რისი ოპერაცია გაიკეთა თაკო ტაბატაძემ და როგორ შეხვდნენ შვილები დედის გამოჩენას „ჩცდ“-ში?

09 Jul 2021 14:54

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს“ ახალ-ახალი და საინტერესო სახეები ემატება. ერთ-ერთია თაკო ტაბატაძე - პოლიტიკოს ალექსანდრეს საყვარლის როლში, რომელმაც წინა სერიაში გამოაცხადა, რომ ორსულადაა. თაკო რეალურ ცხოვრებაში 4 შვილის დედაა, მოცეკვავე, სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა და ახლა მაგისტრატურაში სწავლობს. ამ ყველაფერს ისე ახერხებს, რომ არც შვილებს აკლებს დროსა და ყურადღებას და ამავდროულად კარიერულად ძალიან აქტიურია. თაკომ რეპეტიციების დროს მუხლი დაიზიანა, ტრავმა მიიღო და დღეს ოპერაცია გაიკეთა, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგადაა და რამდენიმე თვეში ისევ შეძლებს სცენაზე დადგომას.

mshoblebi


- თაკო, როგორ აღმოჩნდი „ჩემი ცოლისდაქალებში“ და მანამდე თუ იყავი ამ სერიალის მაყურებელი?

- რამდენიმე კვირის წინ დამირეკა ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ და მითხრა, რომ ეძებდნენ მსახიობს ამ როლისთვის. გავიარე კასტინგი და დამამტკიცეს. მანამდეც ვუყურებდი ამ სერიალს და ვთვლი, რომ ძალიან საინტერესოა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პროფესიული თვალსაზრისითაც, რადგან ძალიან ნიჭიერი და მრავალმხრივი მსახიობები მონაწილეობენ.



- ჰქონდა მნიშვნელობა, რა როლს შემოგთავაზებდნენ, თუ ნებისმიერ შემთხვევაში დათანხმდებოდი „ჩცდ“-ში მონაწილეობას?

- ჩემთვის ეს როლი ძალიან საინტერესოა, რადგან რადიკალურად განსხვავებულია ჩემი რეალური ბუნებისგან. ამიტომაც, ბევრად უფრო დიდი გამოწვევა იყო, რამდენად მოვახერხებდი გარდასახვას. ძალიან მიხარია, რომ დადებითი შეფასება მოჰყვა სერიალში ჩემს გამოჩენას.



- როგორი იყო გადაღების პროცესი, ღელავდი?

- გადაღების პროცესი ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა, როცა პროფესიონალებთან მაქვს საქმე. ძალიანმეგობრული გარემოა, ამიტომაც ღელვის საფუძველი ნამდვილად არ მქონია. ჩემი პარტნიორი ძალიან კარგი და გამოცდილი მსახიობია, ამიტომ მასთან მუშაობა ჩემთვის სასიამოვნოა.

mshoblebi


- თაკო, როგორც ვიცით, ტრავმა მიიღე და ოპერაციის გაკეთებას გეგმავ. სად დაიზიანე ფეხი და რამდენ ხანში შეძლებ, დაუბრუნდე ცეკვას და ზოგადად აქტიურ ცხოვრებას?

- სამწუხაროდ, მუხლის სერიოზული ტრავმა მივიღე რეპეტიციაზე, ცეკვის დროს. მკვეთრი მოძრაობისას დამიზიანდა წინა ჯვარედინი იოგი, რომელიც სასწრაფოდ საოპერაციო აღმოჩნდა. ჩემთვის ასეთ დროს ახალი როლის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ემოციურად, რადგან მტკივნეული იყო ჩემთვის იმის გაანალიზება, რომ ეს ტრავმა ხელს შემიშლიდა საყვარელი საქმის კეთებაში. მიუხედავად ამისა, მაინც დამამტკიცეს როლზე, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ. სრული რეაბილიტაციის პერიოდი 6-9 თვეს მოიცავს. ამის მოსმენა ჩემთვის ძალიან რთული იყო. აქტიური ცხოვრების წესი მაქვს, ოთხი ბავშვის აღზრდა, მუშაობა, ჩემთვის მუდმივ ფიზიკურ დატვირთვასთანაა დაკავშირებული. მაგრამ ამ ყველაფრის ემოციურად გადატანაში ძალიან დამეხმარა ის, რომ ერთი დღეც არ გავჩერებულვარ. დავდივარ რეპეტიციებზე, გადაღებებზე და მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ნაბიჯის გადადგმა ტკივილთანაა დაკავშირებული, სტიმული მაქვს,

რომ მალე გამოვჯანმრთელდე, რადგან უამრავი სასიამოვნო საქმე მელოდება წინ.



- ამ პერიოდში სერიალში აღარ გამოჩნდები?

- ვნახოთ, ეს მეც არ ვიცი წინასწარ.

mshoblebi


- როგორ ფიქრობ, ექნება განვითარება შენს გმირს?

- მე როგორც ვიცი, წინასწარ არ არის ხოლმე ყოველთვის განსაზღვრული პერსონაჟის ყოფნის ხანგრძლივობა სერიალში. იმედი მაქვს, კიდევ მექნება სცენები.



- როგორ შეხვდნენ ახლობლები შენს ამ გადაწყვეტილებას? შვილებს რა რეაქცია ჰქონდათ? გიყურეს?

- ჩემი შვილები ჩემი პირველი გულშემატკივრები არიან. სიურპრიზი გავუკეთე, მანამდე არ მითქვამს, კონკრეტულად რა გადაღებაზე მივდიოდი. რომ დამინახეს ეკრანზე, სიხარულისგან ხტოდნენ (იცინის). ზოგადად, ძალიან მოსწონთ ის გადაწყვეტილება, რომ სამსახიობო კარიერას დავუთმო მთელი ჩემი ძალისხმევა. რთული და საინტერესო გზაა. 


ბევრი მუშაობაა იმისთვის საჭირო, რომ ერთი მხრივ შეიძინო აუცილებელი ტექნიკა და მეორე მხრივ, არ დაკარგო ინდივიდუალიზმი, რაც გამოგარჩევს სხვებისგან. გარდა იმისა, რომ ვსწავლობ თეატრალური უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე სამსახიობო მიმართულებით, მუდმივად გავდივარ სხვადასხვა ონლაინ-მასტერკლასს, რომელსაც მსოფლიო სახელის მქონე რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები ატარებენ. სამსახიობო კარიერასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებ ხოლმე. რჩევას რაც შეეხება, ყოველთვის ვითვალისწინებ ამ სფეროში ჩემთვის ავტორიტეტული ადამიანების აზრს.

mshoblebi


- ბოლო პერიოდში, წინსვლა გაქვს სამსახიობო კუთხით, რაც ნამდვილად კარგი ამბავია. სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

- ჩემი სამომავლო გეგმებიც სამსახიობო სფეროს უკავშირდება. იმედი მაქვს, მომავალშიც მექნება შანსი, რომ ვიმუშაო საინტერესო პროექტებზე. რამდენიმე უცხოური პროექტი, რომელშიც მოვიაზრებოდი, სამწუხაროდ, პანდემიის გამო გადაიდო. რამდენიმე თვეა დავამთავრე მუშაობა ქალბატონი ნანა ჯორჯაძის ფილმზე "პეპლების იძულებითი მიგრაცია’’, რომელიც დიდი გამართლება იყო ჩემს ცხოვრებაში. საოცარ გუნდთან ერთად მომიწია მუშაობა და დიდი მადლობა ყველას, ვინც ამის შესაძლებლობა მომცა. ასე რომ, დიდი ემოციებით ველოდებით ამ ფილმის გამოსვლას.


mshoblebi


კვირის პალიტრა




კომენტარები:

ფართი შოპი