ვახო სანაია - რუსთაველს არავის დავუთმობთ, დავრჩებით აქ საბოლოო გამარჯვებამდე - ჩვენ ჩავიბარებთ პრემიერ-მინისტრის გადადგომას

12 Jul 2021 22:37

ჩვენ რუსთაველს არავის დავუთმობთ! დავრჩებით აქ საბოლოო გამარჯვებამდე! თქვენ არ იცით, რა არის ქართული მედია, ეტყობა. „ქართულო ოცნება“, კარგად შემოგვხედე, თქვენ არ გაგივათ ამ ქვეყანაში დიქტატურა, იმიტომ, რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ,- ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.


მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება და სწორედ დღეს პარლამენტის წინ მდგარი ადამიანები „ჩაიბარებენ“ მთავრობის მეთაურის გადადგომას.


„კობახიძე, გადაიწიე თმები, გამოაჩინე თვალები და შეხედე რამდენი ვართ. ეს ხალხი დაიცავს ლექსოს უფლებებს, ეს ხალხი გიპასუხებს შენ, რომელიც დაქოქილი რობოტივით ლაპარაკობ, რომელმაც დღეს შეაგინა მთელ მედიას და ჩვენ ამას არ გაპატიებთ. მე გაგახსენებთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ არსად წავიდოდა, სად არის ის დღეს? - არ არის თანამდებობაზე, ზუსტად ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი წავა თანამდებობიდან და ამას გავაკეთებთ ჩვენ, ვინც ვდგავართ აქ, ვინც არის ტელეეკრანებთან. უამრავი ადამიანი გვიერთდება. ჩვენ დავდებთ ამ შედეგს, ჩვენ ჩავიბარებთ პრემიერ-მინისტრის გადადგომას“, - განაცხადა სანაიამ.


მან, ამასთანავე, ხმამაღლა გააჟღერა მედიასაშუალებების იმ თანამშრომლების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენების გაშუქებისას დაშავდნენ. სანაიას თქმით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ხელისუფლება რუსთაველის გამზირზე მოსაკლავად დასდევდა.


„საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა გააკეთა. ისინი დღეს სახელმწიფო დანაშაულში ჩვენ გვადანაშაულებენ. მე წავუკითხავ მთელ მსოფლიოს იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რომელთაც თქვენ აქ მოსაკლავად იმეტებდით.


სწორედ ეს ხალხი დაგასრულებს შენ, ვინც ამ მოედანზე იდგა და თავის მოვალეობას ასრულებდა. პრემიერ-მინისტრო, შენ ამ ხალხს დაჰპირდი სიკვდილს და შენ ეს ხალხი გიპასუხებს ისე, როგორც საჭიროა.


ან თქვენ იქნებით ხელისუფლებაში, ან ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და თუ ჩვენ არ ვიქნებით, ამ ქვეყანაში ჩამოწვება წყვდიადი და წყვდიადი არ არის ის, რისთვისაც ვცხოვრობთ, ვზრდით ჩვენს შვილებს, წყვდიადი არ არის ის, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ ცხოვრებას, ჩვენ გავანათებთ რუსთაველს, ჩვენ დავამარცხებთ ბოროტებას, უსათუოდ დავამარცხებთ!“- განაცხადა ვახო სანაიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი