"ჟურნალისტობა დანაშაული არ არის" - ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება

12 Jul 2021 12:02

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ჯეიმს აპატურაი ეხმაურება. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი განცხადებას საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს."ქართველი ჟურნალისტის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც. დემოკრატიაში უმცირესობები დაცულები არიან; დაცულია მედია; დაცულია თავისუფალი მეტყველება. ეს ევროატლანტიკური ღირებულებებია. არცერთი დაწესებულება ან ორგანიზაცია არ არის გათავისუფლებული ამ პასუხისმგებლობისგან," - წერს აპატურაი Facebook-ზე.


"ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება და ძალადობრივი თავდასხმების ფონზე პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა სრულად და მიუკერძოებლად უნდა იყოს გამოძიებული," - ამ შინაარსის განცხადებით ეხმაურებიან ევროპარლამენტარები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.


ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე წერენ, რომ საქართველო სერიოზულ გზაჯვარედინზე დგას, რაც უახლოესი ათწლეულების განმავლობაში მის წარმატებას ან მარცხს განსაზღვრავს.

"ქართველების უმეტესობამ უკვე მტკიცედ და დიდი ხნის წინ აირჩია ევროპული განვითარება და ევროპული ღირებულებები. თუმცა, არსებობენ ძალები, რომლებიც მოქმედებენ, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს პროგრესს ამ გზაზე. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ, უნდა იმუშაოს ევროპული ღირებულებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ევროპული ფასეულობებია და მხარდაჭერილი და დაცული უნდა იყოს," - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ევროდეპუტატები საზოგადოების ყველა წევრს მოუწოდებენ, არ წამოეგონ პროვოკაციებს და გამოიჩინონ სიმშვიდე და თავშეკავება.

ჟურნალისტებზე თავდასხმა და მათ წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია - ასეთია ნიდერლანდებისა და ლატვიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების გზავნილები. საგარეო საქმეთა მინისტრები განცხადებებს ტვიტერზე ავრცელებენ და "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებისა და 5 ივლისის მოვლენების დროს ძალადობის სრული და სამართლიანი გამოძიების მოწოდებით გამოდის ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი. ის წერს, რომ "ჟურნალისტობა დანაშაული არ არის".



"სამძიმარს ვუცხადებ "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და მეგობრებს. მოვუწოდებ მისი გარდაცვალებისა და 5 ივლისის მოვლენების დროს ძალადობის სრული და სამართლიანი გამოძიებისკენ. ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია. ჟურნალისტობა დანაშაული არ არის," - წერს ედგარს რინკევიჩსი.



rustavi 2





კომენტარები:

ფართი შოპი