ვატო წერეთელი - დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში - პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და "ქართულ ოცნებას"ეკისრება

11 Jul 2021 14:24

დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში - პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და "ქართულ ოცნებას" ეკისრება, - ამის შესახებ ტელეკომპანია "პირველის" დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.


მისი თქმით, ყველას სურვილია, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს.


"ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს, "ტვ პირველს", ყველამ ვნახეთ ის კადრები, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ, როგორი ნაცემი იყო და მერე ოპერაციაც გაუკეთეს, მძიმედ იყო, საშინელი ტკივილები ჰქონდა. დილით დედამ იპოვა გარდაცვლილი სახლში,თუმცა ყველას გვინდა, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს.


დედამისიც და დეიდებიც ექიმები არიან, თავად ამბობდნენ, რომ სავარაუდოდ, თრომბოემბოლია შეიძლება განვითარებულიყო იმიტომ, რომ ძვალი სულ დამტვრეული ჰქონდა, სულ ნაოპერაციები იყო. ალბათ, ამ ყველაფერს ექსპერრტიზა დაადგენს. საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, დოკუმენტაციაში რა ეწერა არ ვიცი, მაგრამ მძიმედ იყო და ძლიერი ტკივილები ჰქონდა. ამ ქვეყანაში ვის სჯიან და ვის არა, არ ვიცი. უბრალოდ, დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში. ჟურნალისტების ჟლეტვა თითოეული მედიის, ეს ყველამ ვნახეთ. პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და "ქართულ ოცნებას" ეკისრება",- განაცხადა წერეთელმა.


ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 


ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.





კომენტარები:

ფართი შოპი