საზოგადოებამ ისიც მინდა იცოდეს და აქ დავასრულებ - ახლოვდება არჩევნები, ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, ამ არჩევნებზე, „ქართული ოცნება“, თავისივე ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, თუ ვერ დააგროვებს 43%-ს, მაშინ, თქვენ იცით, რომ დაიწყება ახალი არჩევნების მზადება და შესაბამისად, ეს პროცესები, რომელსაც „ქართული ოცნება“, როგორც ძლიერი პოლიტიკური ძალა, ხელმოწერაც დასვა დოკუმენტზე, რომელიც მისთვის სასიკეთო ალბათ პოლიტიკურად ბოლომდე არ იყო, მაგრამ სიძლიერე გამოიჩინა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი იწვევს დაძაბულობას და შეიძლება კიდევ დაიგეგმოს პროვოკაციები.
„ამიტომ, ყველანი უნდა ვიყოთ ფრთხილად და მითუმეტეს მოწყვლადი ჯგუფები, რადგან, სწორედ ამ ჯგუფებს, სააკაშვილი და მისი უსინდისო პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არაერთი ხელშემწყობი ჰყავს, ალბათ მომავალშიც შეეცდებიან, რომ გამოიყენონ. ჩვენს ეს თვეები უნდა გავიაროთ მშვიდობიანად და უნდა ჩავატაროთ არჩევნები მშვიდობიანად და შემდეგ თქვენ, ბევრს რომ ყვირით, გააკეთეთ არჩევანი ურნასთან. თუ არ მოგწონთ და გძულთ ეს მთავრობა, გადაირჩიეთ. დღეს არავინ არ აპირებს გადადგომას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.