თამუნა ამონაშვილი: როცა ჭკუა მაქვს, ფული არ მაქვს, როცა ფული მაქვს – ჭკუა აღარ

14 Jul 2021 19:38

ფინანსების სწორად გადანაწილება და მხოლოდ იმაზე კონცენტრირება, რაც მართლა გვჭირდება საკმაოდ რთული „ხელოვნებაა“. ხშირად ისეთ რამეში ვხარჯავთ თანხას, რაც შესაძლოა, არასდროს გამოვიყენოთ.


თამუნა ამონაშვილი: როცა ჭკუა მაქვს, ფული არ მაქვს, როცა ფული მაქვს, ჭკუა – აღარ. ორივე ერთად კი არასდროს მაქვს (იცინის). როცა ფული არ არის, ვაწყობ ათას გეგმას, მაგრამ როგორც კი შემოსავალი გაჩნდება, აბსოლუტურად სხვა რაღაცას ვაკეთებ – ფულს იმაში ვხარჯავ, რაზედაც საერთოდ არ მიფიქრია.


პირველი ხელფასი 15-16 წლის ასაკში ავიღე – 14 მანეთი. ეს მაშინ დიდი ფული იყო (იცინის). მერე ნელ-ნელა 50 მანეთამდე ავედი. შემოსავალი რომ შემომდის, ვიწყებ ფიქრს, რა გავუკეთო სხვას, ვინმემ რამე თუ მთხოვა, ვინმეზე თუ ვფიქრობ, რომ რაღაც სჭირდება, მაშინვე გავცემ და რაც დამრჩება, იმას ვხარჯავ ჩემთვის. ყველაზე ბოლოს იმაზე ვიწყებ ფიქრს, საკუთარი თავისთვის რა მაქვს გასაკეთებელი. ასეა ბავშვობიდან. ძალიან მეოჯახე ვარ და ალბათ, პირველი ხელფასიდან მოყოლებული, პირველ რიგში, იმას ვყიდულობდი, რაც ჩემი ოჯახის წევრებს და ზოგადად, ოჯახს სჭირდებოდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ვკერავდი და ვქსოვდი, ძალიან ბევრ წვრილმანს ვყიდულობდი, თუმცა უმეტესობას არც ვიყენებდი, ვაფუჭებდი და ვაგდებდი.


– რისი ყიდვა გინანიათ და გიფიქრიათ, რომ მასში ფულის გადაყრა სისულელე იყო?

– ვაიმე, ეს იმდენჯერ იყო ჩემს ცხოვრებაში, კონკრეტულ მაგალითს ვერც ვიტყვი (იცინის). ასეთი რამ დღესაც მოხდა, გუშინაც და ხვალაც იქნება. სულ იმას ვფიქრობ, ვაიმე, ეს რად მინდოდა? უაზრობებეში ვიცი ფულის გადაყრა, მაგრამ იმ წუთს მგონია, რომ ის, რასაც ვყიდულობ აუცილებლად დამჭირდება. შინაგანად შემოქმედებითი სული მაქვს და რამეს რომ შევხედავ, წარმოვიდგენ, მისგან რისი გაკეთება შეიძლება და ასე ძალიან ბევრ უაზრობას ვყიდულობ. მერე შესაძლოა, გადავაგდო, მაგრამ ძირითადად, სხვებს ვჩუქნი ხოლმე. ძალიან იშვიათად, რომ კმაყოფილი ვიყო ჩემი „პაკუპკებით“ (იცინის). როცა ფულის ხარჯვას ეხება საქმე, ერთი დიდი არეულობაა ჩემთან (იცინის).


– ალბათ, ძალიან ბევრჯერ გამოსულხართ მაღაზიიდან ბევრი ჩანთით და ბედნიერი, მაგრამ გაგიცნობიერებიათ, რომ იმაში დახარჯეთ ფული, რაც არ გჭირდებოდათ და ფული აღარ დაგრჩათ იმისთვის, რაც მართლა გჭირდებათ?

– სულ ასეა. ამიტომაც ვამბობ, რომ ფული და ჭკუა ერთად არ მაქვს (იცინის). ვდგავარ და საკუთარ თავს ვეჩხუბები, ეს რად მინდოდა-მეთქი, მერე ჩემს თავზე ვხარხარებ (იცინის). იმდენად ხშირად ხდება მსგავსი რამ, რომ მე და ჩემს ახლობლებს სიცილადაც აღარ გვყოფნის. არ ვიცი, რატომ ხდება ასე. მგონია, რომ ასეთი თუ ხარ ბუნებით, ხარ და მორჩა, ფულის პრაგმატულად ხარჯვას მერე ვერ ისწავლი, თუ ეს შენში არ დევს. რაღაც პერიოდით შეიძლება მოთოკო თავი, მაგრამ გავა დრო და იმავეს გააკეთებ. იშვიათად მომხდარა, რომ ზუსტად იმასთან მივსულვარ, რაც მართლა მჭირდებოდა და გარშემო სხვა არაფრისთვის შემიხედავს. ორი კვირის წინ, საერთოდ რომ არ მჭირდებოდა ისე, ულამაზესი კაბა ვიყიდე, თუმცა საბოლოოდ კმაყოფილი დავრჩი, რადგან ძალიან გამომადგა, გადაღებაზე ჩავიცვი. მაგრამ ასეთი გამართლებები ძალიან იშვიათია (იცინის).


– ოდესმე დიდი ვალი აგიღიათ?

