე მეტად ვუყვარვარ.
ეს სახეობა ინგლისში გამოყვანილი ჯიშია სელექციის გზით. მისი წინაპარი ჩინეთიდანაა ჩაყვანილი ინგლისში და მერე, სელექციის გზით გამოიყვანეს და ინგლისი დედოფალ ვიქტორიას საყვარელი ძაღლი იყო – 10-15 ერთად დაჰყვებოდაო.
ორივე ძაღლი კობა ნაყოფიამ მაჩუქა. მას ჰყავდა ფანტასტიკური მალტეზი და ვთხოვე, სად იყიდე, მეც მინდა-მეთქი. მიპასუხა, შენ ვერ იშოვი, მე უცხოეთიდან ჩამოვიყვანეო. ჩემი გოგოსთვის, ქექესთვის რომ შემპირდა მალტეზს, ბიჭმა, სანდრომ, ატეხა ჯღნავილი, მეც მინდა ძაღლი, მაგრამ ეგ არა, ეგ გოგურიაო. თავად მაჩვენა თავისი საყვარელი პერსონაჟი “იუთუბზე”. ერთ მისთვის საყვარელ იუთუბერს ჰყავს ზუსტად ასეთი ძაღლი და მასაც ედგარი ჰქვია.
კობას ვთხოვე, თუ არის შანსი, ეს ძაღლიც მინდა-მეთქი და ჩამომიყვანა ზუსტად ის, რაც მინდოდა. ასეთი ჯიშიანი ძაღლი არც ფაგია საქართველოში და არც მალტეზი. ფაგი საერთოდ ყველაზე ერთგული ძაღლია ძაღლების ჯიშებს შორის არსებულ ერთგულების შკალაში – 10-დან 10 ქულა აქვს, თუმცა ცოტა სულელია და ამის გამო კიდევ უფრო მეტად მიყვარს.
ნუ, გერმანული ნაგაზი არ არის, რომ ყველაფერს თავისით მიხვდეს. ყველაფრით გაგრძნობინებს, რომ ძალიან უყვარხარ.
ჩემზე მეტად კი ერთადერთი რამ უყვარს – ჭამა. ოღონდ არ უნდა აჭამო, რადგან გასუქებისკენ არიან მიდრეკილნი. მე კი ძალიან მიჭირს, რომ არ ვაჭამო და ამის გამო ცოლიც და შვილიც მეჩხუბებიან. მაინც ვაჭმევ ხოლმე სულგუნის ნაჭერს. ბუთქუნაა, რომ შეხედავ, მაგრამ თავის პარამეტრებში ზის, გადაჭარბებულად მსუქანი არ არის.
გასუქება ძალიან საშიშია, რადგან მიჭყლეტილცხვირიან ძაღლებს სუსტი სასუნთქი სისტემა აქვთ და წონა რომ ემატებათ, სუნთქვა უჭირთ. ამის გამო ხშირია სიკვდილის შემთხვევები. ეს მაკავებს, თორემ სულ ვაჭმევდი.
უცხიმო სულგუნს ვაჭმევ. მოხარშული ხორციც დიეტურია და ისიც შეიძლება. ამ ძაღლებისთვის არის სპეციალური გასანებივრებელი საკვები, რომელსაც ვყიდულობ და ჩუმად ვაჭმევ.
ამ საჭმელსაც თავისი დოზა აქვს, მაგრამ რომ მოვალ და მომიცუცქდება, სულ უნდა, რომ ჭამოს. გიჟდება ჩვენთან დაძინებაზე, მაგრამ არ ვუშვებთ.
როგორც კი დაიგულებს კარს ღიას, შემოვარდება და საწოლის ქვეშ ძვრება, რომ ვერ გამოვიყვანოთ და იქ იძინებს. ჩვენი უფროსი შვილი, რომელიც ამერიკაშია, ედგარის სანახავად “სკაიპით” რეკავს. ყველას არანორმალურად გვიყვარს.
აბსოლუტურად უაგრესიოა. ამ ჯიშმა კბენა საერთოდ არ იცის. ყეფაც ძალიან სასაცილოდ იცის. კარზე ვინმე რომ რეკავს, მაშინ ყეფს, მაგრამ გიჟდება სტუმრებზე, ეფერება და ლოკავს ყველას. ისეთი საყვარელია, ამაზე საყვარელი არსება თუ არსებობს ამ სამყაროში, არც ვიცი.
ცოტა უზრდელია, რადგან ისეთ ადგილას იზამს რაღაცას, სადაც არ შეიძლება, მაგრამ მე ვერ ვუბრაზდები. ჩემი ცოლი, სოფო, უბრაზდება. ოთახის ძაღლია და გარეთ მისი დიდხანს ყოფნა არ შეიძლება. ვასეირნებთ ხოლმე ეზოში, “მზიურთან” ვცხოვრობთ და იქ პარკში ჩაგვყავს, ხან ვაკის პარკშიც მიგვყავს. სოფელშიც მიდის ბებიასთან.
სხვათა შორის, ბებიასთან მოკვდა ჩემი კოკო, იქ დაესხა დიდი ძაღლი თავს. ჩვენი შეცდომა იყო, გარეთ არ უნდა გაგვეყვანა. მალტეზი თვითონ გაეკიდება ხოლმე დიდ ძაღლებს. ის დიდი ძაღლი კი შემოუბრუნდა და თავს დაესხა – ყეფით გამოექანა მისკენ და გული გაუხეთქა.
ეს ამბავი რომ ჩემი თვალით მენახა, შეიძლებოდა ახლა თქვენთან ამაზე ვერ მელაპარაკა. ხომ გგონიათ, რომ მე არაფერზე ვნერვიულობ. კოკოს კი მართლა კინაღამ გადავყევი. პირდაპირი მნიშვნელობით, მეგრული გლოვა მქონდა.
ბიჭებს კუბო გამოვაჭედინე, ჩავასვენე და საგვარეულო სასაფლაოზე დავასაფლავე.
მე რომ იქ ვყოფილიყავი, ალბათ ეს ამბავი არ მოხდებოდა. რომ მომხდარიყო და დამენახა, ის ძაღლი რომ ცოცხალი აღარ იქნებოდა!..
ჩემი შვილების ბებიაა, სოფოს დედა, რომელთანაც სიძესიდედრისეული დამოკიდებულება არ მაქვს და ძალიან მიყვარს. დიდ დიღომთან აგარაკი ჰქონდათ და ახლა იქ გადავიდა. ბებიამ კოკოს სიკვდილი ძალიან იდარდა და ამის მერე დაბადების დღეზე ვაჩუქე მონადირე ძაღლი, ვაიმანარელი. ეს ულამაზესი ჯიშის ძაღლია.
– ამბობთ, ბავშვობაში ვოცნებობდი ძაღლზეო. რატომ იყო ეს ოცნება თქვენთვის აუხდენელი?
– სოხუმში დიდეზოიანი სახლი გვქონდა და რომ გავიზარდე, მერე დედაჩემს ვკითხე, რატომ არ მიყიდეს ძაღლი და მისი პასუხი ასეთი იყო:
ნიკა, ხომ იცი, რომ მომკვდარიყო, მეც გადავყვებოდიო. მაშინ ვერც მივხვდი, რას მეუბნებოდა, მაგრამ კოკო რომ მოკვდა, მივხვდი.
იმაზე ფიქრიც არ მინდა, რომ ედგარი მოკვდება, მაგრამ ეს ოდესღაც მოხდება და აუცილებლად მაშინვე ახალს ვიყიდი, თორემ ამ ამბავს სხვა ვერაფერი გადამატანინებს.
ჩემს შვილებს ამერიკაში ყოფნის მერე ფსიქოთერაპევტი დასჭირდათ, მაგრამ ამ რეაბილიტაციის ამბავში ყველაზე მეტად მაინც ძაღლები დაეხმარნენ. ყველაზე კარგი ფსიქოთერაპევტი სწორედ შინაური ცხოველია.
ბოლო თვეები ჩემთვის უმძიმესი იყო. ბავშვებთან კომუნიკაცია არ გამომდიოდა, რადგან ჩემი ცუდი ხასიათი მათთვის გადამდები ხდებოდა. ძალიან სენსიტიური შვილები მყავს და კარგად გრძნობენ, როგორ ვარ. ამიტომ მე თვითონაც ვერიდებოდი, არ მინდოდა, ეგრძნოთ, რომ თავს სუსტად ვგრძნობდი. ამიტომ ჩემი მთავარი მოკავშირე და მთავარი ფსიქოთერაპევტი ედგარი იყო.
ძალიან დიდი როლი ითამაშეს სოფომ და ედგარმა, რომ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. სახლი თუ მექნა ოდესმე, აუცილებლად ეზოს ძაღლსაც ვიყოლიებ.
ალია