რის გამო ახსენდება პაატა თედიაშვილს ციხეში გატარებული დღეები ბედნიერად და რატომ არ უკოცნია მას არასდროს დედისთვის

15 Jul 2021 00:16

პაატა თედიაშვილს საზოგადოება წლებია, სხვადასხვა რაკურსით იცნობს, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რა სირთულეების გამოვლა მოუწია მას და მის ოჯახს მამის ცხოვრების წესის გამო.

პაატა თედიაშვილი: შესაძლოა, ჩემი წარსული ვინმესთვის კეთილი მაგალითი აღმოჩნდეს და მასზე ამიტომაც ვსაუბრობ ხმამაღლა. ჩემი ბავშვობა არ ყოფილა მარტივი, რადგან მამა პატიმარი იყო და ჩვენ ბევრი რამ გვაკლდა. რაც მთავარია – ოჯახის მთლიანობა. მამა სულ პატიმარი იყო და ჩვენ დედა გვზრდიდა. ის 17 წლის ყოფილა, როცა პირველად მოხვდა ციხეში, შემდეგ – 25 წლის და მესამედ – უფრო გვიან, როცა მე 3-4 წლის ვიყავი. მახსოვს, კარზე დააკაკუნეს, დედამ კარი გააღო და ორი მედდა შემოვიდა. დედას სთხოვეს გაჰყოლოდა, მას გული წაუვიდა. მიხვდა, რომ რაღაც ცუდი მოხდა. მოხდა ის, რამაც მამა ექვსი წლით დააბრუნა პატიმრობაში. იქ, სადაც მაღალჩინოსნები ქეიფობდნენ, შევიდა და უთხრა, თქვენ აქ ხიზილალას მიირთმევთ, ჩემს ძმაკაცებს კი ციხეში შავი პური ენატრებათო და მაგიდა აუტრიალა. ერთი ამბავი ატყდა და მამა დააპატიმრეს. კომუნისტური წყობის დროს ამას ვინ აპატიებდა. მამა ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო და მისი დაჭერა გაუჭირდათ. შამპანურის ბოთლი ჩაარტყეს, გათიშეს და ისე დაიჭირეს. ის არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო სტრუქტურებს, დაუმორჩილებელი იყო, არ ეთანხმებოდა მიღებულ წესებს, რომ უნდა ემუშავა და ოჯახის სარჩენად თანხა მოეტანა. მას თავისი პრინციპები ჰქონდა, რომელსაც შესწირა საკუთარი თავიც, ოჯახიც და მშობლებიც. ყაზანში სწავლობდა საავიაციოზე, როცა პირველად ციხეში მოხვდა, არაჩვეულებრივი გონებრივი და ფიზიკური მონაცემები ჰქონდა, სპორტსმენი იყო. ბაბუა შეძლებული კაცი გახლდათ და სასწავლებლად თბილისის ნაცვლად ყაზანში გაუშვეს. მოგეხსენებათ, როგორ იყო რუსეთში ფესვგადგმული ქართული კრიმინალური მაფია. მამა ამ ცხოვრებამ ჩაითრია. ის ფიზიკურად იმდენად ძლიერი ყოფილა, 16 წლის ასაკში ცირკის დათვს დასჭიდებია და წაუქცევია. სკოლის პერიოდში, ერთ-ერთ მასწავლებელს მისთვის დერეფანში ხელი გაურტყამს ცელქობის გამო. მამა რომ გაიზარდა, სკოლა დაამთავრა, დახვდა სადღაც ამ მასწავლებელს და ისე უცემია, ძლივს უცნიათ ის კაცი.

– ისე, როგორი ადამიანი იყო?

