"წყალი დავლიოთ მაშინ, როდესაც არ გვწყურია, თუ გვწყურია, ეს ნიშნავს, რომ უკვე დავკარგეთ სასიცოცხლოდ აუცილებელი წყლის გარკვეული რაოდენობა" - მარი მალაზონია

08 Jul 2021 23:05

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" ზაფხულზე საკვები პროდუქტების უსაფრთხოდ შენახვასა და წყლის გამოყენების მნიშვნელობაზე საუბრობს:

- კვება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია რომელიც დაგვეხმარება, თავი გავართვათ ზაფხულში, ძლიერი სიცხის დროს წარმოქმნილ სითბურ ტალღებს. მთავარი პრინციპი უცვლელია - დაბალანსებული კვება, როდესაც ყველა ჯგუფის პროდუქტი გვაქვს რაციონში. სულ ცოტა, ხუთი ჯგუფის პროდუქტი უნდა იყოს ყოველდღიურად ჩვენს კვების რაციონში. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არ დაგავიწყდეთ, რას ნიშნავს მაღალი ტემპერატურის გარემოში საკვები პროდუქტების შენახვა. გარკვეული კატეგორიის პროდუქტები მალფუჭებადია. ყველამ იცის, რომ კრემიანი საკვებიდა პროდუქტები, რომლებიც მაღალი ტემპერატურის პირობებში ნოყიერ გარემოს ქმნის სხვადასხვა მიკროორგანიზმის განვითარებისთვის, სახიფათოა და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, შენახვის წესების დაცვის კუთხით. ყველა საჭირო ნივთიერება უნდა მივიღოთ, მაგრამ ისე, რომ ჩვენთვის უსაფრთხო იყოს. როდესაც ცხიმზე ვსაუბრობთ, დღევანდელი რეკომენდაცია იმას კი არ გულისხმობს, რომ ცხიმი რაციონიდან ამოვიღოთ, არა - დაბალანსებული კვების შემთხვევაში, დღიური რაციონის 25-30% ცხიმის ხარჯზე უნდა იყოს შედგენილი. ზეთს მაცივარში შენახვა არ სჭირდება. გრილ, ბნელ ადგილას უნდა ინახებოდეს, რაც მისი თვისებების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. თუ თქვენ ასეთ პროდუქტს მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ, მაღალი ტემპერატურის პირობებში ტოვებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ცხიმს აქვს რისკი, რომ ამძაღდეს. 


ამძაღებული პროდუქტს მხოლოდ ცუდი გემო არ აქვს. ეს არისშეცვლილი შემადგენლობის პროდუქტი, რაც არ არის სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის. არსებობს აზრი, რომ ამძაღებული ცხიმები გადავადუღოთ და გამოვიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამძაღებული ცხიმი შემადგენლობაშეცვლილი პროდუქტია, მისი გადადუღება პროცესირებას გულისხმობს, რაც საზიანო ნივთიერებებს კი არ ამცირებს, ზრდის. რაც შეეხება ცილებს, ცილაც მაღალი ტემპერატურის პირობებში სტრუქტურას იცვლის. 


თუ მაღალი ტემპერტურისა და არასწორი შენახვის პირობებში ცილის მოლეკულა დაიშალა, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერებები წარმოიქმნება, რაც დაძველების, შენახვის პირობების დარღვევის შედეგად წარმოიქმნება. 


მაღალი ტემპერატურის პირობებში ცილაც იხრწნება და ჩვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო ხდება. როდესაც გაგრილებაზე ვლაპარაკობთ, ჩვენი წინაპრები უკიდურესად ცხარე, მწარე პროდუქტებს იყენებდნენ, რაც ორგანიზმის წამოხურებას და გარკვეულწილად გაგრილებასაც გულისხმობს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რეკომენდაციას გაძლევთ, რომ მაქსიმალურად ცხარე პროდუქტები მიიღოთ. მინდა გასწავლოთ ძალიან მარტივი გზა, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ წყალი მაშინაც, როდესაც მისი გემო არ მოგვწონს. შეიძლება წყალს მართლაც ჰქონდეს თავისი ხარისხიდან და თვისებებიდან გამომდინარე განსხვავებული გემო, რაც შემოწმებას მოითხოვს, მაგრამ თუ წყალი უსაფრთხოა იმ გარემოში, სადაც ცხოვრობთ, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მარტივი წესები. ლიმონის წყალში ჩაწურვა საგემოვნო თვისებებს აუმჯობესებს. სხვათა შორის, წყურვილის მოსაკლავად ძალიან კარგი საშუალებაა. შეგიძლიათ სახლში ყინულის კუბები მოამზადოთ, თუმცა არა მხოლოდ წყლის, არამედ სხვადასხვა შიგთავსის. მაგალითად, სხვადასხვა სახეობის კენკრა, კურკაგამოცლილი ალუბალი, პიტნის ფოთლები, ყურძნის მარცვალი ან გარგრის პატარა ნაწილი. შეგიძლიათ წყალი დაასხათ და გაყინოთ. შემდეგ ჭიქა წყალში ჩააგლოთ ან გამოიყენოთ როგორც საწუწნი. 


ეს ხრიკი ძალიან გვეხმარება, განსაკუთრებით, იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც არ შეგვიძლია ბევრი წყალი მივცეთ ან წყლის ყლაპვა უჭირთ, ასეთი კუბების მეშვეობით დავეხმაროთ. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, ადამიანი წყლის საერთო საჭირო რაოდენობის 20%-ს საკვებიდან იღებს. ამ მხრივ, ზაფხული ფუფუნებაა იმიტომ, რომ ხილი და ბოსტნეული წვნიანია. გამოვიყენოთ, წყალი დავლიოთ მაშინ, როდესაც არ გვწყურია, იმიტომ, რომ თუ გვწყურია ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დავკარგეთ სასიცოცხლოდ აუცილებელი წყლის გარკვეული რაოდენობა და დანაკლისის შევსება გვჭირდება.


mshoblebi.ge




კომენტარები:

ფართი შოპი