აივ ინფექციის დროული გამოვლენა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი გზაა AHF საქართველოს მოქალაქეთა აივ ინფექციაზე უფასო ტესტირებას აგრძელებს

15 Jul 2021 12:14

შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ტესტირების ცენტრი მოქალაქეთა მომსახურებას შეუფერხებლად ახორციელებს. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, უფასოდ ჩაიტაროს აივ ინფექციაზე სწრაფი და ანონიმური ტესტირება, მიიღოს კონსულტაციები შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ, რეპროდუქციული ჯანრთელობის და კონტრაცეფციის შესახებ. ცენტრში მისულ ნებისმიერ მოქალაქეს, ასევე, უფასოდ გადაეცემა კონდომები.


„კოვიდ 19-ის პანდემიამ ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა მსოფლიო და რა თქმა უნდა, საქართველოც. არაერთი სექტორი მძიმე პირობებში აღმოჩნდა. ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად დიდ კავშირშია საზოგადოებრივი ჯანდაცვა საზოგადოების კეთილდღეობასთან. ნებისმიერი პანდემიის, განსაკუთრებით კი, შიდსის დასამარცხებლად, ერთიანობა და პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანაში, ყოველთვის პრობლემატური იყო აივ-ზე ტესტირების და გამოკვლევის საკითხი. შესაბამისად, კორონავირუსის პანდემია სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა ამ კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის, საქართველოში ინფიცირებულთა დაახლოებით 35%-მა არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. ჩვენი მიზანია, პერმანენტული ტესტირების გზით, აივ ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა და მათი დროული ჩართვა მკურნალობაში, რაც დაეხმარება მათ, გაიხანგრძლივონ სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - აღნიშნავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინო ხეთაგური.


აივ ინფექცია/შიდსი გლობალური გამოწვევაა. ის შეიძლება დაემართოს ყველას, განურჩევლად  სქესის, ასაკის, ეროვნებისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. გახსოვდეთ, რომ აივ ტესტირების ჩატარება აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ:

  • ერთხელ მაინც გქონიათ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი;
  • თქვენი პარტნიორი აივ ინფიცირებულია;
  • მოიხმართ ან წარსულში მოიხმარდით ინექციურ ნარკოტიკს;
  • გაქვთ  პირსინგი ან ტატუ;
  • ხშირად იტარებთ სამედიცინო მანიპულაცებს.


ნებისმიერ საქართველოს  მოქალაქეს აივ ინფექციაზე უფასო და ანონიმური ტესტირების ჩასატარებლად და უფასო კონდომების მისაღებად, შეუძლია მიმართოს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ტესტირების ცენტრს, მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37დ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ფონდის ფეისბუქის გვერდი  https://www.facebook.com/ahfgeorgia   ან ვებგვერდი https://freehivtest-ge.org/ge/





კომენტარები:

ფართი შოპი