– თავს იმდენი რამ გადახდა, ფსიქიკა ჰქონდა შეცვლილი. ფხიზელი ძალიან გაწონასწორებული და თბილი იყო. სახლში იკეტებოდა 6-7 თვე და წიგნებს კითხულობდა. ადამიანებს არ ეკონტაქტებოდა, ცოლ-შვილთან ერთად იყო. მაგრამ ამდენი თვის შემდეგ, როგორც კი ერთ ჭიქას დალევდა, იწყებოდა გაუთავებელი სმა, რომელიც ორ თვემდე გრძელდებოდა. ერთი საათითაც კი ვერ ფხიზლდებოდა და ამას მოჰყვებოდა გაუთავებელი ორომტრიალი. მისთვის არ არსებობდა დღე და ღამე, არ არსებობდა დასვენება და მშვიდი მდგომარეობა. ამან გულზე პრობლემები შეუქმნა და ნევროზული მდგომარეობა გაუმწვავდა.

– დედა რას იხსენებს, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს?

– მისი და დედაჩემის მეზობლად გათხოვდა. დედას ძალიან ტრადიციული ოჯახი ჰქონდა, ქორწილში წასულა, მამასთან და ძმასთან ერთად და იცოდა, რომ იქ ზედმეტი სითამამის უფლება არ ჰქონდა, უცხოსთან ვერ იცეკვებდა. მამა მაშინ რუსეთიდან ახალი დაბრუნებული იყო, ქორწილში უნახავს დედა და მოსწონებია. დედა ულამაზესი იყო. ცეკვა შესთავაზა, რა თქმა უნდა, უარი მიიღო და ატყდა ქორწილში ერთი ამბავი – ხაშურისა და გომის ფრონტად იქცა. მაშინ მამას უთქვამს მისთვის, შენ ჩემი მეუღლე გახდებიო. დედა მიმღების ექთანი იყო და მამამ ისე გააკეთა, რომ საავადმყოფოში მასთან მოხვედრილიყო – ვითომ რამე აწუხებდა. მერე მოტაცება გადაწყვიტა.

– დედას რა დამოკიდებულება ჰქონდა?

– არც დედა არის მარტივი ადამიანი. დამოუკიდებლად გაუმკლავდა ძალიან ბევრ სირთულეს. ძალიან რადიკალური ადამიანია, თუ მიაჩნია, რომ მართალია, გამორიცხულია დათმობაზე წავიდეს. მამა რომ ჩვენთან აღარ იყო, მერეც ამბობდა ხოლმე, რომ სხვანაირ კაცთან ვერ იცხოვრებდა. ოჯახში ორივე ლიდერი და პრინციპული აღმოჩნდა. დედა ექიმი ლაბორანტი გახლდათ, საზოგადოებაში მას თავისი ადგილი ჰქონდა. ჟიული შარტავასთან ერთად მუშაობდა, მისი კარიერა სხვა მიმართულებით მიდიოდა, მამას ცხოვრება სულ სხვა იყო. ის სახელმწიფო წყობილების წინააღმდეგ იბრძოდა, „პრისტუპნიკი“ გახლდათ. ამ ცხოვრების მამაკაცს ვერ ეყოლებოდა ცოლი, რომელიც რაიკომში მუშაობდა. ამიტომ დედამ დაანება თავი პოლიტიკურ კარიერას და მუშაობა მხოლოდ საავადმყოფოში განაგრძო. დედასთვის შრომით მოპოვებული სარჩო, სწავლა, ესთეტიკა და ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არ უყვარდა საზოგადოების ის ნაწილი, ვინც მამის სამყაროდან ჩვენთან, სახლში მოდიოდა. მამას ეუბნებოდა, რომ ბავშვებთან არ მოეყვანა ის ხალხი, არ უნდოდა, ცუდი მაგალითით გვეხელმძღვანელა. მამას თავის პრინციპები ჰქონდა, მიაჩნდა, რომ მამაკაცი ერთპიროვნული ლიდერია. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, თანაცხოვრება იდეალური ჰქონდათ. ეს გრძელდებოდა ორი-სამი თვე, დედა მისი გულისთვის საოცრებებს აკეთებდა, მაგრამ საკმარისი იყო, დედას ერთი ხარვეზი დახვედროდა მამას ცხოვრებიდან ან ვინმეს რამე წამოეძახებინა, პრობლემები იწყებოდა. არასდროს მინახავს მათ შორის ლანძღვა-გინება, ცემა-ტყეპა.

– როგორი იყო მამა შვილებთან?

– მამა გეგუთის ციხიდან რომ გამოვიდა, მე ათი წლის ვიყავი. მე და ჩემი და მას ბატონი მამიკოთი მივმართავდით, გაუცხოებულები ვიყავით და გაგიჟდა კაცი. მახსოვს, რამდენიმესაათიანი ვიზიტები ციხეში, იქ ერთი კვირაც გაგვიტარებია მამასთან ერთად. ძალიან საინტერესოდ მახსენდება ის პერიოდი. ნაციხარი წვერიანი კაცი, შავებში ჩაცმული, ტატუებით. იქ ბევრი საინტერესო ადამიანი იყო, რომლებიც ნანობდნენ განვლილ ცხოვრებას და ოჯახისთვის მიყენებულ ზიანს. ძალიან კულტურულები იყვნენ დედასა და ბავშვების მიმართ. ჩვენთან ერთად უწმაწურ სიტყვას არ იტყოდნენ, პატივისცემით გვეპყრობოდნენ. იმდენად ბედნიერი ვიყავი მამაჩემის გვერდით ყოფნით, ციხეში გატარებული დღეებიც სასიამოვნოდ მახსენდება. როცა სასმელზე იყო გადაყოლილი, შვილები მთელი ღამე დავდევდით ნასვამს, რომ სადმე ვინმე არ ეცემა. ვინმესგან ერთი გადაკრული სიტყვა რომ გაეგო, გამორიცხული იყო, ეპატიებინა. გვეშინოდა, კიდევ რამე არ დაეშავებინა და ციხეში არ შებრუნებულიყო, დედაც სულ მის გვერდით იყო.

– გაშორებაზე არ უფიქრია?

– ოფიციალურად გაშორებულები იყვნენ. როცა დედაჩემის მშობლებმა მამაჩემის ცხოვრების წესის შესახებ გაიგეს, იზრუნეს, რომ დედა მას დაშორებოდა, ეს მათი ოჯახის შექმნიდან მალე მოხდა. მიუხედავად ამისა, დედამ ცხრა წელი მამას სახლში დაყო. მამა რომ პატიმარი იყო, დედა მაინც მის სახლში, დედამთილ-მამამთილთან ერთად ცხოვრობდა. მერე ჩვენ ვაბარებდით და ხაშურიდან თბილისში მოვდიოდით. მიხვდა, რომ გავიზარდეთ და შეგვეძლო, გვერდით დავდგომოდით, შეგვეძლო მისი დაცვა და მან საბოლოოდ დაუსვა წერტილი მამასთან ურთიერთობას. მამა გაურბოდა ოჯახურ პასუხისმგებლობებს. ხვდებოდა, რომ როცა სახლში იყო, უფუნქციოდ რჩებოდა, რადგან დედამ მას არასდროს შემოატანინა სახლში არაფერი, რაც არაკანონიერი გზით იყო მოპოვებული.

– ძალიან ძლიერი დედა გყოლია.

