რატომ არ აქვს არსებობის უფლება ხალხს, ვისაც არ აქვს მისია და რატომ მიაჩნია კაცობრიობას თავისი უბედურების სათავედ ებრაელობა

09 Jul 2021 22:55

მიხაილ ლაიტმანი იმას გარდა, რომ ცნობილი კაბალისტი და საინტერესო მოაზროვნეა, თავისი მოსაზრებების გავრცელების თანამედროვე საშუალებების მცოდნეცაა. შესაბამისად, ვირტუალურ სივრცეში უხვად მოიძებნება მისი ჩანაწერები, მინდა, გითხრათ, რომ მეც ვადევნებ ხოლმე თვალს მის შეფასებებს, თუმცა ამჯერად სრულიად სხვა რამეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. მიხაილ ლაიტმანის ბოლოდროინდელი ჩანაწერები, ძირითადად, ეხებოდა ისრაელში განვითარებულ საომარ მოქმედებებსა და ებრაელი ერის რჩეულობის მოსაზრებას, რაც, მისი აზრით, დათვურ სამსახურს უწევს ებრაელობას. ამ ფაქტმა ჩემი ყურადღება მიიქცია ორი მიზეზით: ჯერ ერთი, ჩვენ, ქართველებსაც გვგონია, რომ ღვთის რჩეული ერი ვართ (და უმეტესწილად გვავიწყდება, რომ ღვთის რჩეულობა და, ზოგადად, რჩეულობაც, უპირველესად ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას და არა ცაში ყურებას, იქიდან ციური მანანის დაბერტყვის მოლოდინში) და, მეორე, რაც დაგვემართა და გვემართება, სხვები გვგონია ამაში დამნაშავე (რუსები, ოსები, აფხაზები, ამერიკა, მარსელები, ღმერთი, სამყარო) და ჩვენ იოტისოდენა ბრალიც კი არ მიგვიძღვის. მეორე მხრივ, ბევრი ქართველისთვის ისრაელიც სამაგალითო სახელმწიფოა და ებრაელი ერიც მისაბაძი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საერთო პრობლემებიც გვაქვს, რაც უკავშირდება ჩვენ მიერ სამყაროს აღქმას. გთავაზობთ მიხაილ ლაიტმანის ინტერვიუებიდან ნაწყვეტებს, რომლებიც ეხება ისრაელსა და ებრაელებს, მაგრამ იმავდროულად, პარალელების გავლებაც შეიძლება საქართველოსა და ქართველებთან.


იმ დღეებში, როდესაც „ჰამასი“ ბომბავდა ლამის სრულიად ისრაელს, მიხაილ ლაიტმანს მიმართეს შეკითხვით: როგორ ვიცხოვროთ, რა გზას ვეწიოთ?


ახსნას ებრაელმა, რატომაა მისთვის იერუსალიმი უფრო ახლობელი, ვიდრე ნიუ–იორკი?!


მიხაილ ლაიტმანი: „უპირველესად, უნდა დავფიქრდეთ, რისთვის უნდა ვიცხოვროთ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემის გარეშე ვერაფერს მოვახერხებთ. სამწუხაროდ, ჩვენი ხალხი ამ კითხვას არ სვამს და სანამ ამ შეკითხვისგან თავის დაღწევას ვცდილობთ, არანაირი წარმატების შესაძლებლობა არ გვაქვს. მუდმივად მოგვიწევს თავის დაცვა ყველასგან და ყოველთვის ვიქნებით ლამის მთელი კაცობრიობის სამიზნე. ან საიდან მოგვაქვს, რომ ჩვენ მართლები ვართ არაბების, პალესტინელების წინაშე?! ჩვენ ვართ ოკუპანტები მათთვისაც და სხვებისთვისაც. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ არაბები, ებრაელებმა ისინი გაყარეს, შეავიწროვეს, ააშენეს თავიანთი ქალაქები, შექმნეს თავიანთი სახელმწიფო და ცოტა არაბი დაიტოვეს. სად არის აქ სამართლიანობა?! თუ შენ არ გაქვს ამ მიწაზე ნამდვილი უფლებები, მაშინ აქ არაფერი გესაქმება. შენ გამორბოდი, რადგან საბჭოთა სისტემა იყო ცუდი, გამორბოდი, იმიტომ რომ ფაშისტები იყვნენ ცუდები, სხვა ქვეყნებიდან მორბოდი ანტისემიტიზმის გამო, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ სხვა ხალხი გაყარო და მათ ადგილას დასახლდე.


