ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამობრწყინდეს ლექსოს მზე - ლექსოს ხსოვნისთვის არ დავიშალოთ, არ დავიშალოთ, ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მედიის გარდა ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს.
„არავითარი არჩევანი გადადგომის გარდა მთელი ხელისუფლების, მთელი მთავრობის და მისი ხელმძღვანელის, სამარცხვინო კაციჭამია ღარიბაშვილის და ასევე, მთავრობის არაწევრის, სუს-ის ხელმძღვანელის ლილუაშვილის. არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა ამ ქვეყანას არ გააჩნია.
დღეს ვიცავთ არა საკუთარ თავს, არამედ ვიცავთ ტელემაყურებელს და ყველას, იმიტომ, რომ ყველას კართან დაიჩოქებს უსამართლობის და ძალადობის აქლემი. მედიის გარდა ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს.
ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამობრწყინდეს ლექსოს მზე - ლექსოს ხსოვნისთვის არ დავიშალოთ, არ დავიშალოთ ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება“, - განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამ წუთებში პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.