„სიგარეტიან და ტატუებიან ბო@ებს ბავშვები უნდა მოარიდო“ - ტაბუირებული თემები და ჰომოფობია - რატომ „გვეშინია“ ლგბტქ თემის?

09 Jul 2021 12:05

ექიმი, არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს და საქართველოში ტაბუირებულ თემებსა და ჰომოფობიაზე საუბრობს. პოსტში ექიმი ნათლად განმარტავს მიზეზებს თუ რატომ აქვს მოსახლეობას „შიში“ ლგბტქ თემის მიმართ და რა იწვევს მათში აგრესიას.


„მზისგან გაცრეცილ ფურცლებზე, მოძველებული ქაღალდის სუნში ჩაფლული იყო ლეგენდარული დეტექტივი და ფანჯრიდან შემოსული შუქისა და ხმაურის ფონზე, ახალ ამბებს ეცნობოდა:


„ყველა ეპოქას თავისი დამახასიათებელი სიძულვილის პრობლემები ჰქონდა - „რა არის ჰომოფობია“ - იუწყებოდა სტატიის სათაური.


„ერთდროს შავკანიანები იყვნენ სიძულვილის სამიზნეები (რანაირად შეიძლება მონა იყოს ადამიანი კი მაგრამ გეკითხები? ჩვენს ღირსებას ლახავს და ბავშვები უნდა მოვარიდოთ);


„ერთ დროს ქალები იყვნენ (რანაირად შეიძლება ქალმა შარვალი ჩაიცვას ან კოჭი გამოაჩინოს? მეტიც, ქალი რომ სიგარეტს ჩაიდებს პირში ის სხვა რამესაც ჩაიდებს, სიგარეტიან და ტატუებიან ბო@ებს ბავშვები უნდა მოარიდო ძმაო, მაგათგან რა უნდა ისწავლონ?!);


„ნუ ახლა იაღოველების დ#$%ს რომ შე%$ით ეგ ხომ იასნა (რანაირად შეიძლება ეგ ეშმაკისეულები ბავშვებს გავაკაროთ ამიხსენი?!);


„პანკები, როკი და გრძელი თმა სატანის რიტუალის ტოლფასი იყო, ბავშვების მათთან გაკარება კი დაუშვებელი!“


„იყო დრო როდესაც ვეფხისტყაოსნის არაქრისტიანულ ეთიკაზე მიუთითებდნენ, იწერებოდა ნარკვევები და ნაშრომები და თავად ეკლესიაც კი ცდილობდა ზოგიერთი ადგილის განდევნასა თუ მთლიანად ამ გენიალური ნაშრომის განადგურებას. ბავშვებისთვის წაკითხვა რომ არ იყო რეკომენდებული, ახლა მხოლოდ შემიძლია მაღალი ალბათობით ვივარაუდო;“


„ფილმის ნახვა ყველასი არ შეიძლება, მაგალითად „ლეონარდო და ვინჩის კოდის“ ყურება ქრისტეს შეურაცხყოფა იყო, ბავშვებისთვის ცალსახად დამაზიანებელი!“


მოკლედ ძალიან გამიგრძელდა მაგალითები, ისევ „და ა.შ.“-ს მიწერა ჯობდა...


ჰოდა, რომ შევაჯამოთ, სიძულვილის ხაზი როგორც წესი, საზოგადოებრივ ტაბუს გასდევს, უმრავლესობაში ყალიბდება და შემდეგ შვილების გაფრთხილებით მთავრდება.


მიუხედავად იმისა, რომ 365 დღიდან 364 დღე ბავშვი ჩვენ გვიყურებს, ის ერთი დღე სხვა, ჩვენთვის მიუღებელს თუ „შეხედავს“ გვგონია რომ შეიძლება „იმად იქცეს“ - ეს ისედაც უშინაარსო და აბსურდული ლოგიკა, ცხადია პირველ რიგში პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ბავშვის აღზრდა ჩვენ არ შეგვიძლია და იმდენად ნაკლები ავტორიტეტი გვაქვს ჩვენივე შვილებთან, რომ ერთი ნანახი უფრო მნიშვნელოვანია მისთვის ვიდრე მთელი წელი ჩვენთან ყოფნა, თუმცა ამის აღიარებასაც შნო უნდა და ისევ იმ სხვა ბო@ებს დავერიოთ არ ჯობია?!


საზოგადოებრივი ტაბუს ახსნა კი ყოველთვის რთული პროცესია, რაც ყოველთვის მოიცავს აგრესიას, რთული იყო მაგალითად იმის გააზრება რომ აფრიკელი ადამიანიც ადამიანია და ზოოპარკში არ უნდა იჯდეს, ტატუებიანი და შარვლიანი ქალი ბო@ი არ არის და შოთა რუსთაველის უკან მაკდონალდსის გახსნა ქართველობას და ვეფხისტყაოსანს არ გვართმევდა (ხომ იმ ვეფხისტყასანს, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინ ქრისტიანულ ეთიკას და (სავარაუდოდ) ქართველობას გვართმევდა).


თუმცა გამოხდა ეს ხანიც და ერთ დღეს აღმოჩნდა რომ თურმე სქესი(1) სხვაა, სექსუალობა(2) სხვა და სექსი(3) კიდევ სულ სხვა, სხვადასხვა ტერმინებია და ისინი ერთმანეთის განმსაზღვრელები არ არიან, საზოგადოებაში ამან აზრთა სხვადასხვაობა და აგრესია გამოიწვია, რადგან ტაბუდადებულ თემაზე ხმამაღლა საუბარი საზოგადოებას ზოგადად არ უყვარს და სიახლეებს რთულად ეგუება (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ).


ამ სამიდან ყველაზე რთული მისაღები ალბათ მაინც ადამიანის სექსუალობა იყო, ადამიანის სექსუალური ორიენტაციის არსის გაგებას და მიმღებლობას, ყველა ქვეყნის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დიდი წინააღმდეგობა მოყვა და საფუძველი დაუდო სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ადამიანების მიმართ უსაფუძვლო და ალოგიკურ სიძულვილსა და ზიზღს, ანუ შემდეგ როგორც დაარქვეს - ჰომოფობიას.


მიუხედავად იმისა, რომ გაირკვა, სექსუალური ორიენტაცია ერთი კონკრეტული დოგმა არ არის, ის განისაზღვრება ბიოლოგიურად, ჩვეულებრივი მოვლენაა და მთავარს როლს ასრულებს გენეტიკა და საშვილოსნოში ჰორმონების გავლენა ნაყოფზე და არ აქვს ერთი კონკრეტული გენი, პოლიგენურია (ისევე როგორც თვალის ფერი ან სიმაღლე მაგალითად) და კონტინუმია ასე ვთქვათ (ადამიანი ან არის მყარად ჰეტეროსექსუალი, ან ბისექსუალი ან მყარად ჰომოსექსუალი ანდა „უფრო“ ჰეტეროსექსუალი მაგრამ „ცოტა“ თვისივე მსგავსი სქესის მიმართაც აქვს დადებითი ემოცია და ა.შ.), მაინც აღიქმება „საფრთხედ“ და იწვევს აგრესიას.


რატომ? იმიტომ რომ გადანაწილება ხდება ისე რომ ჰომოსექსუალი უფრო ნაკლებია, მცირეა რაოდენობაში ზოგადად, შესაბამისად უმცირესობაა + განსხვავებული, ამიტომ იდეალური სამიზნეა ჩაგვრისთვის, ძლიერებს და უმრავლესობას არავინ ერჩის, გამარჯვებულის მხარეს დგომა უფრო კომფორტულია ცხადია.


ჰომოფობიის ფსიქოლოგია თავისთავადვე საკმაოდ საინტერესო ფენომენია და მასაც აქვს თავისი ახსნა.


ის ყალიბდება სხვადასხვა ლოგიკური, ალოგიკური, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით, საბოლოოდ კი ქმნის უშინაარსო არაფერზე დაყრდნობილ აგრესიას.


მაგალითად როდესაც ადამიანი იზრდება რაღაც ერთ კონკრეტულ გარემოში, მას უყალიბდება კონკრეტული ხასიათი და დამოკიდებულება.


ანუ მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან თუ გესმის, რომ ცაციები არიან ეშმაკისეულები, როდესაც გაიზრდები იფიქრებ რომ ისინი ნამდვილად ეშმაკისეულები არიან, ან თუ გესმის რომ შორტების ჩაცმა „ტეხავს“ და არ გვეკადრება, გაიზრდები და გაგიტყდება, ღირსებას შეგილახავს. იგივე ხდება ჰომოფობიის შემთხვევაში - გარემო აყალიბებს შეხედეულებას.


