გიორგი ვაშაძე - ენით აღუწერელი დანაშაული მოხდა ჩვენ თვალწინ და ამ ყველაფერს კონკრეტული დამნაშავეები ჰყავს, არა ის ხალხი, ვინც უსწორდებოდა ჟურნალისტებს, არამედ ისინი, ვინც ამ დავალებას გასცემდნენ

12 Jul 2021 12:48

ეს იყო კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული სპეცოპერაცია, რომელიც განხორციელდა ოპოზიციური მედიის, ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ - შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში უნდა მოვიდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს 5-6 ივლისის მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.


როგორც ვაშაძე აცხადებს, აღნიშნულ მოვლენებში დამნაშავე არა უშუალოდ ის ადამიანები არიან, ვინც ჟურნალისტებს უსწორდებოდნენ, არამედ ისინი, ვინც ამ დავალებას გასცემდნენ.


გიორგი ვაშაძემ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ამ ადამიანის გარდაცვალებაში დამნაშავეა „ქართული ოცნება”.


„ამას ბევრი მოკვლევა არ სჭირდება. მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო არ არსებობს, ტერორისტული ორგანიზაციებიც კი, რომლებიც ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან. გუშინდელ აქციაზე გახმოვანებულ მოთხოვნებს ვუერთდებით, მთავრობის გადადგომას აქამდეც ვითხოვდით და ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში უნდა მოვიდეს და კითხვებს პასუხი გასცეს. ფრაქციის სხდომა გვექნება და ვიმსჯელებთ, თუ რა მექანიზმები უნდა ავამოქმედოთ პარლამენტში, რომ მოძალადე „ქართულ ოცნებასა” და მთავრობას პასუხი მოვთხოვოთ და ჩვენი ხმა გავაგონოთ როგორც მთელ საქართველოს, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას. ენით აღუწერელი დანაშაული მოხდა ჩვენ თვალწინ და ამ ყველაფერს კონკრეტული დამნაშავეები ჰყავს, არა ის ხალხი, ვინც უსწორდებოდა ჟურნალისტებს, არამედ ისინი, ვინც ამ დავალებას გასცემდნენ”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი