პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია მცხეთაში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

13 Jul 2021 20:46

სოფელ მისაქციელში ფერმერებთან შეხვედრას პარტია „საქართველოსთვის“ წევრები: მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კერესელიძე, ნათია მეზვრიშვილი და ეკატერინე ვეფხვაძე ესწრებოდნენ. 


გიორგი გახარიამ ადგილობრივ ფერმერებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით პარტიის პროგრამის ხედვები გააცნო. პარტიის თავმჯდომარემ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის ეფექტიანი პოლიტიკის გატარებაზე გაამახვილა ყურადღება. 


საუბარი შეეხო მაღალი დამატებული ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციის შექმნის მნიშვნელობას, მათ შორის, ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევის გზით.  ასევე, პროდუქტიულობის გაზრდისთვის - პროგრამა 1+1, რომელიც მეწარმეთა ჯგუფის მიერ ძირითადი საშუალებების შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინვესტიციის ერთმაგი ოდენობით თანადაფინანსებას ითვალისწინებს.
 

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის  შემოსავლის დამატებითი წყაროს გაჩენისთვის, სასოფლო-სამეურნეო აქტივობებზე მიბმული მცირე საოჯახო ბიზნესის, მათ შორის, ბიო და ორგანული მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამების დანერგვის საჭიროება.


ფერმერებთან საუბრისას გიორგი გახარიამ განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირის ბაზარზე გასვლის ხელშეწყობის აუცილებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ პროდუქციის ექსპორტზე გატანის ხელშეწყობისთვის განხორციელდება მხარდაჭერის სპეციალური პროგრამები.


თავის მხრივ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ეკატერინე ვეფხვაძემ, რომელიც თავად არის ერთ-ერთი წარმატებული ფერმერი, ადგილობრივებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობაში ახალი ცოდნებისა და ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვის მნიშვნელობას.





კომენტარები:

ფართი შოპი