– არა. ძალიან არ მიყვარს ვალები, ისე მაწუხებს და ვითრგუნები, რომ სულ თავს ვარიდებ, ღმერთს ვთხოვ, დამიფაროს. პატარა ვალები – როგორ არა, ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. აი, დიდ ვალებს რაც შეეხება, ინდივიდისგან არა, მაგრამ ბანკისგან ამიღია. კი ვბრაზდები ხოლმე ბანკებზე, მაგრამ მაინც მადლობას ვუხდი (იცინის). მისი დახმარების გარეშე, მე ვერაფერს შევძლებდი. სახლიც მაქვს, კარიც, მანქანაც და ასე შემდეგ. მაგრამ „ჟიმჟიმი“ ახლავს თან ამ პროცესს (იცინის).


– ხართ ფულის მშოვნელი?

– ამასაც ნიჭი უნდა, მგონია, რომ ვარსკვლავებზე ვართ დამოკიდებული. არიან ყისმათიანი ადამიანები, რომლებსაც გამოსდით. არიან ადამიანები, რომლებსაც ტვინი გადმოსდით, მაგრამ ფულის შოვნა არ ეხერხებათ. ჩემ გარშემო ბევრია ისეთი, ვინც ძალიან მაგარია ფულის შოვნაში, მაგრამ ხარჯვის გაგებაში არ არიან და სულ ვალები აქვთ. მე სულ მეძლევა, სულ ვგრძნობ განგების თანადგომას, ზეციური ძალების დახმარებას. მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში არსებობს მიწიერი და ზეციური კანონები – ადამიანები, როცა სწორ კანონებს ვიცავთ და დადებითს გავცემთ, ანალოგიური გვიბრუნდება. „ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე“ – ეს ცხოვრების კრედოა და როცა ადამიანი იმაზე ფიქრით ცხოვრობ, რა ასიამოვნო სხვას, როგორ დაეხმარო, რა გასცე, ასჯერ მეტი გიბრუნდება. ცუდთან მიმართებითაც ასეა. მე ასე ვცხოვრობ.


– დიდხანს ცხოვრობდით რუსეთში, სადაც რეალიზების საშუალება მეტია. რთული იყო მეტ შემოსავალზე უარის თქმა და სამშობლოში დაბრუნება?

– ჩემი ქვეყანა ყველაფერს მირჩევნია. რაც აქ გავაკეთე, ათმაგად დამიბრუნდა სიყვარულის სახით. ფინანსურადაც არ ვწუწუნებ. სხვა ქვეყანაში ასე ნაკლებად ხდება. იქ მე ცამეტი წელი დამჭირდა „პახაობა“, ძალიან ბევრი ვიწვალე. შესაძლოა, ცოტა მეტ თანხას ვიღებდი, მაგრამ ჩემს ქვეყანაში აღებული ნაკლები ფული უფრო მადლიანი და ტკბილი მეჩვენება. იმდენად მიყვარს ჩემი საქართველო, რომ აქ ათი და ოცი ლარიც მილიონი ხდება ჩემთვის. მე წავედი იმიტომ, რომ ეს აუცილებელი იყო ჩემი ოჯახისთვის, აქ მაშინ ვერაფერს გავაკეთებდი. პირველ ხანებში ძალიან ვიწვალე. მერე შევეთვისე იქაურობას და მივხვდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა და შემდეგი პერიოდი ნაყოფიერი აღმოჩნდა. შედეგად ყველა პრობლემა, ბანკი იყო თუ სხვა, მოვაგვარე. მე იქ არ წავსულვარ ჩემი კარიერის გასაგრძელებლად, წავედი პრობლემების გადასაჭრელად და ეს რომ არ გამოვიდა, მერე დავიწყე ჩემს პროფესიაში აქტიურობა. იქ იყო ამის შესაძლებლობა და ამიტომ მე და რეზომ უარი აღარ ვთქვით. გადავწყვიტეთ, ჩვენი შემოქმედებით გვეცხოვრა და კარგადაც გამოგვივიდა. ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ ძალიან დავიღალე. იმდენად, რომ აქ რომ ჩამოვედი, ორი წელი გახსენება არ მინდოდა, არც სიმღერის, არც სცენის და საერთოდ არაფრის – მაჟრიალებდა ამ ყველაფერზე, გულწრფელად გეუბნებით. ყველაფერი გამორთული მქონდა, გადაცემებს თუ სხვა მოპატიჟებებს უარს ვეუბნებოდი, რადგან ძალიან გადაღლილი ვიყავი. მაგრამ გავიდა ორი წელი და ახლა უარს აღარ ვამბობ შოუებში მონაწილეობაზე, ახალი სიმღერების ჩაწერა დავიწყე და ისევ შევეთვისე ჩემს ქვეყანას. ქალური, ტკბილი, სექსუალური – ეს ჩემი ნიშაა და მინდა, ისევ მასში ჩავჯდე. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.


– უფულოდ დარჩენის ფობია გაქვთ?

– საშინელი, ძალიან განვიცდი იმ პერიოდში, როცა არსაიდან არაფერი შემოდის. მქონია ასეთი მომენტები და ალბათ, იმიტომ, რომ ბევრი ადამიანია ჩემზე დამოკიდებული, ორმაგად განვიცდი. ადგილს ვერ ვპოულობ, დეპრესია მეწყება – ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს არ მოხდეს.

P.S. გამოყენებულია ჟურნალ „შინის“ ფოტოები.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი