მერაბ მეტრეველი - ყოველთვის გვექნება საფუძველი, გამოვთქვათ ეჭვი, რომ მოძალადეების უკან ხელისუფლება დგას, ვიდრე არ დაიჭერენ ორგანიზატორებს - 5 ივლისი არის ხელისუფლების მთავარი პრობლემა, სწორედ ამის გამო უნდა აგონ პასუხი

12 Jul 2021 00:26

5 ივლისი არის ხელისუფლების მთავარი პრობლემა, სწორედ ამის გამო უნდა აგონ პასუხი , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტმა, გადაცემა „რეზიუმეს“ წამყვანმა, მერაბ მეტრეველმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც მეტრეველი აღნიშნავს, უნდა დაისაჯოს ის, ვინც ძალადობას უწევდა ორგანიზებას.


"როდესაც ვუყურებ, დღეს ვერსიების შეთხზვას, როგორ ცდილობს მავანნი, მათ მინდა ვუთხრა, ლექსო, რომ არ დაღუპულიყო, განა ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ იდგა 5 ივლისის გამო? განა, 5 ივლისს არ ვსაუბრობდთი ჩვენ, იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრზეა მთავარი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მან წაახალისა მოძალადეები? განა 5 ივლისს არ ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ ვახტანგ გომელაურზე არის მთავარი პასუხისმგებლობა, რადგან, ის ფაქტობრივად, არ არსებობდა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არსებობდა. ლექსოს დაღუპვამდე ჰქონდა მთავარი პრობლემა ამ ხელისუფლებას, 5 ივლისი არის ხელისუფლების მთავარი პრობლემა. სწორედ ამის გამო უნდა აგონ პასუხი.


სახალხო დამცვლემა მნიშვნელოვანი რამ თქვა, არ მინდა ეს ნათქვამი დაიკარგოს დღევანდელ დღეს. მან თქვა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის, ვინც ძალადობას უწევდა ორგანიზებას, აქ სისხლის სამართლის დანაშაულზეა საუბარი და არა მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. ეს ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ გამოიძია რაიმე. ვხედავთ, რომ თითქოს, იმ ადამიანებს იჭერენ, ვინც ხელი მოიქნია, დროშა მოიქნია და ასე შემდეგ, ამით ეს ხელისუფლება ვერ გამოძვრება.


ყოველთვის გვექნება საფუძველი, გამოვთქვათ ეჭვი, რომ ამ მოძალადეების უკან ხელისუფლება დგას, მანამ სანამ არ დაიჭერენ ორგანიზატორებს! ვინც იყო ძალადობის ორგანიზატორი, ეს დანაშაულია, ამას უნდა მიხედოს ხელისუფლებამ“, - აღნიშნა მერაბ მეტრეველმა.


შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ წუთებში პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.





კომენტარები:

ფართი შოპი