რა თქმა უნდა, თავი უნდა დავიცვათ, მაგრამ გააჩნია: რისთვის, რა მიზნით?! რატომ აირჩიე ეს ადგილი? იმიტომ რომ სიონისტი ხარ? იმიტომ რომ შენთვის ეს მიწა ძვირფასია? არადა არ გეტყობა, რომ ეს მიწა შენთვის ძვირფასია. ახსნას ებრაელმა, რატომაა მისთვის იერუსალიმი უფრო ახლობელი, ვიდრე ნიუ-იორკი?! არ ჩანს, რომ იერუსალიმი ძალიან ძვირფასია ებრაელებისთვის. ამიტომ ვერ ვხედავ მიზეზს, რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და სისხლი დავღვაროთ?! ვიყვიროთ, რომ ეს ჩვენია, იმიტომ რომ 1 000 წლის წინათ ჩვენი იყო?! რაც იყო, იყო! მაგრამ ამის გამო შეიძლება, გაყარო ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ ამ ხნის განმავლობაში?! იმას ვამბობ, რომ არ გვაქვს საკმარისი საფუძველი, ვთქვათ, დავასაბუთოთ, რომ ეს მიწა ჩვენია, რასაც ყველა დაეთანხმება.


სხვათა შორის, ეს ჩემ მიერ დასმული შეკითხვები არაა – ამ კითხვებს სვამს „თორის“ ერთ-ერთი კომენტატორი. რამდენჯერ უნდა მოგეცეს გამოსწორების შესაძლებლობა, როდესაც შენ ცოცხალი თავით არ გინდა, რომ გამოსწორდე?! ისევ იმას უბრუნდები, რომ დათრგუნო სხვები, იმის ნაცვლად, რომ დათრგუნო საკუთარი თავი, საკუთარი ეგოიზმი.


აზრი არ აქვს მამების ძიებას მთავრობებში, ერთი მამა გყავს და ის ზემოთაა – სწორედ, მას უნდა მიმართო. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ადამიანები გაერთიანდნენ, მაგრამ ამ მიმართვასაც არ აქვს აზრი, ვინაიდან ხალხი ამისთვის მზად არ არის. ის არავის აღუზრდია ასეთად. ათასი წელი გვქონდა საიმისოდ, რომ გაკვეთილი გამოგვეტანა, ამიტომაც ახლა ერთი შეძახილით ვერავის გააერთიანებ და ვერ გააღვიძებ ხალხში იმას, რაც მისთვის ამდენი თაობის განმავლობაში არ უსწავლებიათ.


ყველას, ისრაელელებსა და, ზოგადად, მთელ მსოფლიოს უნდა ავუხსნათ, რა არის ებრაელი ხალხის არსებობის აზრი. რისთვის არსებობს ეს ხალხი? რატომაა ის აუცილებელი სამყაროსთვის? ხალხი მისიის შესრულებისთვის უნდა არსებობდეს და არა იმისთვის, რომ თავად კარგად და მშვიდად იცხოვროს კეთილდღეობაში. სხვები უნდა გრძნობდნენ თავს კარგად ისრაელელების არსებობის გამო, საკუთარი თავის გაღება, გაცემა უნდა ვისწავლოთ სხვებისთვის, რომ გავხდეთ სამაგალითონი.


თუმცა მე სრული პესიმისტი ვარ და არ მგონია, რომ ებრაელი ხალხი ამას გააკეთებს, მაგრამ ეს მაინც მოხდება, ვინაიდან ჩვენზე არაა დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია უმაღლეს პროგრამაზე, ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს შესრულდება, ოღონდ არ ვიცი, ამის მისაღწევად ცოტა სისხლი დაიღვრება თუ დიდი ძვრებია მოსალოდნელი.


კაცობრიობას აქვს განცდა, რომ ისინი იტანჯებიან ჩვენ გამო

უმეტესობას დამნაშავეებად მივაჩნივართ ამ სამყაროში პალესტინელების მიმართ და თავის გამართლება არც გვჭირდება, იმიტომ რომ არ ვართ კარგები და სინამდვილეში დამნაშავეები ვართ, მეტიც, ყოველთვის ვიქნებით. და სანამ სამყაროში ზეობს ეგოიზმი, რომელიც იწვევს სიძულვილს, ერთმანეთისგან განცალკევებას, სულ უფრო და უფრო მეტად დაგვადანაშაულებენ. მე მომისმენია მოსაზრებები, რომ ადამიანები განვითარდებიან და წლიდან წლამდე უფრო დაჭკვიანდებიან, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. იყო იმედები, რომ ადამიანები ნახავდნენ, რაც იყო ჰოლოკოსტი და შეცვლიდნენ ჩვენდამი, როგორც დატანჯული ერისადმი, დამოკიდებულებას, მაგრამ არა – გვეუბნებიან, იტანჯებოდით?! უფრო მეტად დაიტანჯეთ, რადგან ჩვენ ყველანი ვიტანჯებით თქვენ გამო. კაცობრიობას აქვს განცდა, რომ ისინი იტანჯებიან ჩვენ გამო და სწორედ, ჩვენ ვართ მათი უბედურების წყარო.