თუმცა ამის გარდა, ხანდახან განსაკუთრებულად აგრესიული ჰომოფობები ამ აგრესიით მალავენ თავიანთ რეალურ სექსუალურ ორიენტაციას.


ამასაც აქვს თვისი ახსნა, რასაც ადასტურებს კვლევებიც და გვაქვს უამრავი ფაქტი იმ ადამიანებისა რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ანტიგეი მოძრაობასთან, გამოირჩეოდნენ აგრესიით ან ჰომოფობიური განცხადებებით, თუმცა რეალურად აღმოჩნდა, რომ ისინი სექსუალურ ორიენტაციას მალავდნენ და თავად გაეხვნენ სექსუალურ სკანდალებში.


მსგავს შემთხვევებში საქმე გვაქვს ე.წ. რეაქციის ფორმაციასთან, რაც ფსიქოანალიტიკურ თეორიაში არის ერთ-ერთი თავდაცვის მექანიზმი, რომლის დროსაც საკუთარი ემოციები, სურვილები და იმპულსები, რომელიც მიუღებელია და არასასურველი საკუთარი თავისთვისვე, ის კონტროლდება და მისი დაფარვა ხდება ამ სურვილების საწინააღმდეგო რეაქციების ძლიერი და ხმამაღალი გამოხატვით.


ანუ მთელი ცხოვრება რომ გესმის ჰომოსქსუალები არიან საფრთხე და საშინელება, ამ დროს კი ბუნებრივად შენ აღმოჩნდები მსგავსი ორიენტაციის, საკუთარ შეგრძნებებზე მაღლა ის გარემო დგას სადაც იზრდებოდი და სხვისკენ მიმართული აგრესიით ფარავ შენ საკუთარ თავს.


ჰომოფობიის ფსიქოლოგიის კვლევებში ერთ-ერთი პიონერია 1996 წელს ჩატარებული კვლევა, რომელიც ჯორჯიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტმა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა რომ ჰომოსექსუალური შინაარსის კადრებზე, სექსუალური აღგზნება, გამოხატული ჰომოფობიური ქცევის მამაკაცებს უფრო ჰქონდათ, ვიდრე არაჰომოფობიურად განწყობილ ადამიანებს.


შემდეგ იყო კვლევა ფსიქოლოგ ბორის ჩევას ხელმძღვანელობით, რომელიც ჟენევის უნივერსიტეტში ჩატარდა და სექსუალური მედიცინის ჟურნალში გამოქვეყნდა, კვლევამ აჩვენა რომ გამოხატული ჰომოფობიური რეაქციების მქონე მამაკაცები, ჰომოსექსუალური შინაარსის სურათების დათვალიერებას უფრო მეტ დროს უთმობდნენ, ვიდრე ჰეტეროსექსუალური შინაარსის მქონე სურათებს დათვალიერებას.


მსგავსი შედეგები მიიღო 2012 წლის კვლევამაც რომელიც გამოქვეყნდა პერსონალური და სოციალური ფსიქოლოგიის ჟურნალში, სადაც გამოიკვეთა რომ ადამიანები რომლების საკუთარ თავს ჰეტეროსექსუალებს უწოდებდნენ, თუმცა ჰქონდათ ლტოლვა საკუთარი სქესის წარმომადგენლებისადმიც, ისინი უფრო აგრესიით გამოირჩეოდნენ გეი ადამიანების მიმართ.
ეს ყველაფერი რეალური ფაქტებითაც მყარდება, შეგვიძლია გავიხსენოთ აგრესიული ჰომოფობური განწყობების მქონე ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ რომ იყვნენ გეი ან ბისექსუალები:
მაგალითად ვესლი გუდმანი


ამერიკელი რესპუბლიკელი პოლიტიკოსი რომელიც ანტი გეი მოძრაობის მხარდამჭერი იყო და ყოველთვის აპელირებდა კარგ მეოჯახეობაზე და ოჯახის სიწმინდეზე;


ტედ ჰაგერი - სასულიერო პირი, რომელიც კოლორადოში ერთ-ერთ ეკლესიაში მსახურობდა და აქტიურად ქადაგებდა ჰომოსექსუალიზმის ცოდვას, ბოლოს თავად გაეხვია სკანდალში და აღმოჩნდა რომ მყარად ჰეტეროსექსუალი არ იყო;


ექიმი მელვინ ისკოვე - რომელიც ირწმუნებოდა რომ ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებულ პრობლემებს გადაუწყვეტდა ადამიანებს, საბოლოოდ კი აღმოჩნდა რომ სექსუალურ ურთიერთობაში შედიოდა თავის პაციენტებთან;
და ა.შ. სია ძალიან დიდია და ეს მხოლოდ საზღვრებს გარეთ არ ხდება btw


კვლევებმა დამატებით აჩვენა, რომ აგრესიული ჰომოფობიური გამოხატულება რიგ შემთხვევებში სხვადასხვა მენტალურ პრობლემებთანაც იყო კავშირში, მაგალითად ახლო ურთიერთობების შიშთან, ასევე მსგავსი გამოხატულების ადამიანები გამოირჩევიან უფრო აგრესიული ხასიათით და აგრესიულ, ავტორიტარულ ოჯახში აღზრდით.


ამ ყველაფერს ემატება რელიგიური ფუნდამენტალიზმიც, რომელმაც საერთოდ დაამახინჯა წარმოდგენა ცოდვების მიმართ.


რელიგიური თვალსაზრისით ჰომოსექსუალობა ცოდვაა, თუმცა უამრავი სხვა ყოველდღიური ცოდვა არსებობს რომელიც ჰომოსექსუალობას უთანაბრდება ან უსწრებს კიდეც.
ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ე.წ. მომაკვდინებელ ცოდვებში ჰომოსექსუალობა არ შედის, არც ათ მცნებაშია განსაკთრებულად განახვილებული მასზე ყურადღება, სხვა უფრო წინ წამოწეული სწორად ცხოვრებისთვის, არც „დაბადებაში“ და არც ბიბლიის სხვა წიგნებში პირდაპირ არსად არაა ნახსენები, რომ ღმერთმა მაინცდამაინც ჰომოსექსუალობის გამო დასაჯა სოდომი და გომორა.


მეტიც, ეზეკიელ წინასწარმეტყველი პირდაპირ ასახელებს იმ მიზეზებს, რის გამოც დაინგრა ეს ორი ქალაქი და მათ შორის ჰომოსექსუალობა არ ფიგურირებს, შეგვიძლია გავიხსენოთ ციტატა:


„აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ. გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე“.

(სოდომის ცოდვა სავარაუდოდ უფრო ჯგუფური გაუპატიურებაა, რადგან სოდომის მცხოვრებლებმა პირდაპირ ეს მოსთხოვეს ლოტს)


ამ ყველაფრის მიუხედავად ჰომოსექსუალობას მაინც სოდომის ცოდვას უწოდებენ, თან ყველაზე მძიმე ცოდვად განიხილავენ და აგრესიულადაც აღიქვამენ.


გარდა ამისა სექსუალური ორიენტაციის გარშემო უამრავი მითი არსებობს, რომელიც ძირითადად კონსპირაციულ შეთქმულებებით, ფსევდოპატრიოტიზმით ან ფსევდოინტელექტუალობაზე დაყრდნობით არის შექმნილი რაზედაც შემდეგ გამოცემაში ვისაუბრებთ...’’ - დაასრულა სტატიის კითხვა შერლოკ ჰოლმსმა და ქუჩიდან შემოსულ ხმაურის ფონზე თითქოს უსასრულობაში გაიხედა.
ალბათ დიდხანს იქნებოდა ფიქრებში დიდებული დეტექტივი, უეცრად მისი ერთგული მეგობრის ხმა რომ არ გაეგონა:


- რა ხმაურია გარეთ მისტერ ჰოლმს? - შემოვიდა ოთახში ექიმი, რომელიც წითელ ჭოპორტის პომიდორს ფრცქვნიდა (თან თავისთვის აღფრთოვანებით ფიქროდა თუ რა საოცარი სიტყვაა „ფრცქვნა“ - 6 თანხმოვანის ზედიზედ... გენიალურია!)

- რა ვიცი ამის დედაც მოვ#ყან - იყო პასუხი.
- კი მაგრამ... კიმაგრამ საიდან ამდენი აგრესია მისტერ ჰოლმს? - იკითხა გაოცებულმა ექიმმა
- ნუ... ელემენტარულია ვოტსონ - უპასუხა ჩაფიქრებულმა მისტერ ჰოლმსმა და ჩიბუხი სიფრთხილით, თუმცა მაინც ჩაიდო პირში“,- წერს მარშანიაა.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი