ტელეწამყვანი მაია ასათიანი მისი კოლეგის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე საუბრობს. ამბობს, რომ ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც დღეს ყველაზე კარგად ესმის ლექსო ლაშქარავას დედის.
„ოცი წლის წინ, როდესაც ჩვენ გიორგი სანაია მოგვიკლეს, მაშინ დამწყები ჟურნალისტები ვერ ვაცნობიერებდით, რომ ეს იყო ხელისუფლების სიკვდილი და ის ხელისუფლება წავიდა. მერე იყო 7 ნოემბერი და ჩვენ უკვე ვიცოდით, იმ ხელისუფლებასაც აღარ ადგა დიდი დრო. ახლა მთელმა საქართველომ იცის, რომ ხელისუფლება მედიასთან ომში ყოველთვის წაგებული გამოდის. ამიხსენით, რა არის ეს ქართველობა, როცა 40 კაცი გამეტებით ერთს სასიკვდილოდ ურტყამს. როდესაც ის ერთი ოპერატორი პატარა 20 წლის გოგონას გადაეფარა და საკუთარი სიკვდილით გადაარჩინა. ქრისტიანობა არის თავმდაბლობა და შემწყნარებლობა. სად ვართ ახლა ქართველებო და რა არის ეს უკვე მარგინალიზებულად ქცეული სიტყვა- ქართველობა. წვეროსნებს მოგმართავთ, ეს რა ქართველობაა? რა არის ეს, როცა მიცვალებულს ძალით ართმევენ დედას, ცელოფანში ახვევენ და შემდეგ ლიფტში ძალით ტენიან. ეს არის თქვენი სამშობლო? სად არის ნამდვილი საქართველო?",- განაცხადა მაია ასათიანმა.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოპერატორს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
pia.ge