ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს COVID-19 მასობრივი ვაქცინაციისთვის მზაობაში ეხმარებიან

08 Jul 2021 21:53

72 მაღალი ხარისხის ლეპტოპი, ვაქცინების სატარებელი 200 ყუთი, ყინულის 300 სამედიცინო მაცივარი და მათი აქსესუარები, 300 თერმომეტრი, სპეციალიზებული ვაქცინაციის ავტომობილი - ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უწევენ საქართველოს COVID-19-ის მასობრივი ვაქცინაციისთვის მოსამზადებლად.

 

დღეს დაავადებათა კონტროლისა  და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ევროკავშირის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე, კატალინ გერმანი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე ეწვივნენ, მოწყობილობების ნაწილი გადასცეს და ვაქცინაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო საკითხებიც განიხილეს.

 

ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი და WHO უწევს საქართველოს. პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი და WHO საქართველოს COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევასა და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორის მზაობის გაუმჯობესებაში ეხმარებიან. ახლა კი, ვაქცინაციის მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში საქართველო იღებს ისეთ დახმარებას, როგორიცაა საჭირო მოწყობილობები, პროგრამებისა თუ აპლიკაციების შექმნა, ვაქცინაციის პროცესში ჩართული პერსონალის ტრენინგი, ვაქცინების ეფექტიანობის მონიტორინგი და საკომუნიკაციო საქმიანობის მხარდაჭერა.

 

„ვაქცინები და მათი მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პანდემიის დასაძლევად. რამდენიმე დღის წინ საქართველომ ავსტრიისგან მიიღო ვაქცინები, ხოლო დღეს კი WHO-სთან ერთად გადავცემთ მოწყობილობებს, რათა ვაქცინების გამოყენება რაც შეიძლება ეფექტურად მოხდეს, მაქსიმალური ზეგავლენის მისაღწევად. ევროკავშირი და ევროპის გუნდი აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას პანდემიის პერიოდში,“ - ამბობს კატალინ გერმანი, ევროკავშირის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადილე.

 

„ველით, რომ მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში ივლისში დაიწყება და იმედი გვაქვს, ეს მოწყობილობები ვაქცინაციის ჯგუფებს საქმიანობის ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება. ასევე, იმედი გვაქვს, რომ სასარგებლო იქნება ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო იღებს ევროკავშირის და WHO-ს ერთობლივი ინიციატივების ფარგლებში,“ - ამბობს სილვიუ დომენტე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

 





კომენტარები:

ფართი შოპი