ლევან იოსელიანი - „ოცნებამ" ძალით დანიშნა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები, რასაც თავისი პოლიტიკური შედეგი ექნება

14 Jul 2021 14:29

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, ქვეყნის პარტნიორებმა "ქართულ ოცნებას" ძალიან ნათლად უნდა უთხრან, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა იყო.


მისივე თქმით, თუკი შედეგად საქართველო ევროკავშირისგან დახმარებას დაკარგავს, ამით მოქალაქეები დაზარალდებიან, "თორემ ვინც უზენაეს სასამართლოში განამწესეს, კარგად იქნებიან".


"როცა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო, პირველი დღიდან ვამბობდი, რომ ეს შარლ მიშელის შეთანხმებასთან წინააღმდეგობაში იყო. მე, როგორც ერთმა დეპუტატმა თავი ვალდებულად ჩავთვალე, მოსმენებზე ვყოფილოყავი, დამესვა ყველა კრიტიკული კითხვა, შემეხსენებინა მათი ბიოგრაფია და საზოგადოებისთვის დამენახებინა, "ქართული ოცნება" უზენაეს სასამართლოში ვის განწესებას აპირებდა. კარგია, რომ ცხრავე მოსამართლე არ განწესდა, მაგრამ ექვსი მოსამართლე, რომელიც საბოლოოდ უზენაეს სასამართლოში აღმოჩნდა, ორ მთავარ კრიტერიუმს ვერ უძლებს - ეს არის პროფესიონალიზმი და კომპეტენცია. "ქართულმა ოცნებამ" ძალით, ხელის გადაგრეხვით დანიშნა ეს ადამიანები უზენაეს სასამართლოში, რასაც თავისი პოლიტიკური შედეგი ექნება", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.


შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის განცხადებით, მოსამართლეების არჩევა ხელისუფლებისთვის დაკარგული შესაძლებლობაა სასამართლოს რეფორმის მიმართ ერთგულების დამტკიცებისთვის - ამ ნაბიჯმა შეიძლება მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს.




კომენტარები:

ფართი შოპი