– კი. დღესაც ასეა. ახლა 75 წლის არის და იმდენად ძლიერია, გარშემო ყველაფერს წვავს. მას თავისუფლად გამარჯობის თქმას ვერ შეჰბედავენ, ვერ შევლენ მასთან ფამილარულ დამოკიდებულებაში. არ უყვარს, როცა ვინმე კოცნის ან ეხება. არ შევა მეზობელთან, როცა მამაკაცია ოჯახში. ეს ყოველთვის პრობლემას გვიქმნიდა. მე და ჩემს დას არასდროს გვიკოცნია დედისთვის. გასტროლებიდან დაბრუნებულს კარი რომ გამიღია, ემოციებისგან შეიძლება, ეტირა, მაგრამ გადახვევა და კოცნა გამორიცხულია. ყოველთვის ამბობდა, რომ არ არის საჭირო მტლაშა-მტლუში და ზედმეტი ფერებაო. დედა მამას ძალიან დიდხანს ელოდა. ჩვენ გვაკლებდა, საკუთარ თავს აკლებდა იმისთვის, რომ ქმარს არ მოჰკლებოდა რამე, იმისთვის, რომ მის მეუღლეს ციხეში სიგარეტი ჰქონოდა. ძალიან ბევრი გააკეთა მამაჩემისთვის და ბოლოს იმ დონემდე მიიყვანა ამ ყველაფერმა, რომ დედას მამაჩემის სახელის ხსენებაზეც კი ჭინჭრის ციება ემართებოდა. მისი ვიზუალურად დანახვისას კი შესაძლოა, კოლაფსი დამართოდა. ჩვენც უკვე დავიწყეთ მუშაობა, მატერიალურად ფეხზე დავდექით, ცხოვრება შევიცვალეთ და ვეღარ წარმოედგინა, რომ მამასთან ერთად ისევ ის გარემო, ის სამყარო უნდა შემოსულიყო. ოჯახი შეიკრა, ურთიერთობები დათბა – დედა და შვილები ერთად ვიყავით. დავიწყეთ ცეკვა, სიმღერა, ჩავერთეთ სამედიცინო სფეროში... იმდენად სისხლსავსე და წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ცხოვრება, რომ ყველა გაოცებული იყო, როგორ მივაღწიეთ ამ ყველაფერს. გაგვიცნო რაიონმა და ერთი სიტყვით, რადიკალურად შევცვალეთ ჩვენი ცხოვრება. თავის მხრივ; მამაც პრინციპული ადამიანი იყო და ვერც ის შეიცვლებოდა. მან საკუთარ პრინციპებს მთელი ცხოვრება შესწირა. ვიღაცები ასეთი ადამიანების რომანტიზებას ახდენენ და ამიტომაც მიმაჩნია საჭიროდ ამაზე ხმამაღლა საუბარი. მე კარგად ვიცი ამ ადამიანების ცხოვრება როგორ გავლენას ახდენს მათ ოჯახზე, მათ ცოლსა და შვილებზე. მისნაირ ადამიანს თუ ისეთი ცოლი და ოჯახი ჰყავდა, რომ ხელს უწყობდნენ ყველაფერში, მაშინ კი ცხოვრობდნენ ზღაპრულად, მაგრამ რადგან დედა მისას არაფერს იღებდა, ჩვენ გაჭირვებაში ვცხოვრობდით და მამაჩემის სიგარეტის ფულსაც კი დედა უზრუნველყოფდა.

– ამ დროს მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

– აღარ ვურთიერთობდით. მამა დედას შუამავლებს უგზავნიდა შესარიგებლად, მაგრამ დედა ძალიან რადიკალური იყო. 2015 წელს, ბარბარობა დღეს, დაიწვა სოფლის სახლი და მამა იქ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. არავინ იცის, რა მოხდა. გამოძიებაში ჩემი მეგობარი ადვოკატი ჩავრიე, ეჭვები გამიჩნდა. დედას ეშინოდა, რომ მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, შესაძლოა, შურისძიების მიზნით, ჩვენზე მოეტანათ იერიში ამაზე რომ ხმამაღლა დაგვეწყო საუბარი ან გამოძიება. მალე მეგობარმა ადვოკატმა მითხრა, რომ ემუქრებოდნენ, საქმეს ჩამოშორებოდა. მითხრა, რომ ამ საქმეში რაღაც რიგზე ვერ იყო. მამას ბოლო ცამეტი წელი არ დაულევია. ამბობდა, რომ ზიანი, რომელიც საკუთარ ოჯახს მიაყენა მისი მავნე ჩვევების ბრალი იყო და იმდენად უნდოდა დედასთან შერიგება, სასმელზე უარი თქვა. ეზოში ტურნიკი გვაქვს და ყოველ დღე ვარჯიშობდა, კითხულობდა წიგნებს და ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლიდა. ამის შესახებ საერთო ნაცნობები გვეუბნებოდნენ. მაგრამ, ალბათ, მან, ვინც ეს გააკეთა, იფიქრა, რომ მომხდარს ბარბარობა დღეს და სასმელს მიაწერდნენ, მაგრამ არ იცოდა, რომ დიდი ხანი იყო გასული, რაც მამა აღარ სვამდა. ღუმელში ცეცხლს რომ აქრობდა, წინ რკინას უდებდა, რომ ნაკვერცხალი არ გადმოვარდნილიყო, ყველა გვეუბნებოდა, რომ ძალიან ფრთხილი იყო. სახლიც ძალიან უცნაურად არის დამწვარი, მამა კი იატაკის კოჭზე იყო გადაკიდებული. მხოლოდ ტორსი იყო შემორჩენილი, არ იყო კიდურები, არ იყო თავის ქალა, რომელიც საერთოდ ვერ ნახეს. დღემდე არაფერია გარკვეული. რადგან სახლი დამწვარი იყო, მეზობლებმა და ახლობლებმა გადაწყვიტეს, პროცესია ეზოში „პალატკაში“ მიეღოთ. გული მტკივა, რომ ვერც ერთ ძმაკაცთან თუ ახლობელთან ვერ მოიძებნა ერთი ოთახი ამისთვის. ისევ დედამ წამოიყვანა გარდაცვლილი მამა ხაშურში და ჩვენს სახლში დავასვენეთ, დედა სამძიმარს იღებდა. გასვენების დღეს მან შესაწირი არ აიღო. მე წინასწარ ავიღე კონცერტების თანხა, რომ საჭირო ხარჯები დამეფარა. დედამ თქვა, მე არ ვცხოვრობდი მასთან და ფულსაც ვერ ავიღებ, ხალხი იტყვის, რომ დაცილებული მეუღლის გარდაცვალებით ფული იშოვაო.

– როგორი დამოკიდებულება ჰქონდა შენთან – იმედოვნებდა, რომ მის გზას გაჰყვებოდი?

– ჰქონდა ეს მომენტი – ბიჭი მეზრდებაო, გარკვეულ იმედებს ამყარებდა და ამიტომ დედა ცდილობდა, მასთან ერთად არ ვყოფილიყავი. მეც არასოდეს მომწონდა მისი ცხოვრება, ვხედავდი, რაც ხდებოდა და როგორ შეიძლებოდა ეს მომნდომებოდა?! მამა ყველასთვის იდეალი, გადაშლილი წიგნი და ვაჟკაცობის ეტალონი იყო, მაგრამ უკვე გითხარით, მის გამო ჩვენ როგორ გვიწევდა ცხოვრება. ის მამაა ჩემი, ყველაზე მეტად მე განვიცდი, რომ „დაიკარგა“, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მისი ცხოვრება სამაგალითო იყო.

დედაჩემის მამასაც ჰქონდა იმ სამყაროსთან შეხება. დედა ამბობს, რომ მამამ მას ძალიან ბევრი ასწავლა ცხოვრებაზე. დედა რომ დაიბადა, ბაბუა გამოსწორდა, მუშაობა დაიწყო და მეოჯახე კაცი გახდა. ამის გამო ავიწროებდნენ იმ სამყაროს წარმომადგენლები. ბაბუას ჯაბა იოსელიანი ჩაურევია, ძმაკაცები იყვნენ. ამის შემდეგ მას ვეღარავინ ეხებოდა. ბაბუა ეუბნებოდა დედას მამაზე, რომ შეიძლებოდა, ოდესმე ისიც გამოსწორებულიყო და დედაც ყველაფერს აკეთებდა ამისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა დედამ მოახერხა, რომ შვილები მაინც მოეშორებინა ისეთი ცხოვრებისთვის. ჩვენ ვიღაცისთვის მისაბაძი ადამიანები ვართ, ვიღაცისთვის – მოღალატე და მამის უარმყოფელი, ვიღაცისთვის – დედაზე განსაკუთრებულად შეყვარებული შვილები. მსმენია ჩემზე, მამა როგორ მიატოვაო?! მე დედის მიტოვება უფრო არასწორად მიმაჩნდა. ამას ყველას ვერ აუხსნი და ამიტომ არ მიკვირს აზრთა სხვადასხვაობა ჩვენ შესახებ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ სწორად წარვმართეთ ჩვენი ცხოვრება.


თბილისელები 




კომენტარები:

ფართი შოპი