გიორგი გახარია ფოთში ოფისის გახსნაზე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წყნარად, მშვიდად, საქმიანად, ლანძღვა-გინების გარეშე, მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში, გავიმარჯვოთ და ადამიანებს შევუსრულოთ ყველა დაპირება

09 Jul 2021 16:32

ბათუმის, გორისა და ზუგდიდის შემდგომ გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ პირველი ოფისი ფოთში გახსნა. 


„ფოთში, ისევე როგორც  მთელ ქვეყანაში,  ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში გვჭირდება წესრიგი - ეს ქაოსი უნდა დამთავრდეს, ერთმანეთის ლანძღვა-გინება, ყოველდღიური გაურკვეველი მიზეზებით თუ უმიზეზოდ მიტინგები, ქუჩაში სირბილი და ბევრი რამ. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა წყნარ, მშვიდ, თანაბარ გარემოში ღირსეულად, კეთილსინდისიერად იშრომონ და არჩინონ თავიანთი ოჯახები.“ - ამბობს გახარია. 


პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ფოთში არსებულ პრობლემებზე და ქალაქის ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე ისაუბრა;
„ფოთი ქართული ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილია, თუმცა ქალაქში ბევრი რამ არ რჩება და ეს არის გამოსასწორებელი.ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ...ფოთს განვითარება რა თქმა უნდა პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული პორტთან. მოგეხსენებათ, რომ პორტი ახლა ფართოვდება. ამ  გაფართოების შეთანხმების  როგორღაც მიღწევას ბევრი შრომა დასჭირდა  - იმედი მაქვს რომ ეს პროექტი ბოლომდე მივა, იმიტომ, რომ ფოთი უნდა განვითარდეს როგორც საზღვაო-სატრანსპორტო-საჰაერო ლოგისტიკური ცენტრი.

 აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ფოთის აეროპორტზე სატვირთო ნაწილში, რადგან ტვირთები ფოთისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი და საერთოდ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი რეგიონალური მართვა ცოტა შეიცვალოს, ცოტა უფრო დეცენტრალიზაციისკენ წავიდეს და ადგილზე წყდებოდეს ბევრი რამ.“ - განაცხადა გახარიამ

„პირველი რიგში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ და არ ვიქნებით - ეს არის აუცილებელი ამ ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი რეგიონის და ფოთის მომავლისთვის. ვიშრომოთ  ამისთვის -ეს ერთი, და მეორე - ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ეს პრივილეგირებული კასტები, ყველას ჩვენ უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები, თანაბარი ურთიერთობები, უნდა დასრულდეს ეს კორუფციული საკითხები. და რა თქმა უნდა მაქსიმალურად გზა უნდა გავუხსნათ ახალგაზრდებს. ახალგაზრდები და კიდევ ერთხელ ახალგაზრდები! ამ ხალხის ხელშია ჩვენი მომავლის ცვლილება.“ - ამბობს გახარია.


გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ სამოქმედო სტრატეგიად მშვიდი და საქმიანი მუშაობა გამოაცხადა. ის დაპირებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე ყველანაირი დაპირება გაცემულია და მნიშვნელოვანი არა დაპირებების გაცემა, არამედ მათ შესრულებაა.
,,ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წყნარად, მშვიდად , ყველანაირი ისტერიკის , ლანძღვა-გინების გარეშე, საქმიანად, ყოველდღიური შრომით. ჯერ უნდა შევქმნათ და გავხსნათ პარტიის ოფისი, შემდეგ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, შემდეგ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში და შემდგომ ადამიანებს შევუსრულოთ უნდა ყველა ის დაპირება, რომელსაც გავცემთ.  მძიმე და ცუდი ის არის, რომ სამწუხაროდ ამ ქალაქშიც და ამ ქვეყანაშიც მე არ მეგულება და არ ვიცი დაპირება, რომელიც გაცემული არ არის . 


ყველა დაპირება უკვე გაცემულია დიდი ხანია, ერთადერთი რაც ახლა გასაკეთებელია - უნდა ვიშრომოთ მათ შესასრულებლად. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ეს გაგვიკეთებია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ყოველდღიური, კეთილსინდისიერი შრომის ფასი, იმისთვის რომ ქვეყანა წავიდეს წინ. ამას გავაკეთებთ და ამას ვანახებთ ყველას, როგორ შეიძლება ემსახურო შენს ქვეყანას, შენს რეგიონს, შენს ქალაქს კეთილსინდისიერად ისე, რომ შენი მოქალაქეები იყვნენ კმაყოფილები და მათი ჩართულობაც ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იყოს მაღალი.“ - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა.

„რა თქმა უნდა უპასუხისმგებლობა იქნება რომ ვიღაცამ ან მე დაგპირდეთ, რომ ხვალ ყველაფერი ასე ჯადოსნურად გამოსწორდება, ერთად თუ არ ვიშრომეთ....მაგრამ ერთ რამეს დაგპირდებით, რომ ტყუილი არ იქნება და ჩვენს გვერდით ყოველთვის იქნება სუფთა, კეთილსინდისიერი, მშრომელი ხალხი ამას დაგპირდებით. აქაც რაღაცა შეცდომები თუ იქნება, თქვენ უნდა იყოთ პირველი ვინც ამას გაგვისწორებს.’ – მიმართა გახარიამ ფოთში შეკრებილ მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებს.






კომენტარები:

ფართი შოპი