ნინო ბურჯანაძე - თურმე მთავრობის გადაყენების პროცედურა უნდა დავიწყოთ - აქ ან უცოდინრობასთან გვაქვს საქმე, ან შეგნებულ მოტყუებასთან იმიტომ, რომ ამ პროცედურისთვის საჭირო 76 ხმა ოპოზიციას არ გააჩნია

12 Jul 2021 21:06

წარმოუდგენელი სურათი იყო დღეს საქართველოს პარლამენტში - ვფიქრობ, რომ ამ განვითარებული მოვლენების შემდეგ კატეგორიულად წარმოუდგენელია, რეალური ოპოზიციონერი პარლამენტში დარჩეს, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა გამოასწოროს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა და „პარლამენტში შელაგება, უკანონო პარლამენტის გაპრავება“.


„წარმოუდგენელი სურათი იყო დღეს, რასაც ჩვენ ვხედავდით საქართველოს პარლამენტში. მე არ მახსოვს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ასეთი კადრები, როდესაც მოქმედ პარლამენტარებს უბრალოდ დარბაზში არ უშვებენ - ეს არის წარმოუდგენელი და მინდა გითხრათ, რომ ეს ერთის მხრივ ალბათ არის ლოგიკურიც იმიტომ, რომ ოპოზიციურ დეპუტატებს იქ რეალურად არაფერი არ ესაქმებათ.


იმედია, რომ ახლა მაინც დარწმუნდა დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, რომ პარლამენტში არ არის დღეს ოპოზიციის ადგილი და ეს არ არის პარლამენტი, სადაც შეიძლება ოპოზიციამ ნორმალურად იმუშაოს. ვფიქრობ, რომ ამ განვითარებული მოვლენების შემდეგ კატეგორიულად წარმოუდგენელია ჩემთვის, რეალური ოპოზიციონერი პარლამენტში დარჩეს.

სიმართლე გითხრათ, ძალიან გაოცებული ვიყავი, როდესაც მესმოდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე უნდობლობის მექანიზმი უნდა აამუშაონ. ეს გაგრძელდება თვეების განმავლობაში, ხელისუფლება გადააგორებს ამ კრიზისს და სათავისოდ გამოიყენებს, თურმე გადაყენების პროცედურა უნდა დავიწყოთ. აქ საერთოდ ან უცოდინრობასთან გვაქვს საქმე, ან შეგნებულ მოტყუებასთან ადამიანების იმიტომ, რომ გადაყენების პროცედურისთვის საჭირო 76 ხმა ოპოზიციას არ გააჩნია, თურმე საგამოძიებო კომისიები უნდა შევქმნათ, ვინ გასცა განკარგულება ჟურნალისტების დარბევაზე, ვინ ჩამოხია და რატომ ჩამოხია ევროკავშირის დროშა. უკაცრავად, მაგრამ ეს იქნება უბრალოდ დაცინვა საზოგადოების და იმედია, ოპოზიციის უმეტესი ნაწილი გონს მოვა და მსგავსი, აბსოლუტურად ცარიელი ნაბიჯების გადადგმაზე არ წავა იმიტომ, რომ ეს არის ან უცოდინრობა კონკრეტული დეპუტატების მხრიდან, როგორ წარიმართება ეს პოლიტიკური პროცესი და საპარლამენტო პროცესი, ან არის შეგნებული მცდელობა, რომ ნებისმიერ ფასად დარჩნენ პარლამენტში საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად, თუნდაც იმ ფასად, რომ ხელისუფლებამ ეს კრიზისი გადააგოროს.


მე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ვარ და ძალიან კარგად ვიცი საგამოძიებო კომისიის პროცედურაც, გადაყენების პროცედურაც, უნდობლობის გამოცხადების პროცედურაც. უნდობლობის პროცედურას რომ გამოაცხადებენ, პრემიერ-მინისტრს ვის წარადგენენ ძალიან მაინტერესებს და პროგრამას და ხელისუფლებას ამით ელაპარაკებიან? ოპოზიციამ პირველ რიგში თვითონ მიიღოს ის გადაწყვეტილება რა გადაწყვეტილებაც არის მისაღები და გამოასწოროს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა და პარლამენტში შელაგება, უკანონო პარლამენტის „გაპრავება“ და შემდეგ უფრო მეტი მორალური უფლება გვექნება, რომ ხალხს მოვუწოდოთ, რომ გამოვიდნენ გარეთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.


მანვე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს პირდაპირ მთავრობის მიერ დაგეგმილი და ჩატარებული სპეცოპერაცია იყო და ყველა ნებისმიერ ქვეყანაში იმას, რაც 5 ივლისს თბილისის ქუჩებში მოხდა, არავინ აპატიებდა მთავრობას.





კომენტარები:

ფართი შოპი