რა თქმა უნდა, როდესაც თავს გვესხმიან, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი, ასეა ნათქვამი „თორაში“, მაგრამ ეს უნდა გააკეთო იმის გაცნობიერების პარალელურად, თუ რატომ გესხმიან თავს, ვინაიდან, ვინც თავს გესხმის, მას აქვს მიზეზი და შენ უნდა გაარკვიო, რატომ სძულხარ მას და ეს სიძულვილი უნდა გაანეიტრალო.


თუმცა, სინამდვილეში, ებრაელებს ვერც ვერავინ ამოწყვეტს, რადგან მათ უნდა გამოასწორონ სამყარო. ესაა ჩვენი პრობლემა. როდესაც ჩვენ ამას გავაკეთებთ, ყველა გაგვიხსნის საზღვარს და გვეტყვის – მოდით, იცხოვრეთ ჩვენთან. ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გავერთიანდებით და ამ გაერთიანებით ისე ვიმოქმედებთ სხვებზე, რომ ის სხვებიც გაერთიანდებიან.


მეც ვმსახურობდი ჯარში, ვიბრძოდი... უბრალოდ, ჩემი, კაბალისტის, აზრით, ამ მიწაზე ებრაელები შეიკრიბნენ, რათა იქცნენ სამყაროს სულიერ ცენტრად და მხოლოდ მაშინ შეგვეძლება, ვთქვათ, რომ ეს მიწა ჩვენია და გვეკუთვნის.


მესმის, რომ ჩემს გამონათქვამებს ამახინჯებენ, მაგრამ ამას მე მაინც დადებითად ვუყურებ, რადგან დღევანდელ სამყაროში შეუძლებელია, გავრცელდეს სიმართლე, მხოლოდ ტყუილი ვრცელდება მყისიერად და აი, ამ ტყუილებიდან თანდათან ამოიზრდება სიმართლე. დღევანდელ სამყაროში ადამიანმა ეგოისტური განვითარების ისეთ მდგომარეობას მიაღწია, რომ მას არ შეუძლია სიმართლის მიღება. აბის ფორმა რომ ჰქონდეს სიმართლეს, ადამიანის ორგანიზმი მას ვერ შეითვისებდა, მაგრამ თუ ერთ გრამ სიმართლეს გაურევ 20 გრამ ტყუილში, ადამიანები ამას დიდი სიამოვნებით იღებენ და კმაყოფილებიც არიან. ასეთია ჩვენი სამყარო. ოღონდ ის ერთი გრამი სიმართლეც საკმარისია, მთავარია, გადაყლაპონ, თუნდაც, 20-ჯერ მეტ ტყუილთან ერთად.


მე არ ვაპირებ, მოვუწოდო ებრაელებს, რადგან მათთვის არაფერი მაქვს სათქმელი. ისინი თავად უნდა დაინტერესდნენ, ვინ არიან, რისთვის ვარსებობთ? სხვათა შორის, ეს კითხვები არა მხოლოდ ებრაელებს ეხებათ. ეს ეხება ამ დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს. ჩვენ, ყველას, ერთი დიდი მისია გვაქვს, რომელიც უფრო და უფრო მარტოსული ხდება ამ უზარმაზარ სამყაროში, არადა, ესაა გადარჩენის გზა.


რა არის ჩემთვის ისრაელის მიწა?! ეს არის ადგილი, რომელიც არავის სჭირდებოდა საუკუნეების განმავლობაში. მოვიდნენ ებრაელები და უცებ ყველას დასჭირდა. ეს არის ადგილი, რომელიც, იმედი მაქვს, ისევ დაავიწყდება ყველას. იმიტომ რომ ისრაელის მიწა მაღლაა, ესე იგი, ადამიანების შიგნით და არა ქვიშასა და ქვებში.


თბილისელები





კომენტარები:

ფართი შოპი