ბუბა მირცხულავა: ვფიქრობ, მოვწონვარ და არა მგონია, მატყუებდეს

13 Jul 2021 21:59

მსახიობი ბუბა მირცხულავა მალე მამა გახდება. პატარა, რომლის სქესიც სიურპრიზი იქნება, ქვეყანას სექტემბერში მოევლინება და რაც უფრო ახლოვდება ეს დრო, ბუბასა და მისი მეუღლის მღელვარება უფრო და უფრო იზრდება.


ბუბა მირცხულავა: ჯერ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, რაც ჩემს თავს ხდება. ალბათ, ქალებთან შედარებით, მამები უფრო გვიან ხვდებიან და გრძნობენ ამას. ერთადერთი, ის ვიცი, რომ თავში რაღაც გადამიტრიალდება და ბავშვის დაბადება ბევრად უფრო კარგ ადამიანს გამხდის, ვიდრე დღეს ვარ. რაც უფრო ბოლოსკენ მივდივართ, დრო უფრო და უფრო მეტად იწელება. პატარას სექტემბრის დასაწყისში ველოდებით, მაგრამ სქესს სიურპრიზად შევინახავ. ყველაფერი კარგად მიდის. მთავარია, რომ სოფოც და ბავშვიც ჯანმრთელად არიან.


– როგორი რეაქცია გქონდა, როცა ფეხმძიმობის შესახებ გითხრა?

– საბურთალოზე ვიყავით და რომ მითხრა, ფეხმძიმედ ვარო, გავვარდი და მთელი საბურთალო ფეხით შემოვირბინე (იცინის). პირველად რომ მომარტყა ფეხი, მაშინაც იგივე გავაკეთე.


– მამის ამპლუისთვის, ასაკით, ცოტა პატარა ხარ. როგორ წარმოგიდგენია, კარგად გაართმევ თავს ამ პასუხისმგებლობას?

– ჩემი აზრით, ასაკით არ განისაზღვრება, ადამიანი პატარა არის თუ დიდი. ეს თავად ადამიანზეა დამოკიდებული. თუ გრძნობ, რომ მზად ხარ, არ აქვს ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუმცა, როცა საქმე პირველ შვილს ეხება, რა ასაკშიც უნდა იყო, რთულია მიხვდე მზად ხარ თუ არა ან, საერთოდ, რას ნიშნავს ამ სიტუაციაში მზად ყოფნა. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ამ მდგომარეობას დიდი ღელვა ახლავს და გინდა, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს. ეს პროცესი არ იწყება უშუალოდ ბავშვის დაბადებიდან, როგორც კი გავიგე, მე და სოფო მშობლები გავხდებოდით, იმ მომენტიდან დაიწყო ემოციების მოზღვავება და დღემდე გრძელდება.


– ახალგაზრდა დედა გყავს, როგორ ემზადება ბებიობისთვის?

– დედაც და ბებოც ახალგაზრდები არიან და მოუთმენლად ელოდებიან ბავშვის დაბადებას. ჩვენი შვილი ბებიაჩემისთვის პირველი შვილთაშვილი, დედაჩემისთვის კი პირველი შვილიშვილი იქნება. სოფოს მშობლებისთვისაც პირველი შვილიშვილია და შესაბამისად, ყველა განსაკუთრებულად ველოდებით. მოკლედ, ყველაფრით განებივრებული ბავშვი იქნება.


– ახლა ვიცი, რომ დილიდან საღამომდე და ზოგჯერ ღამეც, გადაღებები გაქვს. მამა რომ გახდები, მერეც ამ ტემპით აპირებ გაგრძელებას?

– ეგ ჩვეულებრივი მომენტია. ოჯახს რჩენაც სჭირდება და ამისთვის მზად ვარ. თუ ჩემი ოჯახისთვის საჭირო იქნება, უფრო მეტი დატვირთვითაც ვიმუშავებ. კარგად ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას და რთული და დამღლელი დღეები არ მაშინებს.


– ახალი დაქორწინებულები რომ იყავით, პანდემიის გამო სერიალი შეჩერებული იყო და შემოსავლის გარეშე აღმოჩნდი. ხუმრობდი კიდეც, ცოლი რომ მოვიყვანე, ახლა აღმოვჩნდი ჯიბეგაფხეკილი, როცა პატარა ასაკიდან ჩემი შემოსავალი მაქვსო. როგორ გაუმკლავდით ამ მდგომარეობას?

– ჩვენი ოჯახების დახმარებით და ამისთვის დიდი მადლობა მათ. იმ პერიოდში მაქსიმალურად დაგვიდგნენ გვერდით, ძალიან გვიყვარს ისინი და განსაკუთრებულად ვაფასებთ.


– როგორი მეოჯახე აღმოჩნდი?

