ხათუნა სამნიძე - ვმსჯელობთ, რა საპარლამენტო ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ აქციებთან ერთად, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური დარტყმა მიიღოს ხელისუფლებამ და იძულებული გახდეს, გადადგეს

12 Jul 2021 12:32

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას მართავს.


როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე იმსჯელებენ, რა საპარლამენტო ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ, რომ ხელისუფლებამ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური დარტყმა მიიღოს და იძულებული გახდეს, გადადგეს. გარდა ამისა, სამნიძის თქმით, მოუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაა, ვახტანგ გომელაური პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მაინც უნდა მივიდეს.


„ამ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა - გადადგეს პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა პრევენციისთვის, არამედ 5-6 ივლისის შემდეგაც არ გამოჩენილა განცხადებებით. პარლამენტში მოსვლა ვერ გაბედა. ასევე უნდა გადადგეს სუს-ის ხელმძღვანელი.


ჩვენ ვმსჯელობთ, რა საპარლამენტო ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან ერთად, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური დარტყმა მიიღოს ამ ხელისუფლებამ და იძულებული გახდეს, გადადგეს.


ის, რომ ჩვენ ვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, არ ნიშნავს, რომ მან პასუხები არ უნდა გასცეს ძალიან მწვავე შეკითხვებს, რომელიც უკავშირდება 5 ივლისამდე, კონკრეტული მუქარის განცხადებების შემდეგ, რატომ არ მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზომები და არც პასუხი გასცა ოპოზიციის შეკითხვებს, როგორ აპირებდა ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასევე პასუხი უნდა გასცეს დღესაც არსებულ შეკითხვებს - ვისი ორგანიზებული იყო თავდასხმები, როგორ დაორგანიზდა ამ ჯგუფების შეკრება, მათი კონკრეტული ნაბიჯები და თავდასხმები. მიუხედავად იმისა, რომ მის გადადგომას ვითხოვთ, ვალდებულია პასუხები გასცეს ყველა ამ შეკითხვას”,- განაცხადა სამნიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი