მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ემინე ჯაპაროვას შეხვდა

14 Jul 2021 19:53

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინაში პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ემინე ჯაპაროვასთან გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრს, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესს, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის რეგიონების ოკუპაციასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს.

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის საერთო გამოწვევებზე, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ ორი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ადგილზე მის მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებსა და მზარდი ჰიბრიდული და „რბილი ძალის“ გამოყენების საფრთხეებს.

 

მხარეებმა რუსეთის მიერ საქართველოში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის და ბორდერიზაციის პროცესი ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება მიმოიხილეს. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიზნით კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას.

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინაში ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებულ ბოლოდროინდელ მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ამ კუთხით, ევროინტეგრაციის საკითხებზე ასოცირებული ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელობის მიერ მიმდინარე წლის 17 მაისს ქ. კიევში ხელმოწერილ თანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობა აღინიშნა.

 

შეხვედრაზე ემინე ჯაპაროვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ხაზი გაუსვა „ყირიმის პლატფორმის“ მნიშვნელობას და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების პროცესში ერთობლივი ძალისხმევისა და მჭიდრო თანამშრობლობის აუცილებლობას.

 

ორი ქვეყნის წარმომადგენლის მიერ გამოითქვა მზაობა მაქსიმლურად ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, მათ შორის შავი ზღვის სატრანსპორტო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობას.





კომენტარები:

ფართი შოპი