– ეგ სოფომ უნდა თქვას, მაგრამ არ უყვარს ინტერვიუები. ჩემი გადმოსახედიდან საუბარი უხერხული იქნება. რომ ვთქვა, კარგი ბიჭი ვარ-მეთქი, თავის ქება გამომივა. ახლა მე და შოთა ვართ ერთად და მკარნახობს, ძალიან მზრუნველი ხარო. ზუსტად ახლა ვლაპარაკობდით ამ თემაზე და მეც ვეთანხმები, უფრო მზრუნველი გავხდი. თვითონ უკვე გამოცდილი მამაა და რჩევები მომცა.


შოთიკო ნოზაძე: სოფოს მაგივრად მე ვიტყვი, რომ ადრე თუ „გულაობაზე“ ფიქრობდა, ახლა მთლიანად ოჯახზეა კონცენტრირებული. სულ იმაზე ფიქრობს, ბავშვს რა სჭირდება, მაღაზიებში დადიან და რაც კი რამე მოეწონებათ, ყველაფერს ყიდულობენ. თავიდან ბოლომდე ოჯახზე, ცოლსა და შვილზე არის გადართული.


– ბუბა, რადგან თავის ქება არ გინდა, მაშინ ის მითხარი, რას გსაყვედურობს ხოლმე სოფო?

ბუბა: კალათბურთს რომ ვუყურებ, მეუბნება ხოლმე, დაწექი, დაიძინეო. კალათბურთი ხომ ღამე გადის და ხანდახან ღამისთევა მიწევს და ამიტომ მსაყვედურობს (იცინის). ფეხბურთს, ჩემთან ერთად, თვითონაც უყურებს, ის უფრო დღის საათებშია. სხვათა შორის, ადრე სხვა ნაკრებს გულშემატკივრობდა და გადმოვიბირე,


– ბედნიერების შეგრძნებასთან ერთად, ამ პროცესს ახლავს იმის შიშიც, რომ შესაძლოა, რაღაც ისე ვერ გააკეთო, როგორც საჭიროა?

– არა, ნამდვილად არ მინდა, რომ დამარცხებულის ფსიქოლოგიით დავიწყო ჩემს შვილთან ურთიერთობა. ვიცი, რომ ყველაფერს სწორად გავაკეთებ. არაფრის მეშინია, შეცდომები ყველა მშობელს მოსდის, მთავარია, გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვა. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.


– შენ როგორი იყავი ბავშვობაში?

– ცელქი, თამამი, უკომპლექსო, მოუსვენარი და მხიარული. სკოლაში მესამე კლასამდე ვიარე. მესამე კლასის შემდეგ თეატრში შევედი და ჩემი დროის 90 პროცენტი მას მიჰქონდა. ამიტომ სკოლა იმდენად ვერ შევიგრძენი, როგორც სხვა მოსწავლეებმა, ვინც იქ სტანდარტულად 12 წელი გაატარა. თუმცა, ეს არ მიქმნიდა პრობლემას. პრიორიტეტები მქონდა დალაგებული – ჩემთვის პირველ ადგილზე თეატრი იყო, მეორეზე – სერიალი და ბოლოს – სკოლა. სკოლას მე კიდევ სხვანაირად ვუყურებ, ამაზე საუბარი სხვაგან წაგვიყვანს, მაგრამ მოკლედ ვიტყვი – დიდი არაფერი დამკლებია იმით, რომ სკოლაში იმ სიხშირით ვერ ვიარე, როგორც სხვა მოსწავლეებმა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სწავლაზე უარი ვთქვი, სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტიც დავამთავრე, მალე მაგისტრატურასაც დავასრულებ და ასე მივდივარ წინ, ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ვიბრძვი.


– რაც შენი გმირი უარყოფითისკენ შეიცვალა, შენ მიმართ მაყურებლის თბილი დამოკიდებულებაც შეიცვალა?

– კი, მაგრამ ჩემთვის ეგ პრობლემას არ წარმოადგენს. ლოგიკურია, რომ პერსონაჟის ცვლილებასთან ერთად მაყურებლის დამოკიდებულებაც სხვანაირი გახდებოდა.


– სოფო რას ამბობს ბაქარსა და ბუბაზე?

– ბაქარი რომ კარგი კაცი არ არის, ყველა ვხვდებით და ლოგიკურად, სოფოც გამოხატავს მისდამი თავის აზრს. რაც შემეხება მე, ვფიქრობ, მოვწონვარ და არა მგონია, მატყუებდეს (იცინის). საკმაოდ კრიტიკულია და თუ რამე არ მოეწონა, ამასაც მეუბნება. როცა არ მოგწონს და ამბობ, კარგიაო, ჩემი აზრით, ამით ცუდს უკეთებ ადამიანს.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი